ძველი აღთქმა

ლევიანნი

თავი მეექვსე

1. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:

2. თუ ვინმე შესცოდავს და უპატიოსნოდ მოიქცევა უფლის მიმართ - უარს ეტყვის თავის მახლობელს შესანახად მიბარებულზე და მითვისებულზე, ან წართმეულზე, ან რამეს გამოსტყუებს თავის მახლობელს,

3. ან იპოვნის დაკარგულს, მაგრამ იუარებს, ცრუდ დაიფიცებს რაიმეზე, რასაც ადამიანი აკეთებს და სცოდავს,

4. და როცა შესცოდავს და ბრალი დაედება, უნდა დააბრუნოს წართმეული, რაც წაართვა ან გამოტყუებული, რაც გამოსტყუა, ან მიბარებული, რაც მიიბარა, ან დაკარგული, რაც იპოვნა,

5. ან რაზეც ცრუდ დაიფიცა, სრულად უნდა ზღოს ყველაფერი და მისი მეხუთედიც დაუმატოს. უნდა დაუბრუნოს პატრონს ბრალდების დღესვე.

6. დანაშაულის გამოსასყიდად უნდა მიუყვანოს მღვდელს უფლისათვის საღი ვერძი ფარიდან, რაც არ უნდა ღირდეს.

7. გამოითხოვს მისთვის შენდობას მღვდელი უფლისაგან და მიეტევება მას ყოველი დანაშაული, რაც კი ჩადენილი აქვს.

8. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:

9. უბრძანე აარონს და მის შვილებს: ეს არის-თქო აღსავლენის წესი: სამსხვერპლოზე უნდა იდოს აღსავლენი მთელი ღამე დილამდე; სამსხვერპლოს ცეცხლი უნდა ენთოს იქ.

10. შეიმოსოს მღვდელმა თავისი სელის სამოსელი და შიშველ ტანზე სელის საწმერთული ჩაიცვას, გადმოიღოს ნაცარი, რომელიც სამსხვერპლოზე დარჩა აღსავლენის დაწვის შემდეგ, და სამსხვერპლოს გვერდით დაყაროს.

11. გამოიცვალოს სამოსელი და ბანაკის გარეთ, სუფთა ადგილზე გაიტანოს ნაცარი.

12. ცეცხლი ენთოს სამსხვერპლოზე, არ ჩაქრეს; ყოველ დილას შეშა შეუკეთოს მღვდელმა და აღსავლენი დააწყოს ზედ; დაწვას მასზე სამადლობელი მსხვერპლის ქონი.

13. ცეცხლი მუდამ ენთოს სამსხვერპლოზე, არ ჩაქრეს.

14. აჰა, საძღვნო შესაწირავის წესი: შესწირონ იგი აარონიანებმა უფლის წინაშე სამსხვერპლოს წინა მხრიდან.

15. აიღოს მუჭით საძღვნო შესაწირავიდან გამტკიცული ფქვილი, ზეთი და მთელი საკმეველი და დაუწვას სამსხვერპლოზე უფალს კეთილსურნელებად, სამახსოვროდ.

16. რაც დარჩება, აარონმა და მისმა შვილებმა შეჭამონ. უფუვრად უნდა შეიჭამოს წმიდა ადგილზე, სადღესასწაულო კარვის ეზოში უნდა შეჭამონ.

17. საფუარიანი არ უნდა გამოცხვეს. ამას ვაძლევ მათ წილად საცეცხლო მსხვერპლიდან. ეს წმიდათა წმიდაა, როგორც ცოდვისა და დანაშაულის გამოსასყიდი.

18. ყოველმა მამაკაცმა აარონიანთაგან უნდა შეჭამოს. ეს გქონდეთ თქვენს თაობებში სამარადისო არჩივად უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან. ყველაფერი, რაც მას მიეკარება, წმიდაა.

19. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:

20. ეს არის აარონის და მისი შვილების შესაწირავი, რომელიც უნდა შესწირონ უფალს მათი ცხების დღეს: მეათედი ეფა გამტკიცული ფქვილი საძღვნო მუდმივ შესაწირავად, ნახევარი დილისთვის, ნახევარი საღამოსთვის.

21. ტაფაზე ზეთში უნდა მომზადდეს; მოზელილი უნდა მოიტანო, ნამცხვრის წილობებად უნდა შესწიროს უფალს კეთილსურნელებად.

22. მღვდელმა, ცხებულმა აარონის ადგილზე მის შვილთაგან შეასრულოს ეს - სამარადისო წესი უფლისთვის. მთლიანად უნდა დაიწვას.

23. მღვდლისგან შეწირული საძღვნო მთლიანად უნდა დაიწვას, არ უნდა შეიჭამოს.

24. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:

25. უთხარი აარონს და მის შვილებს: აჰა, ეს არის ცოდვის გამოსასყიდის წესი: იმ ადგილას, სადაც აღსავლენი იკვლება, უნდა დაიკლას უფლის წინაშე ცოდვის გამოსასყიდი. ეს წმიდათა წმიდაა.

26. მღვდელმა, რომელიც სწირავს ცოდვის გამოსასყიდს, უნდა შეჭამოს იგი; წმიდა ადგილას უნდა შეიჭამოს, სადღესასწაულო კარვის ეზოში.

27. ყველა, ვინც იმ ხორცს მიეკარება, წმიდაა; თუ სისხლი მიესხურება სამოსელს, ნასხურები წმიდა ადგილზე გარეცხე.

28. თიხის ჭურჭელი, რომელშიც იგი მოიხარშა, უნდა დაიმტვრეს; თუ სპილენძის ჭურჭელში მოიხარშა, უნდა გაიხეხოს და წყლით გაირეცხოს.

29. ყველა მამაკაცმა სამღვდელოთაგან უნდა ჭამოს - წმიდათა წმიდაა იგი.

30. ცოდვის გამოსასყიდი არცერთი მსხვერპლი, რომლის სისხლიც სადღესასწაულო კარავში შეაქვთ საწმიდარში შენდობის გამოსათხოვად, არ უნდა შეიჭამოს, ცეცხლში უნდა დაიწვას.