ძველი აღთქმა

ლევიანნი

თავი მესამე

1. თუ მსხვერპლი სამადლობელი შესაწირავია, ხარს შესწირავს თუ ფურს, საღი შესწიროს უფლის წინაშე.

2. დაადოს ხელი თავის შესაწირავს თავზე და დაკლას სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან, და მოასხურონ სამსხვერპლოს ირგვლივ სისხლი აარონიანებმა.

3. შესწიროს უფალს სამადლობელი მსხვერპლიდან საცეცხლოდ: ქონი, რომელიც შიგნეულს აფენია, მთელი ქონი, რაც შიგნეულზეა,

4. და ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც აკრავს, რომელიც ფერდებზეა, და მოაცილოს ქონის ფენა ღვიძლს და თირკმლებს.

5. დაწვან იგი აარონიანებმა სამსხვერპლოზე აღსავლენთან ერთად, რომელიც შეშის ზემოთ დევს, ცეცხლზე, ეს არის საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისათვის.

6. თუ ფარიდან იქნება მისი შესაწირავი სამადლობელ მსხვერპლად უფლისათვის, მამალი ან დედალი, საღი მიიყვანოს.

7. თუ ცხვარს სწირავს შესაწირავად, შესწიროს იგი უფლის წინაშე.

8. დაადოს ხელი თავის შესაწირავს თავზე და დაკლას სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან, და მოასხურონ სამსხვერპლოს ირგვლივ სისხლი აარონიანებმა.

9. შესწიროს სამადლობელი მსხვერპლიდან უფალს საცეცხლო მსხვერპლად: მისი ქონი, და მთელი დუმა, თეძოსთავამდე მოაცილოს იგი; ქონი, რომელიც შიგნეულს აფენია, მთელი ქონი, რაც შიგნეულზეა.

10. ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, რომელიც ფერდებზეა; მოაცილოს ქონის ფენა ღვიძლს და თირკმლებს.

11. დაწვას მღვდელმა სამსხვერპლოზე; ეს არის პური, საცეცხლო მსხვერპლი უფლისათვის.

12. თუ მისი შესაწირავი თხა არის, შესწიროს უფლის წინაშე.

13. დაადოს ხელი თავზე და დაკლას იგი სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან, და მოასხურონ მისი სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ აარონიანებმა.

14. შესწიროს მისგან საცეცხლო მსხვერპლად უფალს ქონი, რომელიც შიგნეულს აფენია და მთელი ქონი, რაც შიგნეულზეა.

15. ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, რომელიც ფერდებზეა; მოაცილოს ქონის ფენა ღვიძლს და თირკმლებს.

16. დაწვას ეს მღვდელმა სამსხვერპლოზე. ეს არის პური, საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად. მთელი ქონი უფლისაა.

17. ეს არის სამარადისო წესი თქვენი თაობებისთვის ყველგან, სადაც კი ცხოვრობთ; არავითარი ქონი და სისხლი არ შეჭამოთ.