ძველი აღთქმა

ლევიანნი

თავი მეცხრამეტე

1. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:

2. ელაპარაკე ისრაელიანთა მთელს საზოგადოებას და უთხარი: წმიდები იყავით, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, თქვენი ღმერთი.

3. თავისი დედისა და მამის მოწიწება ჰქონდეს ყველას; დაიცავით შაბათები! მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.

4. პირს ნუ მიაბრუნებთ კერპებისკენ და ნუ გაიჩენთ ჩამოსხმულ ღმერთებს. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.

5. როცა უფლისათვის სამადლობელი საკლავის დაკვლას დააპირებთ, დაკალით თქვენს სამწყალობნოდ.

6. საკლავის დაკვლის დღესაც ჭამეთ და მეორე დღესაც; მესამე დღეს მორჩენილი ცეცხლში უნდა დაიწვას.

7. თუ მესამე დღეს შეიჭამა საკლავი, ეს სისაძაგლე იქნება, წყალობა არ გამოვა.

8. ვინც შეჭამს, ცოდვა დაედება მას, რადგან უფლის სიწმიდე წაბილწა და უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.

9. როცა სამკალი გექნებათ თქვენს მიწაზე, ერთიანად ნუ მომკი შენს ყანას; სამკალში დაცვენილს ნუ აკრეფ.

10. ვენახსაც ნუ მოიმცვრვვ, ყურძნის ბიმბილებს ნუ აკრებ ძირიდან; ღარიბ-ღატაკსა და მდგმურს დაუტოვე ისინი. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი!

11. არ იქურდოთ, არ ითვალთმაქცოთ, ერთმანეთი არ მოატყუოთ.

12. ცრუ ფიცი არ თქვათ ჩემი სახელით, თორემ შეაგინებთ თქვენი ღვთის სახელს. მე ვარ უფალი!

13. ნუ შეავიწროებ შენს თვისტომს, და ნუ გაძარცვავ; ნუ დაიტოვებ დილამდე ქირის კაცის გასამრჯელოს.

14. ნუ გაქურდავ ყრუს და ნუ დაუდებ ბრმას წინ საბრკომს. გეშინოდეს შენი ღვთისა. მე ვარ უფალი!

15. უსამართლობას ნუ ჩაიდენ სასამართლოში, ზედმეტად ნუ მოუფონებ საწყალს და ზედმეტ პატივს ნუ მიაგებ დედაკაცს. სიმართლით განიკითხე შენი ახლობელი.

16. ცილისწამებას ნუ დაიწყებ შენს ხალხში, ნუ აღდგები შენი თვისტომის სისხლის დასაღვრელად. მე ვარ უფალი!

17. მტრობა ნუ გექნება გულში შენი მოძმისადმი; ამხილე შენი ახლობელი და ცოდვა არ იქნება შენზე.

18. ნუ იქნები შურისმაძიებელი და ბოღმას ნუ ჩაიდებ შენი თვისტომის მიმართ; გიყვარდეს შენი ახლობელი, როგორც თავი შენი. მე ვარ უფალი!

19. დაიცავით ჩემი წესები: პირუტყვს ნუ შეაჯვარებ ერთმანეთთან; ნუ დათესავ ყანაში ორნაირ თესლს; ნუ ჩაიცვამ მატყლისა და სელისგან მოქსოვილ ტანისამოსს.

20. თუ ვინმე ქალთან დაწვება თესლის მიღვრით, ის კი ქმრის დანიშნული მონაქალია, არ არის გამოსყიდული ან თავისუფლება არა აქვს მიცემული, დანაშაულად ჩაითვლება. თუმცა იგი არ არის მოსაკვდინებელი, რადგან ქალი გათავისუფლებული არ ყოფილა.

21. მიუტანოს დანაშაულის გამოსასყიდად უფალს სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან დანაშაულის ვერძი.

22. შეუნდობს მას მღვდელი დანაშაულის ვერძით უფლის წინაშე ცოდვას, რომელიც ჩადენილი აქვს, და ეპატიება ცოდვა, რომელიც ჩადენილი აქვს.

23. როცა შეხვალთ ქვეყანაში და დარგავთ რაიმე ხეხილს, დაუცვეთელად ჩათვალეთ მისი ნაყოფი; სამ წელიწადს დაუცვეთელი იყოს თქვენთვის; არ იჭმევა.

24. მეოთხე წელს ყოველი მისი ნაყოფი უფლისათვის უნდა შეიწიროს.

25. მეხუთე წელს ჭამეთ მისი ნაყოფი, რომ გემატოთ მისი მოსავალი. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.

26. ნურაფერს შეჭამთ სისხლთან ერთად. ნუ იჯადოქრებთ და ნუ იმკითხავებთ.

27. ნუ მოიკრეჭთ თმის კიდეებს თავზე და ნუ მოსპობთ წვერის კიდეებს.

28. ნაკაწრებს ნუ გაიკეთებთ ტანზე თქვენი მკვდრისთვის და წარწერებს ნუ გაიკეთებთ. მე ვარ უფალი!

29. ნუ წააბილწვინებ თავს შენს ასულს გასარყვნელად, რომ არ წაიყვნას მიწა და არ აივსოს იგი ბიწიერებით.

30. ჩემი შაბათები დაიცავით და ჩემი საწმიდარის გეშინოდეთ. მე ვარ უფალი!

31. ნუ მიმართავთ მესულთანეებს და მჩხიბავებს, ნუ გაიუწმიდურებთ თავს. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი!

32. ჭაღარას წამოუდექი ფეხზე, პატივი მიაგე მოხუცს და შენი ღვთისა გეშინოდეს. მე ვარ უფალი!

33. თუ დაგიდგება მდგმურად ვინმე თქვენს ქვეყანაში, ნუ შეავიწროვებ მას.

34. როგორც მკვიდრი, ერთი თქვენთაგანი, ისე იყოს თქვენთვის თქვენს შორის მდგმურად დამდგარი კაცი. გიყვარდეთ იგი, როგორც თქვენი თავი. რადგან თქვენც მდგმურები იყავით ეგვიპტის ქვეყანაში. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.

35. ნუ იცრუებთ ნურც სასამართლოზე, ნურც ზომა-წონაში და ნურც საწყაოში.

36. სწორი სასწორი, სწორი საწონები, სწორი ეფა, სწორი პინი უნდა გქონდეთ. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგიყვანეთ.

37. დაიცავით ჩემი წესები და ჩემი სამართალი, შეასრულეთ ისინი. მე ვარ უფალი!