ძველი აღთქმა

ლევიანნი

თავი მეჩვიდმეტე

1. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:

2. ელაპარაკე აარონს, მის შვილებს, მთელს ისრაელობას და უთხარი ეს სიტყვა, რომელიც უფალმა ბრძანა:

3. თუ ვინმე ისრაელიანთაგანი ან ხარს, ან ცხვარს, ან თხას ბანაკში დაკლავს ან ბანაკის გარეთ დაკლავს,

4. სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან არ მიიყვანს, რომ უფლის სავანესთან შესწიროს უფალს, ამ კაცს სისხლი მიეკითხება. მან სისხლი დაღვარა და უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.

5. იმისთვის, რომ მიიყვანონ ისრაელიანებმა საკლავი, რომელსაც ველზე კლავენ, რომ მიუყვანონ მღვდელს სადღესასწაულო კარავთან უფლისათვის და დაუკლან სამადლობელ მსხვერპლად უფალს.

6. დაასხუროს მღვდელმა სისხლი უფლის სამსხვერპლოს სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან და აკმიოს ქონი უფლისათვის კეთილსურნელებად.

7. აღარ დაუკლან საკლავი ვაცებს, რომელთა კვალზეც გარყვნილობენ. ეს ჰქონდეთ სამარადისო წესად თაობიდან თაობაში.

8. უთხარი მათ: თუ ვინმე ისრაელიანი ან ვინმე მდგმური, რომელიც მდგმურობს თქვენთან, შესწირავს აღსავლენს ან საკლავს.

9. და სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან არ მიიტანს უფლისათვის გასამზადებლად, ეს კაცი უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.

10. თუ ვინმე ისრაელიანი ან ვინმე მდგმური, რომელიც მდგმურობს თქვენთან, შეჭამს სისხლს, მივმართავ ჩემს პირს სისხლისმჭამელისკენ და მოვკვეთავ მას თავისი ხალხის წიაღიდან.

11. რადგან სისხლშია ხორციელის სული. მე დაგიწესეთ იგი სამსხვერპლოსთვის თქვენი სულის შესანდობლად, რადგან სისხლია, რომ შეუნდობს სულს.

12. ამიტომაც ვუთხარი ისრაელიანებს: არავინ თქვენგანმა არ ჭამოს სისხლი; არც მდგმურმა, რომელიც თქვენთან არის მდგმურად, არ ჭამოს სისხლი.

13. თუ ვინმე ისრაელიანი და ვინმე მდგმური, რომელიც თქვენს შორის არის მდგმურად, მოინადირებს ნადირს ან ფრინველს, რომელიც იჭმევა, სისხლი უნდა გამოუშვას და მიწით დაფაროს.

14. რადგან სული ყოველი ხორციელისა მისი სისხლია, მის სულშია იგი. ვუთხარი ისრაელიანებს: არა ხორციელის სისხლი არ ჭამოთ, რადგან ყოველი ხორციელის სული მისი სისხლია; ყოველი მისი მჭამელი, უნდა მოიკვეთოს.

15. ყველა, ვინც ლეშს ან ნამხეცავს შეჭამს, მკვიდრი თუ მდგმური, ტანისამოსი წყლით უნდა გაირეცხოს და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე, მერე გაწმიდავდება.

16. თუ არ გარეცხავს და ტანს არ დაიბანს, დანაშაული დაეკისრება.