1. აჰა, უმტყუნებს მას იმედი, მის ერთ შეხედვაზე დაეცემა.
2. მის აღძვრას ვერავინ ბედავს თუ მე ვინღა დამიდგება წინ?
3. ვისი რა მმართებს, რომ გადავუხადო? ყველაფერი ჩემია ცისქვეშეთში.
4. არ შევწყვეტ სიტყვას მისი სხეულის ასოებზე, მის ძლიერებაზე და მისი აღნაგობის სილამაზეზე.
5. ვინ გახდის მას ზედა სამოსელს? მის ორ ყბას შუა ვინ შეაღწევს?
6. მისი პირისახის კარს ვინ გააღებს? მის კბილთა ირგვლივ საშინელებაა!
7. მისი ზურგი დელამფართა წყებაა, მჭიდრო ბეჭდებით შეკრული;
8. ერთი მეორეზეა მიჯრილი და ქარი არ ატანს მათ შორის;
9. ერთმანეთს შეეწებნენ, შედუღდნენ და აღარ სცილდებიან;
10. მისი დამცხიკვება შუქს აფრქვევს, მისი თვალები განთიადის წამწამებია;
11. მისი პირიდან მაშხალები გამოდის, ცეცხლის ნაკვერჩხლები ცვივიან;
12. ნესტოებიდან კვამლს უტევებს, როგორც მდუღარე ქვაბი, როგორც ნახანძრალი ლერწამი;
13. მისი სუნთქვა მუგუზლებს აღვივებს და მისი პირიდან ალი გამოდის;
14. მის ქედზე ძალაა დავანებული და მის წინაშე როკავს შიში;
15. ხორცის ნაკვთები მისი შენივთულია ერთმანეთთან, მკვრივად აფენია, შეუძვრელად;
16. ქვასავით მკვრივია მისი გული, მკვრივია ქვედა დოლაბივით.
17. წამოიმართება და ფრთხებიან ძლიერნი, თავზარდაცემისგან გონს კარგავენ;
18. მახვილი ვერ უძლებს მას, ვერც შუბი, ვერც ჰოროლი, ვერც ჯავშანი;
19. რკინა ჩალად უჩანს და ფუტურო ხედ - რვალი;
20. ვერ გააქცევს მას მშვილდის ნასხლეტი, თივის ბულულია მისთვის შურდულის ქვები;
21. ბზედ უჩანს ლახტი და ლახვრის შხუილზე ეღიმება;
22. წამახული ქვები აქვს მუცლის ქვეშ, განრთხმულია კევრივით ჭონჭყოში;
23. ქვაბივით ადუღებს უფსკრულს, ზღვას საცხებლის კოჭობად აქცევს;
24. თავის უკან ასხივებს ბილიკს, ჭაღარად ჩნდება ზღვის მორევი;
25. არ არის მიწაზე მისი მსგავსი, უშიშრად არის გაჩენილი;
26. ყოველი მაღლის მჭვრეტელია, მეფობს ყოველ ამპარტავანზე.