1. ელაპარაკა უფალი მოსეს აარონის ორი შვილის სიკვდილის შემდეგ, უფლის წინაშე რომ წარდგნენ და დაიხოცნენ.
2. უთხრა უფალმა მოსეს: უთხარი აარონს, შენს ძმას, ყოველ დროს არ შევიდეს საწმიდარში, კრეტსაბმელს იქით, თავსარქველის წინ, რომელიც კიდობანს ახურავს, რათა არ მოკვდეს. რადგან ღრუბელში გამოვჩნდები თავსარქველზე.
3. აი, რით უნდა შევიდეს აარონი საწმიდარში: ხბოთი - ცოდვის გამოსასყიდად და ვერძით - აღსავლენად.
4. სელის წმიდა კვართი უნდა ემოსოს და სელის საწმერთული უნდა ეცვას ტანზე, სელის სარტყელი ერტყას და სელის თავსაბურავი ებუროს - ესენი წმიდა შესამოსლებია. წყალში გაიბანოს ტანი და შეიმოსოს.
5. ისრაელიანთა საზოგადოებიდან აიყვანოს ორი ვაცი ცოდვის გამოსასყიდად და ერთი ვერძი აღსავლენად.
6. შესწიროს აარონმა თავისი ცოდვის გამოსასყიდი ხბო და განიწმიდოს საკუთარი თავი და თავისი სახლი.
7. აიღოს ორი ვაცი და დააყენოს ისინი უფლის წინაშე სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.
8. წილი ჰყაროს აარონმა ამ ორ ვაცზე: ერთი წილი უფლისათვის, მეორე წილი - განტევებისთვის.
9. მიუყვანოს აარონმა უფლის წილხდომილი ვაცი უფალს და შესწიროს ცოდვის გამოსასყიდად.
10. ხოლო ვაცი, რომელსაც განტევებაზე ხვდა წილი, ცოცხლად დაუყენოს უფალს, რათა შეუნდოს მას და გაუშვას განსატევებლად უდაბნოში.
11. მიიყვანოს აარონმა თავისი ცოდვის გამოსასყიდი ხბო და გაწმიდოს საკუთარი თავი და თავისი სახლი და დაკლას თავისი ცოდვის გამოსასყიდი ხბო.
12. აიღოს მოგიზგიზე ნაკვერცხლებით სავსე სასაკმევლე სამსხვერპლოდან, უფლის წინაშე რომ დგას, და სავსე მუჭა დაფხვნილი სურნელოვანი საკმეველი და შეიტანოს კრეტსაბმელის იქით.
13. დადოს საკმეველი ცეცხლზე უფლის წინაშე და დაფარავს საკმევლის კვამლი თავსარქველს, მოწმობას რომ ახურავს, რათა არ მოკვდეს.
14. აიღოს ხბოს სისხლი და თითით ასხუროს თავსარქველს წინა მხრიდან, თავსარქველის წინ კი შვიდგზის ასხუროს სისხლი თითით.
15. დაკლას ხალხის ცოდვის გამოსასყიდი ვაცი და შეიტანოს მისი სისხლი კრეტსაბმელის იქით, და იხმაროს მისი სისხლი, როგორც ხბოს სისხლი იხმარა. დაასხუროს იგი თავსარქველზე და თავსარქველის წინ.
16. განწმედს საწმიდარს ისრაელიანთა უწმიდურობისგან და შეცოდებისგან და ყოველი ცოდვისაგან. ასე უნდა მოიქცეს სადღესასწაულო კარვის მიმართ, რომელიც მათთან არის, მათ უწმიდურობათა შორის.
17. არცერთი კაცი არ უნდა იმყოფებოდეს სადღესასწაულო კარავში, როცა იგი საწმიდარის განსაწმედად არის შესული. განწმედს საკუთარ თავს, თავის სახლს და მთელს ისრაელის კრებულს.
18. გავა სამსხვერპლოსთან, უფლის წინაშე რომ არის, და გაწმედს მას. აიღებს ხბოს სისხლს და ვაცის სისხლს და სამსხვერპლოს რქებზე დადებს ირგვლივ.
19. ასხურებს მას სისხლს თავისი თითით შვიდგზის, გაასუფთავებ!ა და გააწმიდავებს მას ისრაელიანთა უწმიდურობისგან.
20. მორჩება საწმიდარს, სადღესასწაულო კარვის და სამსხვერპლოს განწმედას და მიიყვანს ცოცხალ ვაცს.
21. თავზე დაასხამს ორთავე ხელს აარონი ცოცხალ ვაცს და აღიარებს მასზე ისრაელიანთა ყველა უკეთურებას, ყველა შეცოდებას და ყველა ცოდვას, ატვირთებინებს ვაცს და გაუშვებს უდაბნოში საგანგებო კაცის ხელით.
22. წაიღებს ვაცი ყველა მათ უკეთურებას დასაკარგავისაკენ; გაუშვებს თხას უდაბნოში.
23. შევა აარონი სადღესასწაულო კარავში, გაიხდის სელის შესამოსელებს, რომლებიც შეიმოსა საწმიდარში შესვლის წინ, და იქ დატოვებს მათ,
24. დაიბანს ტანს წყლით წმიდა ადგილას, ჩაიცვამს თავის ტანისამოსს, გამოვა გარეთ და შესწირავს აღსავლენს თავისთვის და აღსავლენს ერისთვის და განწმედს თავის თავს და ერს.
25. ცოდვის გამოსასყიდ ქონს დასწვავს სამსხვერპლოზე.
26. განტევების ვაცის წამყვანმა უნდა გაირეცხოს ტანისამოსი და წყლით დაიბანოს ტანი; მერე შეეძლება ბანაკში შესვლა.
27. ცოდვის გამოსასყიდი ხბო და ცოდვის გამოსასყიდი ვაცი, რომელთა სისხლი განსაწმედელად შეიტანეს საწმიდარში, უნდა წაიღონ ბანაკის გარეთ და ცეცხლში დაწვან მათი ტყავები, ხორცი და განავალი.
28. ვინც მათ დაწვავს, ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, ტანი წყლით უნდა დაიბანოს და მერე შეეძლება კარავში შესვლა.
29. იყოს თქვენთვის სამარადისო წესად: მეშვიდე თვეს, თვის მეათე დღეს დაიმდაბლეთ თავი, არაფერი საქმე აკეთოთ, არც მკვიდრმა და არც მდგმურმა, თქვენთან რომ მდგმურობს.
30. რადგან ამ დღეს შეგენდოთ თქვენ, რომ გაეწმიდავებინეთ ყველა თქვენი ცოდვისგან. უფლის წინაშე უნდა იყოთ განწმედილები.
31. განსვენების შაბათია ეს თქვენთვის და დაიმდაბლეთ თავი. ეს არის სამარადისო წესი.
32. განწმედა უნდა შეასრულოს მღვდელმა, რომელსაც სცხეს ზეთი და რომელსაც აუვსეს ხელი სამღვდლოდ მამამისის ნაცვლად. შეიმოსავს სელის შესამოსლებს, საწესო შესამოსლებს.
33. გაწმედს წმიდათა წმიდას, სადღესასწაულო კარავს და სამსხვერპლოს. შეუნდობს მღვდლებს და მთელი კრებულის ხალხსაც შეუნდობს.
34. იყოს ეს თქვენთვის სამარადისო წესად - რომ შეენდოთ ისრაელიანებს თავიანთი ცოდვები წელიწადში ერთხელ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.