1. აიღეს აარონის შვილებმა - ნადაბმა და აბიჰუმ თავთავისი საცეცხლურები, ჩადეს შიგ ცეცხლი, ზედ საკმეველი დააყარეს და მიიტანეს უფლის წინაშე უცხო ცეცხლი, რაც არ იყო მათთვის ნაბრძანები.
2. გამოვიდა ცეცხლი უფლისაგან და შთანთქა ისინი; დაიხოცნენ უფლის წინაშე.
3. უთხრა მოსემ აარონს: ეს არის, რასაც ამბობდა უფალი: ჩემს ახლობლებში განვიწმიდები და მთელი ერის წინაშე განვიდიდები. დადუმდა აარონი.
4. მოუხმო მოსემ მიბაელს და ელცაფანს, აარონის ბიძის, ყუზიელის შვილებს, და უთხრა: მიდით და საწმიდრიდან ბანაკის გარეთ გაიტანეთ თქვენი სახლიკაცები.
5. მივიდნენ და კვართიანად გაიტანეს ისინი ბანაკის გარეთ, როგორც ბრძანა მოსემ.
6. უთხრა მოსემ აარონს, და მის შვილებს - ელიაზარს და ითამარს: თავს ნუ გაიშიშვლებთ და ტანისამოსს ნუ შემოიგლეჯთ, რომ არ დაიხოცოთ. რომ რისხვა არ დაატყდეს მთელს საზოგადოებას. თქვენმა ძმებმა, მთელმა ისრაელის ხალხმა იტიროს დამწვარი, რაც დასწვა უფალმა.
7. ნუ მოსცილდებით სადღესასწაულო კარვის შესასვლელს, თორემ დაიხოცებით, რადგან საუფლო მირონია თქვენზე. მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ.
8. ელაპარაკა უფალი აარონს და უთხრა:
9. როცა სადღესასწაულო კარავში ხართ შესასვლელი, ნუ დალევთ - ნურც შენ და ნურც შენი შვილები ღვინოს და მათრობელ სასმელს, რომ არ დაიხოცოთ. ეს არის სამარადისო წესი თქვენს თაობებში.
10. რომ გაირჩეს საღვთო და საერო, უწმიდური და განწმედილი,
11. რომ ასწავლოთ ისრაელიანებს ყოველი წესი, რომელიც მოსეს პირით გამოაცხადა უფალმა.
12. უთხრა მოსემ აარონს და მის დარჩენილ შვილებს - ელეაზარს და ითამარს: აიღეთ საძღვნო, რაც უფლის საცეცხლო მსხვერპლს გადარჩა და შეჭამეთ სამსხვერპლოს გვერდით, რადგან წმიდათა წმიდაა იგი.
15. ჭამეთ იგი წმიდა ადგილზე, რადგან ეს შენი და შენი შვილების კერძია უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან, რადგან ასეა ნაბრძანები ჩემთვის.
14. შესარხეველი მკერდი და აღსამართავი ბეჭი ჭამეთ განწმედილ ადგილზე შენც და შენმა შვილებმაც, რადგან ეს არის შენი და შენი შვილების კერძი, რომელიც ისრაელიანთაგან შეწირული სამადლობელი მსხვერპლიდან მოგეცათ.
15. აღსამართავი ბეჭი და შესარხეველი მკერდი საცეცხლო ქონთან ერთად უნდა მიიტანონ, რათა შეარხიონ უფლის წინაშე შესარხეველ მსხვერპლად. ეს იყოს შენთვის და შენი შვილებისთვის სამარადისო არჩივად, როგორც ნაბრძანები აქვს უფალს.
16. ცოდვის გამოსასყიდი თხაც მოითხოვა მოსემ და, აჰა, დაიწვა იგი. განრისხდა მოსე ელეაზარზე და ითამარზე, აარონის გადარჩენილ შვილებზე, და თქვა:
17. რატომ არ შეჭამეთ ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი წმიდა ადგილზე? ეს ხომ წმიდათა წმიდაა და იმისთვის მოგეცათ, რომ გეტვირთათ საზოგადოების შეცოდება და მისთვის შენდობა გამოგეთხოვათ უფლის წინაშე?
18. აჰა, არ ყოფილა შეტანილი მისი სისხლი საკურთხევლის შიგნით. თქვენ უნდა გეჭამათ იგი საკურთხეველში, როგორც მე ვბრძანე.
19. უთხრა აარონმა მოსეს: დღეს შესწირეს მათ ცოდვის გამოსასყიდი და აღსავლენი მსხვერპლი უფლის წინაშე და, აჰა, რა შემემთხვა. რომ შევჭამო, ვაითუ არ მოეწონოს უფალს?
20. მოისმინა მოსემ და მოეწონა.