ძველი აღთქმა

ივდითი

თავი მეექვსე

1. საჯარეს ირგვლივ შემოკრებილ კაცთა შფოთი რომ მიწყნარდა, ოლოფერნემ, აშურის მთავარსარდალმა, უთხრა აქიორს სხვადასხვა მოდგმის ხალხთა და ყველა მოაბელის წინაშე:

2. ვინა ხართ შენ, აქიორ და ეფრემის მოქირავნენო, რომ წინასწარმეტყველებ ჩვენს შორის, როგორც დღეს და ამბობთ, არ შეებრძოლოთ ისრაელის ტომს, რადგან ღმერთი შეეწევაო მათ. ვინ არის ღმერთი, თუ არა ნაბუქოდონოსორი, იგი მოგვივლენს თავის ძალას და აღგვის მათ პირისაგან მიწისა. ვეღარ დაიხსნის მათ მათი ღმერთი.

3. ჩვენ კი, მისი მორჩილნი, გავანადგურებთ მათ, როგორც ერთ კაცს, და ვეღარ დაუდგებიან წინ ჩვენი მხედრობის ძლიერებას.

4. გადავბუგავთ მათ მათსავე მიწა-წყალზე, მთები გაიჟღინთება მათი სისხლით, მინდვრები აივსება მათი გვამებით და ვეღარ დაგვიდგება წინ მათი ნაფეხურები, არამედ საბოლოოდ დაიღუპებიან, ამბობს მეფე ნაბუქოდონოსორი, მთელი ქვეყნის უფალი და, რაკი ამბობს, არც გაცუდდება მისი ნათქვამი.

5. შენ, კი, აქიორ, ყამონის ქირისკაცო, რომელმაც წარმოთქვი ეს სიტყვები შენი უკეთურების დღეს, ამიერიდან ვეღარ იხილავ ჩემს პირისახეს, ვიდრე შურს არ ვიძიებ ეგვიპტიდან გამოსულ ტომზე.

6. მაშინ კი განგმირავს შენს ფერდებს ჩემი ლაშქრის რკინა და ჩემ მსახურთა მახვილი. მათგან დაჭრილთა გვერდით დაეცემი, როცა უკან გამოვბრუნდები.

7. ჩემი მორჩილნი მიგიყვანენ მთიანეთში და დაგაგდებენ ერთ-ერთი ქალაქის მისადგომთან.

8. არ გეღირსება აღსასრული, ვიდრე მათთან ერთად არ მოგეღება ბოლო.

9. თუ მართლა გულით გჯერა, რომ არ ჩაგვიცვივდებიან ხელში, ნუ დაეცემი მათ. ვთქვი და არცერთი ჩემი სიტყვა არ დაიკარგება.

10. უბრძანა ოლოფერნემ თავის მორჩილთ, მის კარავში რომ იდგნენ, შეეპყროთ აქიორი, წაეყვანათ ბეთულიასთან და ისრაელიანთათვის გადაეცათ.

11. შეიპყრეს იგი მისმა მორჩილებმა და გაიყვანეს ბანაკს გარეთ, ველზე. შუაგულ ველიდან მთიანეთისაკენ გაემართნენ და მიადგნენ წყაროებს, ბეთულიას ქვემოთ რომ არის.

12. როგორც კი შენიშნეს ისინი მთის მწვერვალზე დაშენებული ქალაქის კაცებმა, იარაღი აისხეს და გამოვიდნენ ქალაქიდან. ყველა მოშურდულე კაცი გამაგრდა ქალაქის მისადგომთან და ქვები დაუშინეს მათ.

13. ისინი კი მთას ამოეფარნენ, შებორკეს აქიორი, დააგდეს მთის ძირას და გაბრუნდნენ თავიანთ მბრძანებელთან.

14. თავიანთი ქალაქიდან ჩამოსული ისრაელიანები მივიდნენ აქიორთან და ახსნეს ბორკილები, წაიყვანეს ბეთულიაში და წარუდგინეს თავიანთი ქალაქის მთავრებს.

15. ესენი იყვნენ: ყუზია, მიქას ძე, სიმონის ტომიდან, საბრის ღოთონიელის ძე და ქერქემიშ მალქიელის ძე.

16. შეკრიბეს ქალაქის ყველა უხუცესი. საჯარეს მიაშურა ყველა ჭაბუკმა და ქალმა. დააყენეს აქიორი მთელი ხალხის შუაგულში და გამოჰკითხა ყუზიამ ამბავი.

17. პასუხად აუწყა მათ აქიორმა ოლოფერნეს საჯარეზე ნათქვამი და ის სიტყვები, რაც აშურელ მთავართა შორის თქვა ოლოფერნემ, და როგორი ქედმაღლობით ილაპარაკა ისრაელის სახლზე.

18. დაემხო ხალხი ღვთის თაყვანისცემად, შეჰღაღადეს და თქვეს:

19. უფალო, ღმერთო ცისაო, შეხედე მათ ამპარტავნებას და შეიწყნარე სიმდაბლე ჩვენი მოდგმისა. მოხედე დღეს შენთვის განწმედილთა სახეებს.

20. დაამშვიდეს აქიორი და დიდი მადლობა უძღვნეს.

21. საკრებულოდან ყუზიამ თავის სახლში წაიყვანა იგი და ლხინი გაუმართა უხუცესებს. მთელი ღამის განმავლობაში შეწევნად უხმობდნენ ისინი ისრაელის ღმერთს.