ძველი აღთქმა

იობი

თავი მეხუთე

1. შეჰღაღადე, ვინ გიპასუხებს? წმიდათაგანს ვის მიმართავ?

2. უგუნურს ღუპავს ბრაზი, ბრიყვს შური კლავს.

3. მე ვნახე ფესვგადგმული უგუნური და მეყსეულად შევაჩვენე მისი ბინა.

4. შორს არიან მისი შვილები ხსნისაგან, კარიბჭესთან სცემეს მათ და არავინ იყო მშველელი.

5. რასაც მოიმკის, მშიერი შეუჭამს, ეკლებიდანაც კი ააცლიან. მწყურვალი კაცი შთანთქავს მათ დოვლათს.

6. რადგან სატკივარი მტვერიდან არ ამოდის და მიწიდან არ აღმოცენდება სატანჯველი.

7. ადამიანი სატანჯველად იბადება და ნაბერწკლებივით მაღლა მიისწრაფის.

8. ისევ ღმერთს დავეკითხები და ღმერთს მივანდობ ჩემს საქმეს,

9. შემოქმედს სიდიადეთა და გამოუკვლეველ საკვირველებათა, რომელთაც არა აქვს რიცხვი,

10. მაწვიმებელს მიწის პირზე და წყლის გამომგზვნელს ყანების პირზე,

11. რათა მდაბალნი აამაღლოს და დამწუხრებულნი ხსნად აღზევდნენ.

12. ის ფუშავს ცბიერთა ზრახვებს და მათი ხელები ვეღარ ასრულებენ ჩანაფიქრს.

13. ის იჭერს ბრძენკაცებს მათივე ცბიერებით და ხრიკიანთა თათბირი ფუჭი ხდება.

14. დღისით უკუნეთს აწყდებიან და ხელისცეცებით დადიან შუადღისას, როგორც ღამეში.

15. ის იხსნის ღატაკს მახვალისგან, მათი პირიდან და მაგარი ხელიდან.

16. ბეჩავი კაცი იმედით ცოცხლობს, უკეთურება კი პირს მუწავს.

17. აჰა, ნეტარია კაცი, რომელსაც ამხილებს ღმერთი! ყოვლადძლიერის შეგონებას ნუ უკუაგდებ!

18. ის წყლავს და ისევ უხვევს ჭრილობებს, ის ჰგვემს, მაგრამ კურნავს თავისივე ხელით.

19. ექვს განსაცდელში დაგიჭარავს და მეშვიდეგზის ბოროტება არ შეგემთხვევა.

20. შიმშილობის დროს სიკვდილისგან გიხსნის და ომში - მახვილისგან,

21. ენის შოლტს დაემალები და არ შეგეშინდება განადგურებისა, როცა კი მოვა.

22. განადგურებაზე და შიმშილზე გაგეცინება და მიწის მხეცებისა არ შეგეშინდება.

23. რადგან ყანის ქვებთან აღთქმა გექნება და ველის მხეცებთან მშვიდობაში იქნები.

24. დაინახავ, რომ მშვიდობაა შენს კარავში, თვალს მოავლებ შენს საცხოვრებელს და დანაკლისი არ გექნება.

25. დაინახავ, რომ გამრავლდა შენი მოდგმა და მიწის ბალახივითაა შენი ნაშიერი.

26. სისრულით ჩახვალ სამარეში, როგორც პურის ძნა შემოდის თავის დროზე.

27. აი, ეს არის, რაც გამოვიკვლიეთ, ეს ჭეშმარიტებაა! შეისმინე და იცოდე შენთვის!