ძველი აღთქმა

ლევიანნი

თავი მეთხუთმეტე

1. ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს და უთხრა:

2. ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: ვისაც სხეულიდან გამონადენი აქვს, უწმიდურია იგი თავისი გამონადენის გამო.

3. ეს იქნება მისი უწმიდურება: სხეულიდან სდის გამონადენი თუ უკავდება სხეულში გამონადენი, ეს მისი უწმიდურებაა.

4. ყოველი საწოლი, სადაც წევს გამონადენიანი, გაუწმიდურებულია; ყოველი ნივთი, რაზეც ზის იგი, გაუწმიდურებულია.

5. ვინც შეეხება მის საწოლს, მან ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში განიბანოს და საღამომდე გაუწმიდურებული იქნება.

6. ვინც დაჯდება ნივთზე, რომელზეც გამონადენიანი იჯდა, მან ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში იბანოს და საღამომდე უწმიდური იქნება.

7. ვინც გამონადენიანის სხეულს შეეხება, მან ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში იბანოს და საღამომდე გაუწმიდურებული იქნება.

8. თუ გამონადენიანი გაწმიდავებულს მიაფურთხებს, ამან ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში იბანოს და საღამომდე გაუწმიდურებული იქნება.

9. ყოველი ურემი, რომელზედაც გამონადენიანი იჯდა, უწმიდურია.

10. ყველა, ვინც კი მიეკარება რაიმესა რაც მის ქვეშ არის, გაუწმიდურებულია საღამომდე; ხოლო მისმა მტვირთველმა ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში იბანოს და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.

11. ყველამ, ვისაც კი გამონადენიანი მიეკარება, და ხელი არ ექნება დაბანილი, ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში იბანოს და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.

12. ყოველი თიხის ჭურჭელი, რომელსაც გამონადენიანი მიეკარება, უნდა დაიმტვრეს, ყოველი ხის ჭურჭელი წყალში უნდა გაირეცხოს.

13. როდესაც გამონადენიანი თავისი უწმიდურობისგან წმიდავდება, შვიდი დღე უნდა იანგარიშოს გასაწმიდავებლად. ტანისამოსს გაირეცხავს, ტანს დაიბანს წყაროს წყალში და გაწმიდავებული იქნება.

14. მეშვიდე დღეს აიყვანს ორ გვრიტს ან ორ მტრედის ხუნდს, მივა უფლის წინაშე, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან და მღვდელს მისცემს მათ.

15. ერთ მათგანს მღვდელი ცოდვის გამოსასყიდად შესწირავს, მეორეს - აღსავლენად და შეუნდობს მას მღვდელი უფლის წინაშე მის გამონადენს.

16. თუ ვინმეს თესლის დენა ექნა, წყალში უნდა დაიბანოს მთელი სხეული და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.

17. ყოველი სამოსელი, სხეულის ყოველი ნაწილი, რაზეც თესლი დაიღვარა, წყალში უნდა განიბანოს და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.

18. თუ ცოლ-ქმარნი დაწვნენ ერთად თესლის დენით, წყალში უნდა იბანონ და გაუწმიდურებულნი იქნებიან საღამომდე.

19. თუ ქალს გამონადენი აქვს, სისხლი სდის სხეულიდან, შვიდ დღეს წიდოვნებაშია, ვინც კი შეეხება მას, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.

20. ყველა, ვინც კი დაწვება მასთან მისი წიდოვნებისას, გაუწმიდურდება; და ყველაფერი, რაზედაც დაჯდება, გაუწმიდურდება.

21. ყველამ, ვინც კი მის საწოლს მიეკარება, ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში იბანოს და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.

22. ყველამ, ვინც კი მიეკარება რაიმე საგანს, რომელზეც იგი იჯდა, ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში იბანოს და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.

23. თუ რამე იდება საწოლზე ან საგანზე, რაზეც ის წევს, და ამას ვინმე შეეხება, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.

24. თუ ქმარი დაწვება მასთან, ქალი კი ამ დროს წიდოვანია, შვიდ დღეს გაუწმიდურებული იქნება; საწოლი, რომელზედაც წევს, ისიც გაუწმიდურებულია.

25. თუ ქალი წიდოვანი არ არის და დიდი ხნის განმავლობაში სდის სისხლი ან გამონადენი აქვს წიდოვანების ვადაზე მეტ ხანს, მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც გამონადენი აქვს, წიდოვნად ჩაითვლება, გაუწმიდურებულია.

26. ყოველი საწოლი, სადაც იგი დაწვება გამონადენობის დროს, უწმიდურია, როგორც წიდოვნობის დროს არის. ყოველი საგანი, რაზეც დაჯდება, გაუწმიდურებული იქნება, როგორც წიდოვნობის დროს არის გაუწმიდურებული.

27. ყველა, ვინც კი მათ მიეკარება, გაუწმიდურებულია. ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში იბანოს და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.

28. როცა სუფთავდება თავისი გამონადენისგან, უნდა გადაითვალოს შვიდი დღე, რის შემდეგაც სუფთა იქნება

29. მერვე დღეს აიყვანოს ორი გვრიტი ან ორი მტრედის ხუნდი და მიუყვანოს ისინი მღვდელს სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.

30. შესწირავს მღვდელი ერთ მათგანს ცოდვის გამოსასყიდად, მეორეს - აღსავლენად და შეუნდობს მას მღვდელი უფლის წინაშე მისი გამონადენის უწმიდურობას.

31. მოარიდეთ ისრაელიანები მათ უწმიდურობას, რომ თავიანთ უწმიდურობაში არ დაიხოცონ და არ გააუწმიდურონ ჩემი სავანე, რომელიც მათ შორის არის.

32. ეს არის რჯული გამონადენიანისა და იმისა, ვისაც თესლის დენა აქვს, და უწმიდურდება.

33. წიდოვანისა და გამონადენიანისა, მამაკაცი იქნება თუ დედაკაცი, და კაცისა, რომელიც გაუწმიდურებულ ქალთან დაწვება.