ძველი აღთქმა

იობი

თავი მერვე

1. მიუგო ბილდად შუხელმა და უთხრა:

2. როდემდე უნდა ლაპარაკობდე ასე? ამოვარდნილი ქარია შენი ბაგის სიტყვები.

3. შეცვლის ღმერთი სამართალს? შეცვლის ყოვლადძლიერი სიმართლეს?

4. შენმა შვილებმა შესცოდეს მას და მანაც ხელში ჩაუგდო ისინი მათსავე დანაშაულს.

5. თუ შენ ღმერთისკენ მიისწრაფი და შეწყალებას ევედრები ყოვლადძლიერს,

6. თუ სუფთა და წრფელი ხარ, ის ახლავე იფხიზლებს შენთვის და შენს უმწიკვლო საცხოვრებელს აღგიდგენს.

7. და თუ შენი დასაბამი მცირე იყო, შენი საბოლოო დიდად გაიზრდება.

8. ერთი შეეკითხე გარდასულ თაობებს და ყურად იღე მამა-პაპის სიბრძნე.

9. (რადგან გუშინდელნი ვართ ჩვენ და არაფერი ვიცით, რადგან ჩრდილია ჩვენი დღეები ამ ქვეყანაზე).

10. განა არ დაგმოძღვრავენ და არ გეტყვიან, და გულიდან არ აღმოუტევებენ სიტყვებს?

11. თუ იზრდება ლერწამი უჭაობოდ? თუ ამოდის შამბნარი უწყლოდ?

12. ვიდრე ნედლია, არ ჭრიან და ყველა ბალახზე ადრე ჭკნება.

13. ასეთი ბოლო აქვს ყველას, ღვთის დამვიწყებელს, და უკეთურის მოლოდინი გაქარწყლდება,

14. მისი სასო წარიკვეთება და მისი იმედი ობობას სახლია;

15. დაენდობა თავის სახლს და ვერ გაუძლებს, მოეჭიდება და ვერ დაიჭერს;

16. ამწვანებულია მზის გულზე და მთელს ბაღზე გადმოშლილი აქვს ტოტები;

17. ქვების გროვაში იხლართება მისი ფესვები, ლოდებს შორის დაუდევს ბინა;

18. თუ ამოგლიჯეს თავისი ადგილიდან, უარყოფს მას, არასოდეს მინახიხარო.

19. აჰა, წარხდა სიხარული მის გზაზე! მიწიდან კი სხვა აღმოცენდება.

20. იცოდე, ღმერთი არ შეიძულებს უმწიკვლოს და ხელს არ აღუპყრობს ბოროტისმოქმედთ!

21. კიდევ აგივსებს პირს ღიმილით და ბაგეებს მხიარული ყიჟინით.

22. შენი მოძულენი სირცხვილს შეიმოსენ და უკეთურთა კარავი განქარდება.