ძველი აღთქმა

იობი

თავი მეორმოცე

1. მიუგო უფალმა იობს და უთხრა:

2. რას ედავება ყოვლადძლიერს შარიანი კაცი? ღვთის მამხილებელი ამაზე პასუხს აგებს.

3. მიუგო იობმა უფალს და უთხრა:

4. აჰა, ნამცეცი ვარ, რა გიპასუხო? პირზე მაქვს ხელი მიდებული.

5. ერთხელ ვთქვი და მეტს აღარ ვიტყვი, მეორეჯერაც და - დავდუმდები.

6. მიუგო უფალმა იობს გრიგალიდან და უთხრა:

7. შემოისარტყლე წელი მამაკაცურად, შეგეკითხები და გამაგებინე:

8. გინდა გააუქმო ჩემი სამართალი, გამამტყუნო, რომ თავად გამართლდე?

9. იქნებ ღვთისდარი მკლავი გაქვს და მისი ხმით გრგვინვა შეგიძლია?

10. აბა, შეიმკე დიდებით და სიდიადით! აბა, შეიმოსე ნათელი და შარავანდი!

11. აბა, გადმოაფრქვიე შენი რისხვის ცეცხლი! დახედე განდიდებულს და დააკნინე!

12. დახედე განდიდებულს და დაამდაბლე, ადგილზევე გააცამტვერე ბოროტეულნი!

13. მტვერში ჩამარხე ერთიანად და შავეთში მობურე მათი პირისახე.

14. მაშინ მეც დაგიჯერებ, რომ შენს მარჯვენას ძალუძს შენი გადარჩენა.

15. აჰა, ბეჰემოთი, შენთან ერთად რომ შევქმენი, ჭამს ხარივით ბალახს.

16. აჰა, ძალა მისი მის წელშია, მისი სიმაგრე - მუცლის კუნთებშია;

17. ნაძვივით დრეკს თავის კუდს, თეძოების ძარღვები გადაგრეხილი აქვს;

18. მისი ძვლები სპილენძის მილებია, მისი სახსრები - რკინის წნელები;

19. ის პირველია ღვთის ქმნილებებში, მხოლოდ მისი გამჩენი თუ დაჰკრავს მახვილს;

20. მთები აძლევს მას საზრდოს და ველის ყოველი მხეცი იქ ერთობა.

21. ლაქაშებში წვება, ლერწმის საფარში და ჭაობებში;

22. ლაქაშები ჩრდილს აფენს მას, ღელის ძეწნები გარს ახვევია;

23. აჰა, ბობოქრობს მდინარე, ის კი არ ფრთხება, მშვიდად არის, თუნდაც იორდანე მიეღვაროს პირში.

24. თვალით ვინ დაიჭერს მას, მახით ვინ გაუხვრეტს ცხვირს?

25. თუ ამოათრევ ანკესით ლევიათანს და ბაწრით თუ დაუბამ ენას?

26. ცხვირში თუ გაუყრი კაუჭს და ყბაში ჩანგალს თუ მოსდებ?

27. თუ დაგიწყებს ბევრ ვედრებას ანთუ ტკბილი სიტყვით დაგეუბნება?

28. თუ დაგიდებს აღთქმას ანთუ სამუდამო ყმად გაიხდი?

29. თუ დაუწყებ თამაშს, როგორც ჩიტს რასმე, თუ დააბამ შენი გოგონებისთვის?

30. თუ მოივაჭრებენ მას მოვაჭრენი, თუ დაანაწილებენ ქანაანელთა შორის?

31. თუ დაუფარავ კანს ჰოროლებით და თავს - ბარჯებით?

32. შეახე მას ხელი და გახსოვდეს ბრძოლა, მეტს აღარ ეცდები.