1. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
2. უბრძანე ისრაელიანებს, მოგიტანონ ზეთისხილის სუფთა ზეთი, დაწურული, გასანათებლად, რომ მუდმივად ენთოს ლამპარი.
3. მოწმობის კრეტსაბმელის გარეთ სადღესასწაულო კარავში დადგას იგი აარონმა, რომ მუდმივად იყოს უფლის წინაშე დილიდან საღამომდე. სამარადისო წესად გქონდეთ თაობიდან თაობაში.
4. სუფთა სასანთლეზე უნდა ჰქონდეს მუდმივად დადგმული ლამპრები უფლის წინაშე.
5. აიღე გამტკიცული ფქვილი და გამოაცხვე თორმეტი პური; მეათედი ეფა უნდა იყოს თითოეული პური.
6. ორ რიგად დააწყვე ისინი, თითოეულ რიგში ექვსი, სუფთა ტაბლაზე უფლის წინაშე.
7. დადევი თითო რიგში გასუფთავებული საკმეველი და იყოს პურად, სამახსოვროდ, უფლის საცეცხლო მსხვერპლად.
8. შაბათობით უნდა ჰქონდეთ დაწყობილი მუდმივად უფლის წინაშე. ეს არის სამარადისო აღთქმა ისრაელიანთაგან.
9. აარონისთვის და მისი შვილებისთვის უნდა იყოს. ჭამონ იგი წმიდა ადგილას, რადგან წმიდათა წმიდაა იგი მათთვის უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან. ეს არის სამარადისო წესი.
10. მოვიდა ისრაელიანთა შორის ისრაელიანი დედაკაცის და ეგვიპტელი კაცის შვილი და წაეკიდნენ ბანაკში ისრაელიანი დედაკაცის შვილი და ისრაელიანები.
11. აგინებდა ისრაელიანი დედაკაცის შვილი უფლის სახელს და ილანძღებოდა. მიუყვანეს იგი მოსეს (დედა მისი იყო შელომითი, დიშრის ასული, დანის ტომიდან).
12. და ჰყავდათ საპყრობილეში, ვიდრე უფლის განაჩენს გაიგებდნენ.
13. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
14. გაიყვანეთ მაგინებელი ბანაკის გარეთ და ყველამ ვინც გაიგონა, დაადოს ხელი თავზე და ქვით ჩაქოლოს მთელმა საზოგადოებამ.
15. ისრაელიანებს კი ასე უთხარი: ყველა, ვინც თავის ღმერთს ლანძღავს, ცოდვას იდებს.
16. უფლის სახელის მაგინებელი უნდა მოკვდეს, ქვებით უნდა ჩაქოლოს მთელმა საზოგადოებამ, მდგმური იქნება თუ მკვიდრი, უფლის სახელის შეგინებისათვის უნდა მოკვდეს.
17. ადამიანის მკვლელი უნდა მოკვდეს.
18. პირუტყვის მკვლელმა სული სულის წილ უნდა ზღოს.
19. ვინც რამე ზიანს მიაყენებს თავის თვისტომს, მასაც ისევე უნდა მოექცნენ, როგორც თავად მოიქცა.
20. მოტეხილობა მოტეხილობის წილ, თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ. რა ზიანიც მიაყენა ადამიანს, მასაც იგივე ზიანი უნდა მიაყენონ.
21. პირუტყვის მკვლელმა უნდა ზღოს იგი; ადამიანის მკვლელი უნდა მოკვდეს.
22. ერთი სამართალი უნდა გქონდეთ მდგმურისთვის და მკვიდრისთვის. რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
23. გამოუცხადა მოსემ ისრაელიანებს და გაიყვანეს მაგინებელი ბანაკის გარეთ და ჩაქოლეს იგი ისრაელიანებმა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.