ძველი აღთქმა

იობი

თავი ოცდამეთვრამეტე

1. მიუგო უფალმა იობს გრიგალიდან და უთხრა:

2. ვინ არის, რომ აბნელებს განგებას უგუნური სიტყვებით?

3. წელი შემოისარტყლე, მეომარივით, მე შეგეკითხები და შენ მიპასუხე:

4. სად იყავი, როცა დედამიწას ვაფუძნებდი? ამიხსენი, თუ გაქვს გაგება.

5. ვინ დასაზღვრა მისი ზომები, თუ იცი? მასზე ბაწარი ვინ გადაჭიმა?

6. რაზე დგას მისი საძირკვლები ან ვინ დადო მისი ქვაკუთხედი,

7. როცა გალობდნენ დილის ვარსკვლავები და ყიჟინობდნენ ღვთისშვილები?

8. ვინ ჩაუკეტა ზღვას კარიბჭენი, როცა საშოდან ამოხეთქა,

9. როცა ნისლი მივეცი სამოსელად და წყვდიადი - სახვევებად,

10. როცა დავუდგინე ჩემი წესი და დავუტანე ურდული და კარიბჭენი -

11. და ვთქვი, აქამდე მოდი, იქით აღარ, აქ შეწყდეს შენი ტალღების აზვირთება-მეთქი?

12. თუ გიბრძანებია შენს სიცოცხლეში დილისათვის, თუ გიჩვენებია ცისკრისათვის მისი ადგილი,

13. რომ ეპყრა ქვეყნის კიდეები და ბოროტეულნი განეფერთხა მისგან?

14. გადაიქცევა საბეჭდავ თიხად და სამოსელივით აჭრელდება,

15. წაერთმევა ბოროტეულთ მათი ნათელი და აღმართული მკლავი შეიმუსრება.

16. თუ ჩაგიღწევია ზღვის წყაროებამდე? თუ გივლია უფსკრულის სიღრმეებში?

17. თუ გაღებულა შენს წინაშე სიკვდილის კარიბჭენი და შავეთის კარიბჭენი თუ გინახავს?

18. თუ განგიცდია დედამიწის სიგრძე და განი? მითხარი, თუ იცი ეს ყველაფერი?

19. სად არის გზა ნათლის სამყოფელისკენ და სად არის ბნელეთის ადგილი,

20. რომ დაიჭირო თავის საზღვართან და მიაგნო მისი სახლის ბილიკებს?

21. თუ იცოდი, რომ ოდესმე დაიბადებოდი და მრავალჟამიერი იქნებოდი?

22. თუ შეგიღწევია თოვლის საგანძურში და სეტყვის საგანძური თუ გინახავს,

23. რომელსაც ვიმარაგებ ძნელბედობისთვის, ომისა და ბრძოლის დღისათვის?

24. რა გზით ნაწილდება ნათელი, როგორ ვრცელდება აღმოსავლეთის ქარი დედამიწაზე?

25. ვინ გაუხსნა ნიაღვარს სადინარი და გზა - ჭექა-ქუხილს,

26. რომ აწვიმოს უკაცრიელ მიწაზე, უდაბნოში, სადაც ადამიანი არ ჭაჭანებს,

27. რომ მორწყას უდაბური ხრიოკები და აღმოაცენოს მწვანე ბალახი?

28. თუ ჰყავს წვიმას მამა ან ვინ დაბადა ნამის წვეთები?

29. ვისი საშოდან გამოვიდა ყინული და ციური ჭირხლი ვინ დაბადა,

30. როცა ქვასავით მკვრივდება წყალი და იკვრის უფსკრულის ზედაპირი?

31. თუ შეკრავ ხომლის საბელებს ან ორიონის საკვრელებს თუ გახსნი?

32. თუ ამოიყვან ზოდიებს თავ-თავის დროზე და დიდ დათვს თავისი ბელებითურთ თუ წარუძღვები?

33. თუ იცი ცათა კანონები ან თუ დაადგენ მის წესს ქვეყანაზე?

34. ღრუბლებს თუ მიუწვდენ ხმას, რომ დაგფაროს წყლის თქეშმა?

35. თუ დაიბარებ ელვას, რომ მოვიდეს და გითხრას: აქა ვარო!

36. ვინ ჩადო გულში სიბრძნე ან ვინ მისცა გონებას გამჭრიახობა?

37. ვინ დათვლის ღრუბლებს სიბრძნით და ცის კოლოტებს ვინ გადმოცლის,

38. როცა შედუღებულია მიწა და კოლბოხები ერთმანეთს ეწებება?

39. ლომს შენ უნადირებ მსხვერპლს, შენ უკლავ შიმშილს ლომის ბოკვერებს,

40. როცა ბუნაგებში განაბულან, როცა წვანან თავიანთ საფარში?

41. საზრდოს ვინ უმზადებს ყორანს, როცა მისი ბახალები ღმერთს შესჩხავიან და მშივრები დაბორიალობენ?