1. უთხრა მას ოლოფერნემ: დამშვიდდი დედაკაცო, ნუ შეშინდება შენი გული, ბოროტად არავის მოვქცევივარ, ვინც მთელი ქვეყნის მეფის, ნაბუქოდონოსორის, მორჩილება ირჩია.
2. და ახლაც, რომ არ შეურაცხვეყავი შენს ერს, მთაზე რომ სახლობს, ჩემი მახვილი არ აღიმართებოდა მათზე. თავადვე უყვეს თავისთავს ყოველივე.
3. ახლა მომახსენე, რატომ გამოიქეცი მათგან და ჩვენთან მოხვედი. სამშვიდობოს ხარ, დაწყნარდი, იცოცხლებ ამაღამაც და მერეც.
4. არავინ იქნება შენი შეურაცხმყოფელი, პირიქით, კეთილი მოგეგება, როგორც მიეგება ჩემი უფლის, ნაბუქოდონოსორ მეფის, მორჩილთ.
5. მიუგო მას ივდითმა: ისმინე შენი მორჩილის ნათქვამი, ილაპარაკოს შენმა მხევალმა შენს წინაშე და ტყუილს არ მოვახსენებ ჩემს უფალს ამ ღამეს.
6. თუ მიენდობი შენი მხევლის სიტყვებს, შენით აღასრულებს ღმერთი საქმეს და არ გაცუდდება ჩემი უფლის განზრახვა.
7. ცოცხალია მთელი ქვეყნიერების მეფე, ნაბუქოდონოსორი, და ცხოველია მისი ძალაუფლება, რომელმაც მოგავლინა შენ ყოველი სულდგმულის განმგებლად, რომ არა მარტო ადამიანები მორჩილებდნენ მას შენი წყალობით, არამედ ველის მხეცმა, საქონელმა და ცის ფრინველებმაც იცოცხლონ ნაბუქოდონოსორისა და მთელი სახლის მორჩილებაში შენი ძალისხმევით.
8. გვსმენია შენი სიბრძნე და სულის სიმტკიცე. ქვეყანამ იცის, რომ შენ ხარ ერთადერთი კეთილი კაცი მთელ სამეფოში, სიბრძნით ძლიერი და საკვირველი საბრძოლო წყობაში.
9. რაც შეეხება სიტყვას, აქიორმა რომ წარმოთქვა შენს საკრებულოში, მოვისმინეთ მისი ნათქვამი, იგი ხომ შეიწყნარეს ბეთულიას კაცებმა და მათაც აუწყა ყოგელივე, რაც შენთან თქვა.
10. ამიტომაც, უფალო, მბრძანებელო, ნუკი გადახვალ მის სიტყვას, არამედ გულში ჩაიდე, რადგანაც ჭეშმარიტია. ჩვენი მოდგმა არ ისჯება, ვერ სძლევს მათ მახვილი, თუ არ შესცოდეს თავიანთი ღმერთის წინაშე.
11. ახლა კი, რომ არ დამარცხდეს და ამაოდ რომ არ დაშვრეს ჩემი უფალი, სიკვდილი ეწევა მათ, რადგან ცოდვამ მოიცვა ისინი, რითაც განარისხეს თავიანთი ღმერთი, როცა უჯეროდ მოიქცნენ.
12. საჭმელი რომ შემოაკლდათ და მთელი წყალი გაუთავდათ, გადაწყვიტეს თავიანთი პირუტყვის დახოცვა და ყველაფრის ჭამა, რის შეუჭმელობაც ღმერთმა დაუკანონა.
13. გადაუწყვეტიათ, რომ მოიხმარონ შესაწირავი პური და ღვინისა და ზეთის მეათედი, რომელიც წმიდაჰყვეს და განუკუთვნეს მღვდლებს, ჩვენს ღმერთს რომ ემსახურებიან იერუსალიმში, თუმცა მისი ხელის ხლებაც კი ეკრძალება ერისაგანს.
14. იერუსალიმშიც გაგზავნეს ხალხი, რადგან იქაური მცხოვრებლებიც იმასვე სჩადიან, რათა უხუცესთაგან ნებართვა მიიღონ ამაზე.
15. როგორც კი ისინი თანხმობას მიიღებენ და ასევე მოიქცევიან, იმავე დღეს გასანადგურებლად ჩაგიცვივდებიან ხელში.
16. როცა შევიტყვე ყოველივე ეს, მე შენი მორჩილი, გამოვექეცი მათ, ღმერთმა მომავლინა, რათა შენთან ერთად აღვასრულო საქმენი, რომელნიც გააოგნებს მთელ ქვეყანას, როგორც კი მოისმენს ამას.
17. რადგან ღვთისნიერია შენი მორჩილი და დღედაღამ ემსახურება ცის ღმერთს. ახლა კი შენთან დავრჩები, უფალო ჩემო. გავა შენი მორჩილი ყოველ ღამით ხეობაში და შევევედრები ღმერთს და მაუწყებს მე, როდის შესცოდავენ ისინი.
18. როცა დავბრუნდები, შენ შეგატყობინებ და მაშინ გაემართები მთელი შენი ლაშქრით და ვერავინ გაბედავს იმათგან, წინ რომ გადაგიდგეს.
19. შუაგულ იუდაზე გავლით პირდაპირ იერუსალიმში მიგიყვან და მის შუაგულში დავდგამ შენს ტახტს, წაიძეხ მათ, როგორც ცხვრებს, რომელთაც არა ჰყავთ მწყემსი, და ძაღლიც ვერ დაიყეფებს შენს საწინააღმდეგოდ, რადგან ეს ჩემი წინასწარგანჭვრეტის წყალობით გავიგე და მეუწყა და გამოგზავნილი ვარ, რომ შენ შეგატყობინო.
20. მოეწონათ მისი სიტყვები ოლოფერნესა და ყველა მის მსახურს, განცვიფრდნენ მისი სიბრძნით და თქვეს:
21. არ მოიძებნება ქალი ქვეყნის კიდემდე, რომ ასეთი ლამაზი იყოს სახით და სიტყვაგონიერი.
22. უთხრა მას ოლოფერნემ: კარგი ქნა ღმერთმა, შენ რომ მოგავლინა ხალხის წინაშე, რათა ჩვენს ხელებს მოეცეს ძალა, ხოლო ჩემი უფლის შეურაცხმყოფლებს კი დაღუპვა.
23. მშვენიერი ხარ გარეგნობით და სათნო - სიტყვებით, და თუ ისე მოიქცევი, როგორც თქვი, შენი ღმერთი ჩემი ღმერთი გახდება, ნაბუქოდონოსორ მეფის სახლში იცხოვრებ და სახელოვანი იქნები მთელ ქვეყანაზე.