1. მოავლინა უფალმა დიდი თევზი და შთაანთქმევინა იონა. სამი დღე და სამი ღამე დაჰყო იონამ თევზის სტომაქში.
2. ლოცვა აღუვლინა იონამ უფალს, თავის ღმერთს, თევზის სტომაქიდან.
3. თქვა: ჭირში მყოფმა შევღაღადე უფალს და მან ხმა გამცა. ქვესკნელის მუცლიდან შველა ვითხოვე და შენ ისმინე ჩემი ვედრება.
4. როცა ღურღუმელში, ზღვის გულში ჩამაქანე, როცა მორევმა ჩამითრია, თავზე შენი ტალღა და ღვარი გადამდიოდა,
5. ვთქვი: გაგდებული ვარ შენი პირისგან, ნუთუ ოდესმე მეღირსება-მეთქი შენი წმიდა ტაძრის ხილვა?
6. სულამდე მიწია წყალმა, უფსკრულმა მომიცვა, თავზე ლელი შემომეწნა,
7. მთების ფესვებამდე ჩავედი; მიწა სამუდამოდ ჩაირაზა ჩემს უკან, მაგრამ შენ ქვესკნელს გამოსტაცე ჩემი სიცოცხლე, უფალო, ღმერთო ჩემო!
8. როცა სულს ვღაფავდი, ვახსენე უფალი და ჩემმა ვედრებამ შენამდე შეაღწია შენს წმიდა ტაძარში.
9. ამაოებათა მსახურნი ვერ ეღირსებიან წყალობას!
10. მე კი მსხვერპლს შემოგწირავ სამადლობელი სიტყვით; შევასრულებ, რაც აღთქმული მაქვს. უფლისგან არის ხსნა!
11. უბრძანა უფალმა თევზს და მან ხმელეთზე გადმოანთხია იონა.