1. მიუგო იობმა უფალს და უთხრა:
2. ვიცი, რომ ყოვლისშემძლე ხარ და არცერთი განზრახვა შენი არ დაბრკოლდება.
3. ვინ არის რომ მალავს რჩევას უგუნურებით? რადგან ვლაპარაკობდი და არაფერი გამეგებოდა, ჩემთვის საკვირველზე, და ვერაფერს ვხვდებოდი.
4. მომისმინე, მე ვიტყვი, შეგეკითხები და მაცოდინე.
5. ყურმოკვრით მსმენია შენზე, ახლა კი ჩემი თვალით გიხილე.
6. ამიტომაც ვკიცხავ ჩემს თავს და ვინანიებ მტვერშა და ნაცარში.
7. მას შემდეგ, რაც წარმოთქვა უფალმა ეს სიტყვები იობის მიმართ, უთხრა უფალმა ელიფაზ თემანელს: აინთო ჩემი რისხვა შენ მიმართ და შენი ორი მეგობრის მიმართ, რადგან ჩემი მორჩილი იობივით გულწრფელად არ ილაპარაკეთ ჩემზე.
8. ახლა წაიყვანეთ შვიდი ხარი და შვიდი ცხვარი და მიდით ჩემს მორჩილ იობთან, აღავლინეთ აღსავლენი თქვენს საოხად და ჩემი მორჩილი იობი ილოცებს თქვენთვის, რადგან შევიწყნარებ მას და ავად არ მოგექცევით, რომ ჩემი მორჩილი იობივით წრფელად არ მელაპარაკეთ.
9. წავიდნენ ელიფაზ თემანელი, ბილდად ხუშელი და ცოფარ ნაყამათელი და ისე მოიქცნენ, როგორც უთხრა მათ უფალმა. და შეიწყნარა უფალმა იობი.
10. და აღუდგინა უფალმა იობს მისი დოვლათი, როცა ილოცა იობმა თავისი მეგობრებისთვის. ერთი იმდენი მიუმატა უფალმა იობის საბადებელს!
11. მივიდნენ მასთან მისი ძმები და დები, მისი ძველი ნაცნობები და ჭამეს მასთან ერთად პური მის სახლში; მიუსამძიმრეს და ანუგეშეს ყველა იმ განსაცდელის გამო, რაც უფალმა მოუვლინა მას. თითოეულმა მისცა მას თითო კესიტა და თითო ოქროს ბეჭედი.
12. უკურთხა უფალმა იობს დარჩენილი დღეები წინანდელზე უფრო მეტად: ჰყავდა თოთხმეტი ათასი ცხვარი, ექვსი ათასი აქლემი, ათასი უღელი ხარი და ათასი სახედარი.
13. ჰყავდა შვიდი ვაჟი და სამი ასული.
14. ერთს სახელად დაარქვა იემიმა, მეორეს - კეციყა, მესამეს - კერენ-ჰაფუქი.
15. არ მოიძებნებოდნენ მთელს ქვეყანაზე იობის ასულებისთანა ლამაზი ქალები, და მამამ მისცა მათ სამკვიდრო მათ ძმებს შორის.
16. იცოცხლა ამის შემდეგ იობმა ასორმოცი წელი და მოესწრო თავის შვილებს და შვილთაშვილებს მეოთხე თაობაში.
17. მოკვდა იობი მოხუცებული და დღესრული.