ძველი აღთქმა

იობი

თავი ოცდამეცხრამეტე

1. თუ იცი ჯიხვთა დაბადების ჟამი? ფურირმის მყვირალობა თუ შეგინიშნავს?

2. თუ დაგითვლია მისი მაკეობის თვეები? ან თუ იცი ჟამი მოგებისა?

3. ჩაიმუხლებენ, გამოაგდებენ ნაშიერთ, უამდებათ შობის ტკივილები.

4. მაგრდებიან მათი შვილები, იზრდებიან ტრიალ მინდორზე, იფანტებიან და უკან აღარ უბრუნდებიან.

5. ვინ გაუშვა ნებაზე კანჯარი და ველურ ვირს საბელი ვინ გაუხსნა,

6. რომელსაც უდაბნო მივეცი სახლად და სამყოფლად - მლაშობი?

7. ქალაქის ხმაურს არად აგდებს და გამრეკის შეძახილებს არ უსმენს.

8. მთებზე საძოვრად დაეხეტება და ყოველგვარ სიმწვანეს დაეძებს.

9. თუ ისურვებს მარტორქა შენს სამსახურს? შენს ბაგებთან თუ დაიღამებს?

10. ბაწრით თუ დააკავებ მარტორქას ხნულთან? თუ დაგიფარცხავს ნახნავებს შენს უკან?

11. თუ დაენდობი მის ძლიერებას და შენს საშრომელს თუ მიანდობ?

12. თუ გექნება იმედი, რომ თესლს დაგიბრუნებს და კალოზე დაგიხვავებს?

13. ხალისობენ სირაქლემას ფრთები, მაგრამ სიყვარულის ნაკრეტენი და ბუმბულია ისინი?

14. რადგან მიწაზე დებს თავის კვერცხებს და ქვიშაში ათბობს მათ;

15. ავიწყდება, რომ ფეხით გაიჭეჭყება და ველის მხეცი გათელავს მას.

16. სასტიკად ექცევა თავის ბარტყებს, თითქოს მისები არ ყოფილიყვნენ; ამაოა მისი გარჯა სიფრთხილის გარეშე;

17. რადგან ღმერთმა დაუკავა მას ჭკუა და წილად არ არგუნა გონება;

18. რაჟამს შეიმართება გასაფრენად, დასცინის ცხენსა და მხედარს.

19. შენ ახტუნებ კალიასავით? მისი დიდებული ჭიხვინი ზარდამცემია!

21. მიწას თხრის ველზე და ხარობს, ძლიერი ჭენებით მახვილს ეგებება.

22. შიშს დასცინის, არ ფრთხება და მახვილისგან პირს არ აბრუნებს;

23. მის თავზე ჟღრიალებს კაპარჭი, ელავს შუბისწვერი და ჰოროლი.

24. გრიალ-დგანდგარში ყლაპავს მიწას და ბუკის ხმა ვერ აკავებს;

25. ბუკის ცემაზე, იტყვის: აჰა! და შორითვე იყნოსავს ბრძოლას, სარდლის შეძახილებს და ყიჟინას.

26. შენს ჭკუაზე ნავარდობს ქორი და სამხრეთისკენ მიფრინავს ფრთაგაშლილი?

27. შენს ბრძანებაზე აღმაფრენს არწივი და იკეთებს მაღლა თავის ბუდეს?

28. კლდეზე სახლობს და ათევს ღამეს, კლდის ქიმია მისი ციხე-სიმაგრე;

29. იქიდან ეძებს საკვებს, შორიდანვე ჭვრეტს მისი თვალი;

30. მისი მართვენი სისხლს ხვრეპენ და სადაც ლეშია, იქ გაჩნდება.