ძველი აღთქმა

ივდითი

თავი მეთორმეტე

1. ბრძანა ოლოფერნემ, შეეყვანათ იგი იქ, სადაც მისი ვერცხლის ჭურჭელი ეწყო. გაეშალათ მისთვის სუფრა მისი კერძეულისგან და მისი ღვინო მიეცათ სასმელად.

2. თქვა ივდითმა: არ შევჭამ ამას, რომ საფრთხე არ მოხდეს, ჩემს საგზალს ვიკმარებ.

3. უთხრა მას ოლოფერნემ, როცა შემოგაკლდება შენი საგზალი, რანაირად მოგაწოდოთ მაგის მსგავსი, რადგან არავინაა ჩვენთან შენი მოდგმისა.

4. მიუგო მას ივდითმა: შენმა სიცოცხლემ, ჩემო ბატონო, არ დახარჯავს შენი მორჩილი ყველაფერს, რაც თან აქვს, ვიდრე არ აღასრულებს უფალი ჩემი ხელით იმას, რაც განზრახული მაქვს.

5. შეიყვანეს იგი ოლოფერნეს მორჩილებმა კარავში და იძინა მან შუაღამემდე. გამთენიისას ადგა

6. და შეუთვალა ოლოფერნეს: ბრძანოს ჩემმა ბატონმა და სალოცავად წასვლის ნება დართოს თავის მორჩილს.

7. უბრძანა ოლოფერნემ მცველებს, არ დაებრკოლებინათ იგი. ასე დაჰყო მან ბანაკში სამი დღე. გადიოდა ღამით ბეთულიას ხეობაში და წყაროს წყალში განიბანებოდა.

8. როცა ამოვიდოდა წყლიდან, შესთხოვდა ისრაელის უფალ ღმერთს, წარემართა მისი გზა უფლის ერის ასამაღლებლად.

9. ბრუნდებოდა განბანილი და კარავში რჩებოდა, სანამ საღამოთი თავის საზრდოს მიიღებდა.

10. მეოთხე დღეს გამართა ოლოფერნემ ლხინი მხოლოდ თავის მორჩილთათვის და სხვას არავის უხმო იმათგან, ვისი მოწვევაც საჭირო იყო.

11. უთხრა ბაგუას, თავის საჭურისს, რომელიც მთელი მისი საბადებლის განმგებელი იყო: მიდი და არწმუნე ის ებრაელი ქალი, შენთან რომ იმყოფება, მოვიდეს და ჩვენთან ერთად ჭამოს და სვას.

12. სამარცხვინოა ჩვენთვის, რომ ასეთი ქალი ისე გავუშვათ, რომ არ დავუახლოვდეთ. თუ ვერ მოვიზიდავთ მას, დაგვცინებს კიდეც.

13. გავიდა ბაგუა ოლოფერნესგან, მივიდა ქალთან და უთხრა: ნუ აყოვნებს მშვენიერი მხევალი ჩემს ბატონთან მისვლას, რათა განდიდებულ იქნას მის წინაშე და სასიხარულოდ სვას ჩვენთან ერთად ღვინო და ისე მოიქცეს დღეს, როგორც იქცევიან აშურელი ქალიშვილები, რომლებიც ნაბუქოდონოსორის სახლში იმყოფებიან.

14. მიუგო მას ივდითმა: ვინ ვარ მე, უარი რომ ვუთხრა ჩემს უფალს. ყველაფერს უმალ გავაკეთებ, რაც მის თვალში უკეთესი იქნება, და სიკვდილის დღემდე სასიხარულოდ დამრჩება ეს.

15. ადგა, მოირთო სამოსითა და ყოველგვარი სადიაცო სამკაულით. გაუძღვა მისი მხევალი და დაუფინა მიწაზე ოლოფერნეს წინ ცხვრის ტყავი, რომელიც ბაგუას გამოართვა ყოველდღიური საჭიროებისათვის, რომ საჭმელის ჭამის დროს მასზე ინახით მჯდარიყო.

16. შევიდა და დაჯდა ივდითი. ოლოფერნეს გული შეუვარდა მასზე, სული აუფორიაქდა და ძლიერ მოუნდა დაუფლებოდა მას. მისი ნახვის დღიდანვე მარჯვე ჟამს ელოდა მის საცთუნებლად.

17. უთხრა მას ოლოფერნემ: სვი და იმხიარულე ჩვენთან ერთად.

18. მიუგო ივდითმა: შევსვამ, უფალო, რადგან ყველაზე მეტად დღეს ამაღლდა ჩემი სიცოცხლე, როგორც არასოდეს ჩემს დღეში.

19. აიღო და ჭამა და სვა მის წინაშე ყველაფერი, რაც მისმა მხევალმა მოუმზადა.

20. გახალისდა ოლოფერნე მისით და უზომოდ ბევრი ღვინო შესვა, თავის დღეში რომ არ დაელია, იმდენი.