ძველი აღთქმა

ლევიანნი

თავი მეოთხე

1. ასე უთხრა უფალმა მოსეს:

2. ასე უთხარი ისრაელიანებს: თუ ვინმე უნებურად შესცოდავს და დაარღვევს უფლის მცნებებს, აკრძალულს რასმე ჩაიდენს,

3. თუ ცხებულმა მღვდელმა შესცოდა და ხალხიც დანაშაულში გარია, შესწიროს უფალს ცოდვის გამოსასყიდელ მსხვერპლად საღი ხბო.

4. მიიყვანოს ხბო სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან - უფლის წინაშე, დაადოს ხელი თავზე და დაკლას ხბო უფლის წინაშე.

5. აიღოს ცხებულმა მღვდელმა ხბოს სისხლი და შეიტანოს იგი სადღესასწაულო კარავში.

6. ამოაწოს თითი სისხლში და შვიდგზის მოასხუროს სისხლი საწმიდარის ფარდას უფლის წინაშე.

7. სცხოს სისხლი მღვდელმა უფლის წინაშე სურნელებათა საკმევი აამსხვერპლოს რქებს, რომელიც სადღესასწაულო კარავშია; ხბოს დანარჩენი სისხლი კი დაღვაროს აღსავლენი სამსხვერპლოს ძირას, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან რომ არის.

8. აღმართოს ცოდვის გამოსასყიდელი ხბოს მთელი ქონი, რომელიც შიგნეულს აფენია და მთელი ქონი, რაც შიგნეულზეა,

9. ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, რომელიც ფერდებზეა; მოაცილოს ქონის ფენა ღვიძლსა და თირკმლებს.

10. ისევე როგორც ხარი შეიწირება სამადლობელ მსხვერპლად, ასევე დაწვას ისინი მღვდელმა აღსავლენ სამსხვერპლოზე.

11. ხბოს ტყავი, მთელი მისი ხორცი, თავ-ფეხი, შიგნეული და განავალი -

12. მთელი ხბო - გაიტანოს ბანაკის გარეთ სუფთა ადგილზე, სადაც ნაცარს ყრიან, და შეშაზე დაწვას ცეცხლში; ნაცარის დასაყრელზე უნდა დაიწვას.

13. თუ მთელმა ისრაელის საზოგადოებამ შესცოდა უნებურად და ეს საქმე დაიფარება კრებულის თვალთაგან, უფლისაგან აკრძალულს გააკეთებენ და დააშავებენ,

14. მერე ჩადენილი ცოდვა გამომჟღავნდება, მაშინ კრებულმა ცოდვის გამოსასყიდად ხბო უნდა შესწიროს, სადღესასწაულო კარვის წინაშე უნდა მოიყვანოს იგი.

15. დაასხან ხბოს ხელი თავზე საზოგადოების უხუცესებმა უფლის წინაშე და დაკლან ხბო უფლის წინაშე.

16. შეიტანოს ცხებულმა მღვდელმა ხბოს სისხლი სადღესასწაულო კარავში.

17. ამოაწოს მღვდელმა სისხლში თითი და შვიდგზის მოასხუროს ფარდებს უფლის წინაშე.

18. ცხოს სისხლი სამსხვერპლოს რქებს, რომელიც უფლის წინაშე დგას, სადღესასწაულო კარავში; დანარჩენი სისხლი კი დაღვაროს აღსავლენის სამსხვერპლოს ძირში, რომელიც სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან არის.

19. აართვას მთელი ქონი და სამსხვერპლოზე დაწვას.

20. გაამზადოს ეს ხბო, როგორც ცოდვის გამოსასყიდი ხბო გაამზადა; ასი გაამზადოს და შენდობას გამოითხოვს მათთვის მღვდელი და მიეტევებათ მათ.

21. გაიტანოს ხბო ბანაკის გარეთ და დაწვას, როგორც ის წინანდელი ხბო დაწვა. ეს არის კრებულის ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი.

22. თუ თავკაცი ვინმე შესცოდავს - უფლის, თავისი ღვთის აკრძალულს რასმე ჩაიდენს უნებურად და დააშავებს,

23. მერე მიხვდება თავის ცოდვას, რაც ჩაიდინა, - მამალი, საღი თხა მიიყვანოს შესაწირავად.

24. დაადოს თხას თავზე ხელი და დაკლას იმ ადგილზე, სადაც აღსავლენი იკვლება უფლის წინაშე. ეს არის ცოდვის გამოსასყიდი.

25. აიღოს მღვდელმა თითით ცოდვის გამოსასყიდის სისხლი და სცხოს აღსავლენის სამსხვერპლოს რქებს; დანარჩენი სისხლი კი აღსავლენის სამსხვერპლოს ძირში დაღვაროს.

26. მთელი მისი ქონი სამსხვერპლოზე დაწვას, როგორც სამადლობელი მსხვერპლის ქონს წვავს. გამოითხოვს ცოდვის შენდობას მისთვის მღვდელი და მიეტევება მას.

27. თუ ვინმე უბრალო ხალხიდან უნებურად შესცოდავს, უფლისგან აკრძალულს რასმე ჩაიდენს და დააშავებს,

28. და მერე მიხვდება თავის ჩადენილ ცოდვას, - დედალი, საღი თხა შესწიროს ჩადენილი ცოდვის გამოსასყიდად.

29. დაადოს თავზე ხელი ცოდვის გამოსასყიდს და დაკლას ცოდვის გამოსასყიდი აღსავლენის ადგილას.

30. აიღოს მღვდელმა თითით სისხლი და სცხოს აღსავლენის სამსხეერპლოს რქებს; დანარჩენი სისხლი კი სამსხვერპლოს ძირში დაღვაროს.

31. აართვას მთელი ქონი, როგორც აცლიან ქონს სამადლობელ მსხვერპლს და დაწვას იგი მღვდელმა სამსხვერპლოზე კეთილსურნელებად უფლისათვის. გამითხოვს მისთვის შენდობას მღვდელი და მიეტევება მას.

32. თუ ცხვარს შესწირავს ცოდვის გამოსასყიდად, დედალი, საღი შესწიროს.

33. დაადოს თავზე ხელი ცოდვის გამოსასყიდს და დაკლას ცოდვის გამოსასყიდად, როგორც აღსავლენი იკვლის.

34. აიღოს მღვდელმა თითით სისხლი და სცხოს აღსავლენის სამსხვერპლოს რქებს; დანარჩენი სისხლი კი სამსხვერპლოს ძირში დაღვაროს.

35. აართვას მთელი ქონი, როგორც აცლიან ქონს სამადლობელ მსხვერპლად შეწირულ ცხვარს და დაწვას მღვდელმა სამსხვერპლოზე უფლის საცეცხლო მსხვერპლთან ერთად. გამოითხოვს მისთვის ჩადენილი ცოდვის შენდობას მღვდელი და მიეტევება მას.