ძველი აღთქმა

ივდითი

თავი პირველი

1. ნაბუქოდონოსორის მეფობის მეთორმეტე წელს, რომელიც მეფობდა აშურელებზე დიდ ქალაქ ნინევეში, არფაქსადის მეფობისას, რომელიც მეფობდა მიდიელებზე ეკბატანაში,

2. და ირგვლივ შემოავლო ეკბატანას გათლილი ქვებისგან ზღუდე სამი წყრთა სისქისა და ექვსი წყრთა სიგრძისა, და ქმნა მისი სიმაღლე სამოცდაათი წყრთა, სიგანე კი - ორმოცდაათი,

3. და აღმართა ასწყრთიანი გოდლები მის კარიბჭეებთან და სამოცწყრთიანი საძირკველი ჩაუყარა,

4. ააშენა მისი კარიბჭენი, სიმაღლით სამოცდაათი წყრთა და სიგანით ორმოცი წყრთა, მისი ძლევამოსილი ლაშქრის გასასვლელად და ფეხოსანთა განსაწყობად,

5. იმხანად ბრძოლა გადაიხადა ნაბუქოდონოსორ მეფემ არფაქსად მეფის წინააღმდეგ დიდ ველზე (ეს არის ველი რეღუს საზღვრებში).

6. მასთან შეიკრიბა მთის ყოველი მცხოვრები და ყველანი, ვინც ცხოვრობდნენ ევფრატის, ტიგროსის და ჰიდასპეს გაყოლებაზე და ველზე, სადაც არიოქი ელიმაელებზე მეფობდა. შეუერთდა ქალდეველთა ლაშქარს მრავალი ტომი.

7. დაუგზავნა აშურის მეფემ, ნაბუქოდონოსორმა, მოციქულები სპარსეთის ყველა მცხოვრებს, დასავლეთის ყველა მცხოვრებს, კილიკიის, დამასკოს, ლიბანისა და ანტილიბანის მცხოვრებთ და ზღვისპირეთის ყველა მცხოვრებს,

8. ქარმელის, გალაადის, ზემო გალილის და ესდრელონის დიდი ველის ხალხებს,

9. ყველას, ვინც იყვნენ სამარიაში და მის გარშემო ქალაქებში, იორდანეს გაღმა იერუსალიმამდე, ბეთანიამდე, ხელუსიამდე, კადეშამდე, ეგვიპტის მდინარემდე, თახაფნეხესამდე, რამსესამდე და მთელ გოშენის ქვეყნამდე,

10. ზემო ტანისისა და მემფისის მისასვლელამდე, ეგვიპტის ყველა მცხოვრებს ეთიოპიის საზღვრებამდე.

11. ყურად არ იღეს ყველა ქვეყნის მცხოვრებლებმა აშურის მეფის, ნაბუქოდონოსორის, სიტყვა და არ შეუერთდნენ მას საბრძოლველად, რადგან არ ეშინოდათ მისი, მათი მოწინააღმდეგე ერთი კაცისა, და ლანძღვა-გინებით გააბრუნეს უკან მისი გაწბილებული მოციქულები.

12. ძლიერ განურისხდა ნაბუქოდონოსორი ყველა იმ ქვეყანას და დაიფიცა თავისი ტახტი და მეფობა, რომ შურს იძიებდა კილიკიის, დამასკოსა და არამის საზღვრებზე, მახვილით მოსრავდა მათ და მოაბის ყოველ მცხოვრებს, ყამონიანებს, ყველა იუდაელსა და ყველა ეგვიპტელს ორი ზღვის საზღვრამდე.

13. მეჩვიდმეტე წელს წაუძღვა იგი თავის ლაშქარს არფაქსად მეფის წინააღმდეგ, სძლია მას ბრძოლაში და უკუაქცია არფაქსადის მთელი ლაშქარი, მთელი მისი მხედრობა და საბრძოლო ეტლები.

14. დაეუფლა მის ქალაქებს, მიაღწია ეკბატანამდე, დაიპყრო ციხე-სიმაგრეები, გაძარცვა მისი ბაზრები და საგინებლად გახადა მისი მშვენიერება.

15. არფაქსადი კი შეიპყრო რეღუს მთებში და თავისი ჰოროლით განგმირა, იმავე დღეს მოუღო ბოლო.

16. გამობრუნდა ნინევეში მათთან ერთად - თავად იგი და მთელი მისი ლაშქარი - მეომართა აურაცხელი სიმრვლე. ისვენებდა და ილხენდა იგი ასოცი დღე თავის ლაშქართან ერთად.