1. ეუწყა ოლოფერნეს, აშურის ლაშქრის მთავარსარდალს, რომ ისრაელიანები გამზადებულნი არიან საბრძოლველად და ჩაკეტილი აქვთ მთის მისადგომები, რომ ზღუდეებით გაამაგრეს მაღალი მთების ყველა მწვერვალი, დაბლობებზე კი დაბრკოლებები მოაწყვეს.
2. ძლიერ განრისხდა იგი და უხმო მოაბის ყველა მთავრს, ყამონის სარდლებს და ზღვისპირეთის გამგებლებს.
3. უთხრა მათ: მაუწყეთ, ქანაანელნო, რა ხალხია, მთაში რომ მოკალათებულა, ვინ არიან, ქალაქებში რომ სახლობენ, შემატყობინეთ მათი ლაშქრის რაოდენობა, რა არის მათი სიმაგრე და ძალა, ვინაა მათი მეფე, მათი ლაშქრის წინამძღოლი?
4. რატომ მაქციეს ზურგი და არ მოვიდნენ ჩემს შესახვედრად ყველა დასავლეთელთან ერთად?
5. მიუგო მას აქიორმა, ყამონიანთა წინამძღოლმა: ისმინოს ჩემმა უფალმა სიტყვა შენი მორჩილის პირიდან და გაუწყებ სიმართლეს იმ ხალხზე, რომელიც მთაზე სახლობს, შენს მახლობლად. არ ამოვა ტყუილი შენი მორჩილის პირიდან.
6. ეს ხალხი ქალდეველთა შთამომავალია.
7. წინათ შუამდინარეთში ცხოვრობდნენ, რადგან არ ისურვეს შედგომოდნენ ღმერთებს თავიანთი მამა-პაპის, რომლებიც ქალდეველთა ქვეყანაში იყვნენ შობილნი.
8. გადაუდგნენ წინაპართა გზას და ცის ღმერთს დაუწყეს თაყვანისცემა, ღმერთს, რომელიც შეიმეცნეს და რომელმაც ჩამოაშორა ისინი თავიანთ ღმერთებს. გაიქცნენ შუამდინარეთში და იქ სახლობდნენ დიდხანს.
9. უთხრა მათმა ღმერთმა, გამოსულიყვნენ თავიანთი საცხოვრისიდან და ქანაანის ქვეყნისკენ წასულიყვნენ. ისინიც დამკვიდრდნენ იქ და მეტისმეტად გამდიდრდნენ ოქრო-ვერცხლითა და ყოველგვარი საქონელით.
10. მერე ეგვიპტეში ჩავიდნენ, რადგანაც შიმშილი ჩამოვარდა ქანაანის ქვეყანაში. იქ სახლობდნენ, სანამ საკვები ჰქონდათ და ისე ძალიან გამრავლდნენ, რომ სათვალავი აღარ ჰქონდა მათ მოდგმას.
11. ეგვიპტის მეფე გადაემტერა მათ. დაჯაბნა ისინი ჯაფითა და აგურის კეთებით, დააბეჩავა ისინი და მონებად აქცია.
12. შეჰღაღადეს მათ თავიანთ ღმერთს და მოისრა მთელი ეგვიპტის ქვეყანა წყლულებით, რომელთა განკურნება შეუძლებელი გახდა. ეგვიპტელებმაც გამოაძევეს ისინი მათი პირისაგან.
13. დააშრო ღმერთმა მეწამული ზღვა მათ წინაშე,
14. წარუძღვა სინასა და კადეშ-ბარნეას გზით და აჰყარა უდაბნოს ყველა მცხოვრები.
15. დასახლდნენ ამორეველთა მიწაზე და თავიანთი ძლიერებით საბოლოოდ გაანადგურეს ხეშბონელები, მიადგნენ იორდანეს და დაიმკვიდრეს მთელი მთიანეთი.
16. აჰყარეს ქანაანელები, ფერიზელები, იებუსელები, შექემელები, ყველა გირგაშეველი და სახლობდნენ იქ მრავალი ხანი.
17. ვიდრე არ შესცოდავდნენ თავიანთ ღმერთს, ყოველივე სიკეთე მათთან იყო, რადგან მათთან იყო უსამართლობის მოძულე ღმერთი.
18. როგორც კი გადაუხვევდნენ მათთვის დაწესებულ გზას, სასტიკად მარცხდებოდნენ უამრავ ბრძოლებში, წარიტყვევნებოდნენ უცხო ქვეყანაში, მისაფუძვლამდე ინგრეოდა მათი ღმერთის ტაძარი და მათ ქალაქებს მტრები იპყრობდნენ.
19. ახლა კი, თავიანთი ღმერთისკენ მიქცეულნი, დაბრუნდნენ იქიდან, სადაც გაფანტულნი იყვნენ, აიღეს იერუსალიმი, სადაც მათი საწმიდარია, და დამკვიდრდნენ მთიანეთში, რადგან უკაცრიელი იყო იგი.
20. ახლა, ხელმწიფევ და ბატონო, თუ რაიმე უმეცრებაა ამ ხალხში, თუ სცოდავენ ღმერთის წინაშე და თუ შევატყობთ, რომ არის მათში ცთუნება, ავიდეთ და შევებრძოლოთ მათ.
21. თუ არ არის დანაშაული ამ ხალხში, უნდა გაეცალოს მათ ჩემი ბატონი. ვაითუ შეეწიოს მათ მათი უფალი. ვაითუ დაიფაროს ისინი მათმა ღმერთმა და სასირცხოდ გავიხადოთ თავი მთელი ქვეყნის თვალში.
22. როცა აქიორმა დაამთავრა ეს სიტყვები, ახმაურდა მთელი ერი, კარვის ირგვლივ რომ იყო შემოკრებილი. ოლოფერნეს დიდებულებმა, ყველა ზღვისპირელმა და მოაბელმა თქვა, ავჩეხოთო იგი,
23. არ შევუშინდებით ისრაელიანებს. ამ ხალხს ბრძოლისთვის არც ძალა აქვს და არც შეძლება.
24. ამიტომაც, თუ ავალთ, შენი ლაშქრის ჩასანთქმელი გახდებიან ყველანი, ხელმწიფევ ოლოფერნე!