1. რადგან იმ დღეებში და იმხანად იქნება, რომ დავაბრუნებ დატყვევებულ იუდას და იერუსალიმს.
2. შევკრებ ყველა ხალხს დააჩავიყვან იოშაფატის ველზე; იქ განვსჯი მათ ჩემი ერის გამო, ჩემი სამკვიდრო ისრაელის გამო, რომ გაფანტეს იგი ხალხებს შორის და დაინაწილეს ჩემი ქვეყანა.
3. წილი ჰყარეს ჩემს ერზე, ყმაწვილი მეძავზე გაცვალეს, ყმაწვილქალი ღვინოზე გაყიდეს და სვამდნენ.
4. რა გინდათ ჩემგან, ტვიროსო და ციდონო და ფილისტიმის მხარეებო? სამაგიერო ხომ არ გინდათ მიზღათ? თუ ამას მიპირებთ, ადვილად და მალევე მოვაქცევ თქვენს თავზე თქვენსავე შურისგებას.
5. იმის გამო, რომ ჩემი ვერცხლი და ოქრო გაქვთ წაღებული და თქვენს ტაძრებში გაქვთ შეზიდული ჩემი რჩეული განძეული.
6. იონელებს მიყიდეთ იუდასა და იერუსალიმის შვილები, რომ მოგეშორებინათ ისინი თავიანთ საზღვრებს.
7. აჰა, აღვძრავ მათ იმ ადგილიდან, სადაც გაყიდეთ, და თქვენს თავზე მოვაქცევ თქვენსავე შურისგებას.
8. მივყიდი თქვენს ვაჟებს და ასულებს იუდაელთ და ისინი მიჰყიდიან მათ შებაელებს, შორეულ ხალხს, როგორც ნათქვამი აქვს უფალს.
9. გამოაცხადეთ ეს ამბავი ხალხებში, განემზადეთ ომისთვის, აღძარით გმირები, რომ ფეხზე დადგეს ყველა მეომარი.
10. სახნისებისგან მახვილები გამოჭედეთ, თოხებისაგან - შუბები! უძლურმა თქვას: ძლიერი ვარო!
11. იჩქარეთ, დაიძარით, ხალხებო, ყოველი მხრიდან და შეგროვდით! იქ მიავლინე, უფალო, შენი გმირები!
12. გაიღვიძონ ხალხებმა და მიაშურონ იოშაფატის ველს, რადგან იქ დავჯდები, რომ განვსაჯო ყველა ხალხი, ვინც კი გარშემოა.
13. გაამზადეთ ნამგლები, რადგან მოწეულია სამკალი. წადით, ჩადით, რადგან აივსო საწნახელი, გალიცლიცდა კოდები, რადგან გამრავლდა მათი ბოროტება.
14. ურდოები აწყდებიან განგების ველს, რადგან ახლოვდება უფლის დღე განგების ველზე.
15. მზე და მთვარე დაბნელდება, ვარსკვლავებს წაერთმევათ შუქი.
16. იგრგვინებს უფალი სიონიდან და ხმას გამოსცემს იერუსალიმიდან; შეირყევა ცა და მიწა, მაგრამ უფალი დაიცავს თავის ერს და დაიფარავს ისრაელიანებს.
17. მაშინ მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, სიონზე, ჩემს წმიდა მთაზე, დავანებული; გახდება იერუსალიმი საწმიდარი და ვეღარასოდეს შევა იქ უცხოთესლი.
18. იმ დღეს გადმოჩქეფს მთებიდან შანარი და რძე გადმოიღვრება; წყალი იდინებს იუდას ყოველ ხევში, წყარო გამოვა უფლის სახლიდან და აავსებს შიტიმის ხევს.
19. გაუკაცურდება ეგვიპტე და უდაბნოდ იქცევა ედომი, რადგან ჩაგრავდნენ იუდაელებს: უბრალო სისხლს ღვრიდნენ მათ ქვეყანაში.
20. უკუნისამდე დარჩება იუდა და თაობიდან თაობამდე - იერუსალიმი.
21. ავიღებ მათ სისხლს, ჩემგან აუღებელს, და სიონზე დაივანებს უფალი.