ძველი აღთქმა

ლევიანნი

თავი მეცამეტე

1. ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს და უთხრა:

2. თუ ვინმეს ტანზე სიმსივნე ან სირსველი ან ლაქა გამოაჩნდება და სხეულის კანზე კეთრის წყლულად გადაიქცევა, იგი აარონ მღვდელს ან ერთ-ერთ მის შვილს, მღვდელთაგანს უნდა მიუყვანონ.

3. გასინჯავს მღვდელი მისი სხეულის კანზე წყლულს და თუ თმა წელულზე გათეთრებული აქვს, წყლულიც ღრმადა აქვს ჩამჯდარი კანში - ეს კეთრის წყლულია. გასინჯავს მას მღვდელი და უწმიდურად სცნობს.

4. თუ წყლული მისი სხეულის კანზე თეთრია, მაგრამ წყლული ღრმად არ არის კანში ჩასული და თმაც არა აქვს გათეთრებული, მღვდელმა შვიდი დღით უნდა ჩაკეტოს დაწყლულებული.

5. გასინჯავს მას მღვდელი მეშვიდე დღეს და თუ წყლული თვალში საცემია, მაგრამ არ გავრცელებულა კანზე, კიდევ შვიდ დღეს უნდა ჩაკეტოს იგი მღვდელმა.

6. მეშვიდე დღეს მღვდელი მეორედ გასინჯავს მას და თუ წყლული გამკრთალებულია და არ გავრცელებულა კანზე, განწმედილად სცნობს მას მღვდელი. ეს სირსველია; ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს და გაწმიდავდება.

7. თუ მას შემდეგ, რაც მღვდელს გასაწმიდავებლად ეჩვენა, სირსველმა კანზე გავრცელება იწყო, მეორედ უნდა ეჩვენოს მღვდელს.

8. გასინჯავს მას მღვდელი და თუ სირსველი გავრცელებულია კანზე, მღვდელმა უწმიდურად უნდა სცნოს იგი. ეს კეთრია.

9. თუ ვინმეს კეთრის წყლული გამოაჩნდება, მღვდელს უნდა მიუყვანონ იგი.

10. გასინჯავს მღვდელი და თუ კანზე სიმსივნე თეთრია, თმაც ამის გამოა გათეთრებული და დაწყლულებული ხორცი ცოცხალია,

11. მისი სხეულის კანზე კეთრი შებერებული ყოფილა. მღვდელი მას უწმიდურად სცნობს და ჩაკეტავს, რადგან უწმიდურია იგი.

12. თუ კეთრი გაეფურჩქნება კანზე და კეთრი დაუფარვს მთელ დაწყლულებულ კანს თავიდან ფეხებამდე, სადამდისაც მღვდლის თვალი გასწვდება.

13. დაინახავს მღვდელი რომ კეთრმა დაუფარა მთელი სხეული, და წყლულს გაწმედილად სცნობს. თუ მთლიანად გათეთრებულია, გაწმედილია იგი.

14. როცა მასზე ცოცხალი ხორცი აღმოჩნდება, უწმიდურია იგი.

15. დაინახავს მღვდელი ცოცხალ ხორცს და უწმიდურად სცნობს მას. ცოცხალი ხორცი უწმიდურია, ეს კეთრია.

16. თუ ცოცხალი ხორცი შეეცვლება და გაუთეთრდება, მღვდელთან უნდა მივიდეს.

17. გასინჯავს მას მღვდელი და თუ წყლული გათეთრებული აქვს, მღვდელი წყლულს განწმედილად სცნობს. განწმედილი იქნება იგი.

18. თუ სხეულზე, კანზე გამოაჩნდება გამონაყარი და მოუშუშდება,

19. გამონაყარის ადგილზე იქნება თეთრი სიმსივნე ან მოთეთრო-მოწითალო ლაქა, მღვდელს უნდა ეჩვენოს.

20. გასინჯავს მას მღვდელი და თუ ეს აღმოჩნდა კანქვეშ და თმაც გათეთრებული აქვს, მღვდელი მას უწმიდურად სცნობს. ეს კეთრის წყლულია, გამონაყარზეა გაფურჩქნული.

