ძველი აღთქმა

ლევიანნი

თავი მეორე

1. ვისაც სურს შესაწირავი შესწიროს ძღვნად უფალს, გამტკიცული ფქვილი იყოს მისი შესაწირავი; ზეთი დაასხას ზედ და საკმეველი დადოს.

2. მიუტანოს აარონიან მღვდლებს; ერთ-ერთმა მღვდელმა სავსე მუჭით აიღოს ზეთიანი ფქვილი საკმეველთან ერთად და დაწვას სამსხვერპლოზე სამახსოვროდ. ეს არის საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისათვის.

3. რაც ამ შესაწირავს მორჩება, აარონსა და მის შვილებს ეკუთვნის; ეს წმიდათა წმიდაა უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან.

4. თუ ღუმელში გამომცხვარს შესწირავ ძღვნად, გამტკიცული ფქვილისგან იყოს ნამცხვრები, უსაფუარო, ზეთში აზელილი და კვერები უსაფუარო და ზეთნაცხები.

5. თუ შენი შესაწირავი ტაფაზეა გამომცხვარი, ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილიდან, უსაფუარო უნდა იყოს.

6. დააქუცმაცე იგი და ზეთი მოასხი ზედ. ეს არის საძღვნო შესაწირავი.

7. თუ მაყალიდან არის შენი საძღვნო შესაწირავი, ზეთიანი გამტკიცული ფქვილისგან უნდა იყოს მომზადებული.

8. და მიართვა ამგვარად მომზადებული საძღვნო უფალს. მიუტანე მღვდელს და ის შესწირავს მას სამსხვერპლოზე.

9. აღმართოს მღვდელმა საძღვნო სამახსოვროდ და სამსხვერპლოზე დაწვას. ეს არის საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისათვის.

10. რაც საძღვნოს გადარჩება, აარონს და მის შვილებს ეკუთვნის. ეს წმიდათა წმიდაა უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან.

11. არცერთი საძღვნო, რომელიც უფალს გინდა შესწირო, საფუარით არ უნდა იყოს მომზადებული, რადგან არც საფუარი, არც თაფლი არ უნდა დაიწვას საცეცხლო მსხვერპლად უფლისათვის.

12. როგორც პირველნაყოფთა შესაწირავი, ისე შესწირე უფალს და სამსხვერპლოზე არ აიტანო კეთილსურნელებად.

13. ყოველი საძღვნო მარილით დაამარილე და არ დასტოვო საძღვნო შენი ღვთის მარილის გარეშე; ყოველ შესაწირავზე მიიტანე მარილი.

14. თუ პირველმოწეული ნაყოფებიდან შესწირავ უფალს საძღვნოს, ცეცხლზე მოხალული თავთავი და ღერღილი შესწირე შენი პირველმოწეული ნაყოფებისგან.

15. დაღვარე ზეთი და ზედ საკმეველი დადევი; ეს არის საძღვნო შესაწირავი.

16. დაწვას მღვდელმა სამახსოვროდ - დაღერღილი და ზეთიანი მარცვლები მთელი საკმეველითურთ. ეს არის საცეცხლო მსხვერპლი უფლისათვის.