1. მიუგო ელიფაზ თემანელმა და უთხრა:
2. რომ ვცადოთ შენთან ლაპარაკი, ვაითუ დაგიმძიმდეს სატკივარი. მაგრამ ვის ძალუძს დადუმება?
3. შენ ხომ ბევრს არიგებდი ჭკუას და დაუძლურებულ მკლავებს განამტკიცებდი,
4. წაქცეულს ფეხზე აყენებდი შენი სიტყვით და ჩაკეცილ მუხლებს აღონიერებდი.
5. ახლა შენ დაგიდგა ჯერი და ილაჯი გაგიწყდა; შენ გეწია და შეძრწუნდი!
6. განა მოშიშება არ გქონდა სასოდ? განა შენი სიალალის იმედი არ გქონდა?
7. გაიხსენე, თუ ვინმე დაღუპულა უდანაშაულო, მართალნი თუ ამომწყდარან?
8. როგორც მინახავს, სიავის მხვნელნი და სიცრუის მთესველნი მასვე მოიმკიან.
9. უფლის სუნთქვაზე დაიღუპებიან და მისი რისხვის ქარზე გაწყდებიან.
10. ლომის ღრიალი მიწყდება და მხეცის კბილები შეიმუსრება;
11. ლომი უნადავლოდ დაიღუპება, ძუ ლომის ბოკვერნი გაიფანტებიან;
12. იდუმალ მომეპარა სიტყვა და ჩურჩული ჩამესმა ყურში;
13. ღამეულ ჩვენებებში ფიქრების დროს, როცა ძილბურანს მიაქვს კაცი,
14. შიშმა შემიპყრო და ყოველი ძვალი ჩემი შეაძრწუნა;
15. წინ ჩამიქროლა სულმა და ტანზე თმები ამებურძგლა.
16. შედგა, მაგრამ ვერ გავარჩიე მისი სახე, რაღაც ხატება იყო ჩემ თვალწინ, დუმილი და, აჰა, მერე ხმა გავიგონე:
17. ღმერთზე მართალია ადამიანი? თავის შემქმნელზე წმიდაა კაცი?
18. აჰა, თავის ყმებში შეაქვს ეჭვი და თავის ანგელოზებშიც კი პოულობს ნაკლს!
19. რაღა ითქმის თიხის სახლებში მცხოვრებლებზე, მტვერში რომ უდგათ საფუძველი? მღილებზე უმალ რომ იჭყლიტებიან?
20. დილასა და მწუხრს შორის რომ იღუპებიან, სამარადისოდ ქრებიან უსახელოდ?
21. აჰა, გაწყდება მათი სიცოცხლის ძაფი და უაზროდ დაიხოცებიან.