21. თუ მღვდელი დაინახავს, რომ თმა გათეთრებული არა აქვს, წყლული კანქვეშ არ არის და მკრთალია, მღვდელმა უნდა ჩაკეტოს იგი შვიდ დღეს.

22. თუ კანზე გავრცელდება, მღვდელმა იგი უწმიდურად უნდა სცნოს. ეს წყლულია.

23. თუ ლაქა თავის ადგილზე დარჩება, არ გავრცელდება, ეს გამონაყარის ანთებაა, მღვდელმა გაწმიდავებულად უნდა სცნოს იგი.

24. თუ სხეულზე, მის კანზე დამწვრობა ექნება და მოშუშების შემდეგ მოთეთრო-მოწითალო ან თეთრი ლაქა დააჩნდება,

25. გასინჯავს მას მღვდელი და თუ ლაქაზე თმა გათერებული აქვს და ლაქა კანშია ჩამჯდარი. ეს კეთრია დამწვარზეა გაფურჩქნული. მღვდელმა იგი უწმიდურად უნდა სცნოს. ეს კეთრის წყლულია.

26. თუ მღვდელი გასინჯავს მას და, აჰა, ლაქაზე თეთრი თმა არა აქვს, ლაქა კანქვეშ არ არის და მკრთალიამ მღვდელმა იგი შვიდ დღეს უნდა ჩაკეტოს.

27. მეშვიდე დღეს მღვდელი გასინჯავს მას და თუ კანზე გავრცელდა, მღვდელი მას უწმიდურად სცნობს. ეს კეთრის წყლულია.

28. თუ ლაქა ადგილზე დარჩა, არ გავრცელდა კანზე და მკრთალია, ეს სიდამწვრის სიმსივნეა. მღვდელმა გაწმიდავებულად უნდა სცნოს იგი, რადგან ეს სიდამწვრის ანთებაა.

29. თუ კაცს ან ქალს თავზე ან ლოყაზე წყლული გამოაჩნდება,

30. გასინჯავს მღვდელი წყლულს და თუ კანქვეშ ღრმად ჩანს, მასზე თმა გაყვითლებულია და შეთხელბული, მღვდელმა ისინი უწმიდურად უნდა სცნოს. ეს მუნია. ეს თავის ან ლოყის კეთრია.

31. თუ მღვდელი გასინჯავს მუნის წყლულს და ის კანქვეშ ღრმად არ ჩანს და შავი თმაც არ არის მასზე, მღვდელმა შვიდი დღით უნდა ჩაკეტოს მუნიანი.

32. მეშვიდე დღეს მღვდელი გასინჯავს წყლულს და თუ მუნი არ არის გავრცელებული, თმაც არ არის მასზე გაყვითლებული და კანქვეშაც ღრმად არ ჩანს,

33. იგი უნდა გაიპარსოს, ოღონდ მუნიანი ადგილი არ უნდა მოპარსონ, მღვდელმა კიდევ შვიდი დღით უნდა ჩაკეტოს მუნიანი.

34. მეშვიდე დღეს მღვდელი გასინჯაავს მუნს; თუ მუნი არ გავრცელებულა, და კანქვეშ ღრმად არ ჩანს, მღვდელმა იგი გაწმიდავებულად უნდა სცნოს. ტანისამოსი გაირეცხოს და გაწმიდავებული იქნება.

35. თუ მუნი გავრცელდება კანზე მისი გაწმიდავების შემდეგ,

36. მღვდელი გასინჯავს მას და, აჰა, მუნი გავრცელებულია კანზე, მღვდელი ნუ დაუწყებს ძებნას გაყვითლებულ თმას: უწმიდურია იგი.

37. თუ მუნი თვალით შესამჩნევია და შავი თმაა მასზე ამოსული, მუნი მორჩენილა, იგი გაწმიდავებულია და მღვდელმა გაწმიდავებულად უნდა სცნოს.

38. როდესაც კაცს ან ქალს სხეულის კანზე ლაქები, თეთრი ლაქები გამოაჩნდება,

39. მღვდელი გასინჯავს და თუ მათი სხეულის კანზე თეთრი ლაქები მკრთალია, ეს სირსველია, კანზე გაფურჩქნული. წმიდაა იგი.

40. როდესაც კაცს თავზე თმა დასცვივდება, იგი ქაჩალია, წმიდაა იგი.

