ძველი აღთქმა

ლევიანნი

თავი მეხუთე

1. კაცი, რომელმაც შესცოდა იმით, რომ გაიგონა წყევლის ხმა, გინა მოწმე იყო, გინა დაინახა, გინა იცოდა, მაგრამ არ გააცხადა, დამნაშავეა.

2. თუ კაცი, რომელიც თავისდაუნებურად შეეხება რაიმე უწმიდურ საგანს: გინა უწმიდური მხეცის მძორს, გინა უწმიდური საქონლის მძორს, გინა უწმიდური ქვემძრომის მძორს, გაუწმიდურებულია და დამნაშავეა.

3. ანთუ თვისდა უნებურად შეეხება ადამიანის უწმიდურობას, რა უწმიდურობანიც არ უნდა იყოს, რითაც უწმიდურდება კაცი, და გაიგებს, დამნაშავეა.

4. თუ ვისმე თავისდა უნებურად ბაგიდან წასცდება ფიცი ავზე ან კარგზე, ყველაფერზე, რაზეც კაცს წასცდება ხოლმე ფიცი, და მიხვდება, დამნაშავეა ერთ-ერთ ამათგანში.

5. და თუ დამნაშავეა ერთ-ერთ ამათგანში, უნდა აღიაროს, რომ ცოდვა აწევს,

6. და მიუყვანოს უფალს ჩადენილი ცოდვის გამოსასყიდი - დედალი ცხვარი ან თხა, და მღვდელი ცოდვის შენდობას გამოითხოვს მისთვის.

7. თუ ცხვარზე ხელი არ მიუწვდება, მიუყვანოს უფალს ჩადენილი დანაშაულის გამოსასყიდად ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი; ერთი ცოდვის გამოსასყიდად, მეორე - აღსავლენად.

8. მიუყვანოს ისინი მღვდელს, ხოლო მღვდელმა ჯერ ცოდვის გამოსასყიდი შესწიროს: კისერი გადაუგრიხოს, მაგრამ თავი არ მოაცალოს.

9. მოასხუროს ცოდვის გამოსასყიდის სისხლი სამსხვერპლოს კედელს, დანარჩენი სისხლი კი სამსხვერპლოს ძირში უნდა ჩაიწეროს. ეს არის ცოდვის გამოსასყიდი.

10. მეორე აღსავლენად უნდა გაამზადოს წესისამებრ და გამოითხოვს მისთვის მღვდელი ჩადენილი ცოდვის შენდობას და მიეტევება მას.

11. თუ ხელი არ მიუწვდება ორ გვრიტზე და მტრედის ორ ხუნდზე, მიიტანოს ჩადენილი ცოდვის გამოსასყიდად ერთი მეათედი ეფა გამტკიცული ფქვილი; ნუ დაღვრის მასზე ზეთს და ნურც საკმეველს დადებს ზედ, რადგან ეს ცოდვის გამოსასყიდია.

12. მიუტანოს იგი მღვდელს; აიღოს იქიდან მღვდელმა სავსე მუჭა სამახსოვროდ და დაწვას სამსხვერპლოზე უფლის საცეცხლო მსხვერპლად. ეს არის ცოდვის გამოსასყიდი.

13. გამოითხოვს მისთვის მღვდელი ჩადენილი ცოდვის შენდობას და მიეტევება მას. რაც დარჩება, მღვდელს ეკუთვნის, როგორც ძღვენი.

14. ასე უთხრა უფალმა მოსეს:

15. თუ ვინმე გადავა წესს და უნებურად შესცოდავს უფლის სიწმიდეთა მიმართ, დანაშაულის გამოსასყიდად შესწიროს უფალს ფარიდან გამოყვანილი საღი ვერძი, რამდენი შეკელიც ეღირება (საწმიდარის შეკელის მიხედვით).

16. რა სიწმიდესაც შესცოდა, უნდა ზღოს და მისი მეხუთედიც დაუმატოს, მისცეს მღვდელს და მღვდელი გამოითხოვს მისთვის შენდობას გამოსასყიდი ვერძით და მიეტევება მას.

17. თუ ვინმე უნებურად შესცოდავს, ჩაიდენს უფლის მცნების საწინააღმდეგოს რასმე, რისი გაკეთებაც არა ხამს, დადანაშაულდება და ცოდვა დაეკისრება,

18. მიუყვანოს მღვდელს ცოდვის გამოსასყიდად საღი ვერძი ფარიდან, რაც უნდა ღირდეს, და გამოითხოვს მისთვის მღვდელი ცოდვის შენდობას, რომელიც განუზრახველად და უნებურად ჰქონდა ჩადენილი, და მიეტევება.

19. ეს არის დანაშაულის გამოსასყიდი, რა დანაშაულიც უფლის წინაშე ჩაიდინა.