ძველი აღთქმა

ივდითი

თავი მეთხუთმეტე

1. ეს რომ გაიგონეს კარვებში მყოფებმა, გაოგდნენ მომხდარი ამბის გამო.

2. შიშმა და ძრწოლამ შეიპყრა ისინი. კაცი არ დარჩა, თავის ახლობელს რომ დალოდებოდა, არამედ დაბნეულები ერთიანად გარბოდნენ ველისკენ და მთებისკენ მიმავალი გზებით.

3. ბეთულიას გარშემო მთაზე დაბანაკებულებიც დაიძრნენ გასაქცევად. მაშინ ისრაელიანები, ყოველი მებრძოლი მათ შორის, დაერივნენ მათ.

4. მოციქულები გაგზავნა ყუზიამ ბეთომასთაიმში, ბებაიში, ქობაში, კოლაში და ისრაელის ყველა კუთხეში იმის სათქმელად, რაც მოხდა, რომ ყველა გამოსულიყო მომხდურთა გასანადგურებლად.

5. ისრაელიანებმა რომ გაიგეს ეს ამბავი, თავს დაესხნენ მათ და გაანადგურეს ისინი ქობამდე. ასევე გამოვიდნენ იერუსალიმელებიც და ყველა მთიელი, რადგან გაიგეს მათი მტრის ბანაკში მომხდარი ამბავი. გალაადელებმა და გალილელებმა გვერდიდან სასტიკად დასცხეს მათ, ვიდრე არ განდევნეს ისინი დამასკომდე და მის საზღვრამდე.

6. ხოლო დარჩენილნი ბეთულიას მკვიდრნი თავს დაესხნენ აშურის ბანაკს, გაძარცვეს იგი და ძლიერ გამდიდრდნენ.

7. თავდასხმებისგან გამობრუნებული ისრაელიანები დაეპატრონენ იმას, რაც დარჩა. მთისა და ბარის დაბა-სოფლებმა დიდძალი ნადავლი ჩაიგდეს ხელში. აურაცხელი იყო მისი რაოდენობა.

8. მოვიდნენ მღვდელმთავარი იოაკიმი და ისრაელიანთა უხუცესობა, იერუსალიმის მკვიდრნი, რათა ენახათ, თუ რა სიკეთე უყო უფალმა ისრაელს, ეხილათ ივდითი და მშვიდობა ეთქვათ მისთვის.

9. მივიდნენ თუ არა მასთან, ერთხმად აკურთხეს და უთხრეს: შენ ხარ დიდება იერუსალიმისა, შენ ხარ სიამაყე ისრაელისა, შენ ხარ სიქადული ჩვენი მოდგმისა!

10. შენი ხელებით აღასრულე ყოველივე ეს, სიკეთე ჰქმენ ისრაელისთვის და წყალობა მოიღო მათზე ღმერთმა. კურთხეულ იყავ ყოვლისმპყრობელი უფლისაგან უკუნისამდე. თქვა მთელმა ერმა: იყოს!

11. ოცდაათი დღის განმავლობაში ძარცვავდა მთელი ერი ბანაკს. ოლოფერნეს კარავი და მთელი ვერცხლეული, საწოლი და ჭურჭელი, მთელი მისი აღჭურვილობა ივდითს მისცეს. მანაც აკრიფა ისინი, აჰკიდა თავის ჯორს, შეაბა ურმები და დატვირთა ისინი.

12. ისრაელის მთელი დედროვანი გამოეფინა მის სანახავად, მადლობა უძღვნეს და ფერხული გაუმართეს მას. აიღო ივდითმა ხელში რტოები და დაურიგა ქალებს, ვინც მასთან იყვნენ.

13. შეიმკეს მათ თავი ზეთისხილის გვირგვინებით მან და ვინც მასთან იყვნენ. როკვით მიდიოდა იგი მთელი ხალხის წინაშე, ქალთა წინამძღოლი, ხოლო ისრაელის ყოველი კაცი თავზე გვირგვინებით და ბაგეებზე გალობით მოჰყევბოდა მას.

14. მაშინ სამადლობელი სიმღერა წამოიწყო ივდითმა მთელი ისრაელის წინაშე და მთელი ერი აჰყვა ამ სადიდებელს.