ძველი აღთქმა

ლევიანნი

თავი მეთოთხმეტე

1. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:

2. ეს იყოს რჯული კეთროვანისთვის: როცა გასაწმედია, მღვდელთან უნდა მიიყვანონ.

3. გავა მღვდელი ბანაკს გარეთ და გასინჯავს მღვდელი; თუ კეთროვანს მოურჩა კეთრის წყლული,

4. მოაღებინებს მღვდელი გასაწმიდავებლისთვის ორ ცოცხალ წმიდა ფრინველს, კედარის ხეს, ჭიაფერ ნართს და უსუპს.

5. დააკვლევინებს მღვდელი ერთ ფრინველს თიხის ჭურჭელთან, წყაროს წყალზე.

6. აიღებს ცოცხალ ფრინველს, ნაძვის ტოტს, ძოწეულის ნართს, უსუპს და დაასველებს მათ და ცოცხალ ფრინველს წყაროსთან დაკლული ფრინველის სისხლში.

7. შვიდგზის ასხურებს კეთრისგან განსაწმიდავებელს და გაწმედილად სცნობს მას. ცოცხალ ფრინველს კი მინდორში გაუშვებს.

8. განსაწმიდავებელი გაირეცხავს ტანისამოსს, გაიპარსავს მთელს თმას, წყალში განიბანება და გაწმიდავებული იქნება. ამის მერე ბანაკში შევა და შვიდ დღეს კარვის გარეთ იცხოვრებს.

9. მეშვიდე დღეს მთლიანად მოიპარსავს თავს, წვერს, წარბებს, მოიპარსავს მთელს თმას, გაირეცხავს ტანისამოსს, დაიბანს ტანს წყალში და გაწმიდავებული იქნება.

10. მერვე დღეს აიყვანს ორ საღ მამალ ბატკანს და ერთ, წელგამოვლილ საღ დედალ ბატკანს, აიღებს ეფის სამ მეათედ გამტკიცულ ფქვილს, საძღვნო შესაწირავად - ზეთში შერეულს, და ერთ ლოგ ზეთს.

11. დააყენებს გამწმედელი მღვდელი გასაწმიდავებელ კაცს და ყველაფერს ამას უფლის წინაშე, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.

12. აიყვანს მღვდელი ერთ მამალ ბატკანს და მიიტანს მას დანაშაულის გამოსასყიდად, და ერთ ლოგ ზეთს და შეარხევს მათ უფლის წინაშე.

13. დაკლავს ბატკანს იმ ადგილზე, სადაც იკვლის ცოდვის გამოსასყიდი და აღსავლენი, წმიდა ადგილზე, რადგან როგორც ცოდვის გამოსასყიდი, ასევე დანაშაულის გამოსასყიდიც მღვდელს ეკუთვნის. ეს წმიდათა წმიდაა.

14. აიღებს მღვდელი დანაშაულის გამოსასყიდის სისხლს და სცხებს მღვდელი გასაწმიდავებელს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე.

15. აიღებს მღვდელი ზეთს და დაისხამს მარცხენა ხელისგულზე.

16. ჩააწობს მღვდელი მარჯვენა თითს ზეთში, რომელიც მის მარცხენა ხელისგულზეა და ასხურებს ზეთს თავისი თითიდან შვიდგზის უფლის წინაშე.

17. დანარჩენ ზეთს, რომელიც მის ხელისგულზეა, მღვდელი სცხებს გასაწმიდავებელს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე, სადაც დანაშაულის მსხვერპლის სისხლი სცხია.

18. დანარჩენ ზეთს, რომელიც მღვდელის ხელისგულზეა, თავზე სცხებს გასაწმიდავებელს და შეუნდობს მას უფლის წინაშე.

19. შესწირავს მღვდელი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლს და შეუნდობს გასაწმიდავებელს მის უწმიდურობას. მერე იგი დაკლავს აღსავლენ მსხვერპლს.

20. აიტანს მღვდელი აღსავლენს და საძღვნოს სამსხვერპლოზე. და შეუნდობს გასაწმიდავებელს მღვდელი და გაწმიდავდება იგი.

21. თუ იგი ღარიბია და ხელი არ მიუწვდება, აიყვანოს ერთი ბატკანი, დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლი შესარხევად, რომ შეენდოს, და ეფის მეათედი გამტკიცებული ფქვილი, ზეთში აზელილი საძღვნოდ და ერთი ლოგი ზეთი,

22. ორი გვრიტი ან ორი მტრედის ხუნდი, რაზეც ხელი მიუწვდება, ერთი ცოდვის გამოსასყიდი იქნება, მეორე - აღსავლენი.

23. მიუტანს ამათ თავისი გაწმიდავების მეშვიდე დღეს მღვდელს სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან უფლის წინაშე.

24. აიყვანს მღვდელი დანაშაულის გამოსასყიდ ბატკანს და ერთ ლოგ ზეთს და შეარხევს მათ მღვდელი უფლის წინაშე.

25. დაკლავს დანაშაულის გამოსასყიდ ბატკანს და აიღებს მღვდელი დანაშაულის გამოსასყიდის სისხლს და სცხებს გასაწმიდავებელს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე.

26. ზეთს კი მღვდელი დაიღვრის მარცხენა ხელისგულზე.