41. თუ წინა მხრიდან გაუშიშვლდება თავი, იგი მელოტია, წმიდაა.

42. თუ ქაჩალ ან მელოტ ადგილზე მოთეთრო-მოწითალო წყლული იქნება, ეს კეთრია, ქაჩალ ან მელოტ ადგილზე გაფურჩქნული.

43. გასინჯავს მას მღვდელი და თუ წყლულის სიმსივნე მოთეთრო-მოწითალო ფერისაა ქაჩალ ან მელოტ ადგილზე, როგორიც სხეულის კანის კეთრია ხოლმე,

44. ეს კაცი კეთროვანია, უწმიდურია. მღვდელმა უწმიდურად უნდა გამოაცხადოს იგი. თავზე აქვს წყლული.

45. დაწყლულებულის ტანისამოსი უნდა დაირღვეს; თავი შიშველი უნდა ჰქონდეს, პირამდე შებურვილი უნდა იყოს და ყვიროდეს: უწმიდური, უწმინდური:

46. რამდენ ხანსაც წყლულია მასზე, იმდენ ხანს იქნება უწმიდური. უწმიდურია იგი. განცალკევებით უნდა ცხოვრობდეს თავისი საცხოვრებელი ბანაკის გარეთ.

47. თუ ტანისამოსზე იქნა კეთრის წყლული, მატყლის ტანისამოსზე, ან სელის ტანისამოსზე,

48. ან მატყლის ან სელის ქსელზე, ან ტყავზე ან ტყავის რომელიმე საგანზე,

49. მომწვანო ან მოწითალო ფერის წყლული ტანისამოსზე ან ტყავზე ან ქსელზე ან ტყავის რაიმე საგანზე იქნება, ეს კეთრის წყლულია და მღვდელს უნდა ეჩვენოს.

50. გასინჯავს მღვდელი წყლულს და შვიდი დღით ჩაკეტავს მას.

51. მეშვიდე დღეს გასინჯავს წყლულს; თუ წყლული გადავიდა ტანისამოსზე ან ქსელზე ან ტყავზე, რაიმე ნივთზე, რაც ტყავისგან არის დამზადებული, ეს გამიზეზებული კეთრია. უწმიდური წყლულია.

52. უნდა დაწვას ტანისამოსი ან მატყლის ან სელის ქსელი. ან ტყავის ნივთი, რომელზეც წყლული იყო; რადგან გამიზეზებული კეთრია იგი; ცეცხლში უნდა დაიწვას.

53. თუ მღვდელი გასინჯავს და, აჰა, წყლული არ გადასულა ტანისამოსზე ან ქსელზე ან ტყავის საგანზე,

54. მღვდელმა უნდა მოაბანინოს ის ადგილი, რაზეც წყლული იყო, და კიდევ შვიდი დღით ჩაკეტოს იგი.

55. გასინჯავს მღვდელი მობანვის შემდეგ წყლულს და თუ წყლულს სახე არ უცვლია და წყლული არ გავრცელებულა, ქსოვილი გაუწმიდურებულია, ცეცხლშა დაწვი; ამოჭმულია მისი წაღმა პირი ან უკუღმა პირი.

56. თუ დაინახავს მღვდელი, რომ წყლული მობანვის შემდეგ გაფერმკრთალდა, ტანისამოსს ან ტყავს ან ქსელს ან მისაქსელს უნდა მოაცილოს იგი.

57. თუ კვლავ გამოჩნდა ტანისამოსზე ან ქსელზე, ან მისაქსელზე, ან ტყავის რაიმე საგანზე, გაფურჩქნული წყლულია; ცეცხლში უნდა დაწვა ყველაფერი, რაზედაც გადავიდა წყლული.

58. ტანისამოსი ან ქსოვილი ან ტყავის რაიმე საგანი, რომელსაც გარეცხავ და წყლული მოეცლება, ხელახლა უნდა გაირეცხოს და გაწმიდავდება.

59. ეს არის რჯული კეთრის წყლულისა მატყლის ან სელის ტანისამოსზე, ან ქსოვილზე ან ტყავის რაიმე ნივთზე უწმიდურობის ან სიწმიდის გამოსაცნობად.