ძველი აღთქმა

ივდითი

თავი მეათე

1. როდესაც შეწყვიტა ღაღადისი ისრაელის ღმერთის მიმართ და გაასრულა ყოველი სათქმელი,

2. წამოდგა ჩოქისგან, უხმო თავის მოახლეს და წავიდა სახლში, სადაც დაჰყო შაბათები და სადღესასწაულო დღეები.

3. გაიხადა ძაძა, რომელიც ეცვა, ქვრივობის სამოსი, დაიბანა ტანი წყლით, იცხო სქელი ნელსაცხებელი, დაივარცხნა თმები, გაიკეთა ზედ თავსაკრავი და ჩაიცვა თავისი სამხიარულო ტანისამოსი, რომელსაც თავისი ქმრის, მენაშეს, სიცოცხლეში იცვამდა.

4. ჩაიცვა ფეხზე სანდლები, გაიკეთა ფარღული და სამაჯურები, ბეჭდები და საყურეები - ყველა თავისი სამკაული - და ძლიერ გაილამაზა თავი, რათა ეცთუნებინა ყოველი კაცის თვალი, ვინც კი შეხედავდა მას.

5. მისცა თავის მოახლეს ღვინის ტიკი და ზეთის ჭურჭელი, გაავსო ხურჯინი ქერის პურით, ჩირით და წმინდა პურით. ჩააწყო მთელი თავისი სანოვაგე და აჰკიდა მას.

6. მივიდნენ ბეთულიას ქალაქის კარიბჭესთან, ნახეს იქ მდგომი ყუზია და ქალაქის უხუცესნი - ხაბრისი და ხარმისი.

7. როგორც კი დაინახეს მათ ივდითი, მისი გადასხვაფერებული გარეგნობა და გამოცვლილი სამოსი, ძლიერ განცვიფრდნენ მისი სილამაზით და უთხრეს:

8. ჩვენი მამა-პაპის ღმერთმა მოგმადლოს შენ და შეგასრულებინოს შენი განზრახვა ისრაელიანთა საამაყოდ და იერუსალიმის ასამაღლებლად.

9. თაყვანისცა ღმერთს ივდითმა და უთხრა მათ: ბრძანეთ, რომ გამიღონ ქალაქის კარიბჭე, რათა გავემართო იმ საქმის აღსასრულებლად, რაზეც მელაპარაკეთ. უბრძანეს ჭაბუკებს გაეღოთ მისთვის კარიბჭე, როგორც მან თქვა.

10. ასეც მოიქცნენ. გავიდა თავად ივდითი და მოახლე მასთან ერთად. ქალაქის კაცები თვალს ადევნებდნენ მას, სანამ მთას გადაივლიდა და ხევში შევიდოდა. ამის შემდეგ აღარ დაუნახავთ იგი.

11. ისინი ხევ-ხევ წავიდნენ და გადაუდგა წინ აშურელთა ყარაული.

12. შეიპყრეს იგი და ჰკითხეს: ვინა ხარ, საიდან მოდიხარ და საით მიდიხარ? უპასუხა: ებრაელთა ასული ვარ და მათ გამოვექეცი, რადგანაც განწირულნი არიან თქვენგან ჩასანთქმელად.

13. მე კი თქვენი ლაშქრის მხედართმთავართან, ოლოფერნესთან, მივდივარ, რათა ვაუწყო მას სინამდვილე და ვუჩვენო გზა, რომლითაც გაემართება იგი და დაიპყრობს მთელ მთიანეთს ისე, რომ ძე ხორციელი არ დაიღუპება მისი ხალხიდან.

14. მისი ნათქვამი რომ მოისმინეს კაცებმა და მის სახეს შეხედეს - განსაცვიფრებლად ლამაზი ჩანდა იგი მათ თვალში - უთხრეს მას:

15. გიხსნია შენი სიცოცხლე, ჩვენი უფლის წინაშე რომ მოგიშურებია. ახლა წამოდი მის კარავში, ჩვენ წაგიყვანთ და ჩაგაბარებთ მის ხელში.

16. როცა წარსდგები მის წინაშე, ნუ შეშინდები, მოახსენე შენი სათქმელი და უთუოდ კეთილად მოგექცევა.

17. გამოარჩიეს თავიანთაგან ასი კაცი, ჩააბარეს მათ იგი თავის მოახლესთან ერთად და ოლოფერნეს კარავში წაიყვანეს.

18. დიდი მღელვარება შეიქნა მთელ ბანაკში, რადგან ყველა კარავს მოედო მისი მოსვლის ამბავი. მოვიდნენ და გარს შემოერტყნენ, ის კი ოლოფერნეს კარვის გარეთ იდგა, სანამ მოახსენებდნენ მასზე.

19. აკვირვებდა მათ ივდითის სილამაზე, აკვირვებდა ისრაელიანთა ამბავი. უთხრა თითოეულმა თავის ახლობელს: როგორ შეიძლება ამ ხალხის არად ჩაგდება რომელსაც ასეთი ქალები ჰყავს? ერთი კაციც არ უნდა გადარჩეს მათგან, თორემ გადარჩენილნი ჭკუაზე შეშლიან მთელ ქვეყანას.

20. გამოვიდნენ ოლოფერნეს მესაწოლენი, ყველა მისი მსახური და შეიყვანეს იგი კარავში.

21. ოლოფერნე თავის საწოლზე ისვენებდა, ჩარდახქვეშ, რომელიც ძოწეულით, ოქროთი, ზურმუხტითა და სხვა ძვირფასი ქვებით იყო შემკული.

22. როცა ივდითზე მოახსენეს, კარვის წინ გამოვიდა იგი, ვერცხლის ჩირაღდნები მოუძღოდა წინ.

23. როცა ივდითი წარსდგა ოლოფერნესა და მისი მსახურების წინაშე, ყველა განცვიფრებული დარჩა მისი სახის სილამაზით. დაემხო ივდითი მის წინაშე და თაყვანი სცა მას. მისმა მორჩილებმა წამოაყენეს იგი.