27. ასხურებს მღვდელი მარჯვენა ხელის თითით ზეთს, რომელიც მის მარცხენა ხელისგულზეა, შვიდგზის უფლის წინაშე.

28. სცხებს მღვდელი ზეთს, რომელიც მის ხელისგულზეა, გასაწმიდავებელს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე, სადაც დანაშაულის გამოსასყიდის სისხლია.

29. ხელისგულზე დარჩენილ ზეთს მღვდელი სცხებს თავზე გასაწმიდავებელს, რომ შეუნდოს მას უფლის წინაშე.

30. გაამზადებს ერთ-ერთ გვრიტს ან მტრედის ხუნდს, რაზეც ხელი მიუწვდება.

31. ერთს ცოდვის გამოსასყიდად, მეორეს აღსავლენად საძღვნოსთან ერთად და შეუნდობს მღვდელი გასაწმიდავებელს უფლის წინაშე.

32. ასეთია რჯული, თუ ვინმეს კეთრის წყლული გამოაჩნდება ანდა გაწმიდავების დროს ხელი არ მიუწვდება.

33. ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს და უთხრა:

34. როდესაც შეხვალთ ქანაანის ქვეყანაში, რომელსაც სამკვიდრებლად გაძლევთ, და კეთრის წყლულს გავაჩენ თქვენი სამკვიდრებელი ქვეყნის სახლში,

35. მივიდეს, ვისი სახლიც იქნება, მღვდელთან და შეატყობინოს, წყლულივით რაღაც გაჩნდაო ჩემს სახლში.

36. მღვდელი სახლს გამოაცარიელებინებს, ვიდრე წელულის სანახავად მივიდოდეს, რომ არ გაუწმიდურდეს ყველაფერი, რაც სახლშია. მხოლოდ ამის შემდეგ შევა მღვდელი სახლის დასათვალიერებლად.

37. დაათვალიერებს წყლულს და თუ წყლული სახლის კედლებზეა - მომწვანო ან მოწითალო ღრმულები და ჩაღრმავებულად ჩანს კედელზე,

38. მაშინ მღვდელი გამოვა სახლიდან გასასვლელისკენ და შვიდი დღით გამოკეტავს სახლს.

39. მეშვიდე დღეს მღვდელი მობრუნდება და დაათვალიერებს: თუ წყლული მოდებულია სახლის კედლებზე,

40. მღვდელი გამოანგრევინებს ქვებს, რომელზედაც წყლულია და ქალაქის გარეთ, უწმიდურ ადგილზე გადააყრევინებს.

41. სახლი შიგნიდან ირგვლივ უნდა მოფხიკონ და ანაფხეკი ბათქაში ქალაქის გარეთ უწმიდურ ადგილზე უნდა გადაყარონ.

42. აიღონ ახალი ქვები და ჩააწყონ იმ ქვების ნაცვლად, მოიტანონ ახალი ბათქაში და შელესონ სახლი.

43. თუ წყლული ისევ გაჩნდება და აყვავდება სახლში მას შემდეგ, რაც ქვები გამოყარეს, სახლი გაფხიკეს და შელესეს,

44. მღვდელი უნდა მივიდეს და დაათვალიეროს: თუ წყლული მოდებულია სახლში, ეს მწვავე კეთრია. უწმიდურია იგი.

45. უნდა დაანგრიონ სახლი, ქვები, ძელები და სახლის მთელი ბათქაში და ქალაქის გარეთ, უწმიდურ ადგილზე გაიტანონ.

46. თუ ვინმე შევა სახლში მას შემდეგ, რაც გამოკეტილია, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.

47. ვისაც ეძინა ამ სახლში, ტანისამოსი უნდა გაირეცხოს; ვისაც საჭმელი აქვს ნაჭამი სახლში, ტანისამოსი უნდა გაირეცხოს.

48. თუ მღვდელი შევა და ნახავს, რომ წყლული არ არის მოდებული სახლში მისი შელესვის შემდეგ, მღვდელი სახლს განწმედილად ცნობს, რადგან წყლული განკურნებულია.

49. აიღებს სახლის გასაწმიდავებლად ორ ჩიტს, ნაძვის ტოტს, მეწამულ ძაფს და უსუპს.

50. დაკლავს ერთ ჩიტს თიხის ჭურჭელზე, წყაროს წყალთან,

51. აიღებს ნაძვის ტოტს, უსუპს, მეწამულ ძაფს, ცოცხალ ჩიტს და ამოაწებს მათ დაკლული ჩიტის სისხლში და წყაროს წყალში და შვიდგზის ასხურებს სახლს.

52. გააწმიდავებს სახლს ჩიტის სისხლით და წყაროს წყლით, ცოცხალი ჩიტით, ნაძვის ტოტით, უსუპით და მეწამული ძაფით,

53. გაუშვებს ცოცხალ ჩიტს ქალაქის გარეთ, მინდორში. და შეუნდობს სახლს და გაწმიდავდება.

54. ეს არის რჯული კეთრის ყოველგვარი წყლულისა და მუნისა,

55. ტანისამოსზე და სახლზე მოდებული კეთრისა,

56. სიმსივნისა, ქეცისა და ლაქებისა,

57. იმის სასწავლებლად, თუ როდის რა არის გაუწმიდურებული და როდის გაწმიდავებული. ეს არის კეთრის რჯული.