ძველი აღთქმა

ივდითი

თავი მესამე

1. გაუგზავნეს მას მოციქულები სამშვიდობო სიტყვებით და უთხრეს:

2. აჰა, ჩვენ ნაბუქოდონოსორის, დიდი მეფის მსახურნი, განრთხმულნი ვართ შენს წინაშე, გვიყავი, რაც გენებოს.

3. აჰა, ჩვენი საცხოვრებლები, მთელი ჩვენი მიწა-წყალი, ყანები, ფარები და ნახირი, ფარეხები კარვებითურთ შენს წინაშეა. გამოიყენე, როგორც გენებოს.

4. აჰა, ჩვენი ქალაქები და მათი მკვიდრნი შენი მონები არიან, მოდი და ისე მოექეცი მათ, როგორც შენს თვალებს ეამება.

5. მოვიდნენ კაცები ოლოფერნესთან და აუწყეს მას ეს ყველაფერი.

6. მერე ჩავიდა თავისი ლაშქრითურთ ზღვისპირეთში და დაიკავა მაღლობზე მდგარი ქალაქები, და აიყვანა მათგან რჩეული კაცები თანამებრძოლებად.

7. შეეგებნენ მას ეს ხალხი და მთელი მათი შემოგარენი გვირგვინებით, ფერხულით და ბობღნებით.

8. მან კი დაანგრია ყველა მათი გორაკი და აჩეხა მათი წმინდა ჭალები, რადგან დავალებული ჰქონდა ყველა ღმერთის განადგურება ქვეყანაზე, რათა ყველა ხალხს მხოლოდ ნაბუქოდონოსორისთვის ეცა თაყვანი, ყველა ენასა და ტომს მხოლოდ იგი შეერაცხა ღმერთად.

9. მიადგა ესდრელონს დოთანის მახლობლად, რომელიც იუდას დიდი მთაგრეხილის წინ მდებარეობს,

10. და დაბანაკდნენ გებასა და სკვითთა ქალაქს შორის. ერთი თვე დაჰყო იქ, რათა თავისი ლაშქრისთვის საჭირო მარაგი დაეგროვებინა.