1. მიუგო იობმა და თქვა:
2. ნამდვილად! ვიცი, რომ ასეა. როგორ უნდა ემართლებოდეს ადამიანი ღმერთს?
3. თუ ვინმე გაუმართავს დავას, ათასში ერთზეც კი ვერ გასცემს პასუხს.
4. გულბრძენია და ძალამორჭმული, ვინ გაჯიუტებია მას და მრთელი დარჩენილა?
5. მან შეძრა მთები ისე, რომ არავინ უწყის; მან დაამხო ისინი თავისი რისხვით;
6. მან მოარყია დედამიწა თავისი ადგილიდან და ირხევიან მისი სვეტები;
7. ეტყვის მზეს და არ ამოდის, ვარსკვლავებს ეფარება;
8. მან ერთმა გაშალა ცა და მიაბიჯებს ზღვის ხერხემალზე;
9. მან შექმნა გუთანი, ორიონი და ხომლი და სამხრეთის პალატები,
10. მან შექმნა გამოუკვლეველი დიდებულებანი და ურიცხვი საკვირველებანი.
11. აჰა, გადაივლის ჩემს თავზე და მე ვერ ვხედავ, ჩაივლის და ვერ შევამჩნევ;
12. აჰა, მოიტაცებს და ვინ არის დამკავებელი? ვინ ეტყვის: რას აკეთებ?
13. ღმერთი არ შეაბრუნებს თავის რისხვას, მის ქვეშ ემხობიან რაჰაბის თანამდგომნი.
14. როგორ შევეპასუხო, როგორ შევარჩიო მისთვის სათქმელი?
15. მართალიც რომ ვიყო, არ შევეპასუხები, მხოლოდ შევევედრები ჩემს მსაჯულს.
16. თუ შევღაღადებდი და პასუხს გამცემდა, არ დავიჯერებდი, რომ მან ყურად იღო ჩემი ხმა.
17. გრიგალივით მლეწავს და უმიზეზოდ მიმრავლებს ჭრილობებს;
18. სულს არ მათქმევინებს, არამედ მაძღობს სიმწარით;
19. თუ ძალზე მიდგა, აჰა, ძლიერია! თუ სამართალზე - ვინ მოსთხოვს პასუხს?
20. მართალიც რომ ვიყო, ჩემივე ბაგეები გამამტყუნებენ; უმწიკვლოც რომ ვიყო, გამაშავებენ.
21. უმწიკვლო ვარ, მაგრამ არად ვაგდებ ჩემს თავს: სიცოცხლე მომძულდა.
22. სულერთია, ამიტომაც ვამბობ: უმწიკვლოს და ბოროტს ერთნაირად ღუპავს იგი.
23. როცა კლავს შოლტი ანაზდეულად, უბრალოთა განსაცდელს დასცინის იგი.
24. ქვეყანა ბოროტის ხელშია, ის უფარავს სახეს მის მსაჯულებს; თუ ის არ არის, მაშ ვინღა არის?
25. ჩემი დღეები მორბედის უსწრაფესია, გარბიან, სიკეთე არ უნახავთ;
26. მიქრიან ლერწმის ნავებივით, არწივივით, საკვებისკენ რომ მიისწრაფის.
27. თუ ვიტყვი, მოვეშვები ჩემს ჩივილს, უკუვიყრი მწუხარებას და გავმხნევდები-მეთქი,
28. მაინც მაშინებს ყველა ჩემი სატანჯველი, ვიცი, მაინც არ გამამართლებ.
29. მე გავმტყუნდები! რისთვის უნდა დავშვრე ამაოდ?
30. თუნდაც თოვლის წყალში განვიბანო თავი, თუნდაც ნაცარტუტით გავითეთრო ხელები,
31. მაშინაც კი ორმოში ჩამძირავდი და ჩემსავე სამოსელს შევზიზღდებოდი;
32. რადგან ის ჩემსავით ადამიანი კი არის, რომ პასუხი მივაგო და ერთად წავიდეთ სამსჯავროში.
33. არ არის ჩვენს შორის შუამავალი, რომ ორივეს დაგვადოს თავისი ხელი.
34. გამარიდოს თავის კვერთხი და ნუღარ შემზარავს მისი შიშისზარი!
35. მაშინ ვილაპარაკებდი და არ შემეშინდებოდა მისი, რადგან ასე არა ვარ ჩემს თავთან.