1. ეს არის დანაშაულის გამოსასყიდის წესი; ეს წმიდათა წმიდაა.
2. სადაც აღსავლენი იკვლის, იმ ადგილზე უნდა დაიკლას დანაშაულის გამოსასყიდიც და მისი სისხლი ირგვლივ მოესხუროს სამსხვერპლოს.
3. შესწიროს მისგან მთელი ქონი, დუმა და ქონი, რომელიც შიგნეულს აფენია.
4. ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, რომელიც ფერდებზეა; მოაცალოს ქონის ფენა ღვიძლსა და თირკმლებს.
5. დაწვას ისინი მღვდელმა სამსხვერპლოზე საცეცხლო მსხვერპლად უფლისათვის. ეს არის დანაშაულის გამოსასყიდი.
6. ყოველმა სამღვდელო მამაკაცმა ჭამოს იგი; წმიდა ადგილზე ჭამონ. ეს წმიდათა წმიდაა.
7. ერთი წესი აქვს ცოდვის გამოსასყიდს და დანაშაულის გამოსასყიდს: იგი ეკუთვნის მღვდელს, რომელიც მისი მეოხებით გამოითხოვს შენდობას.
8. აღსავლენის ტყავი ეკუთვნის მღვდელს, რომელიც სწირავს აღსავლენს.
9. ყოველი საძღვნო შესაწირავი, რომელიც ცხვება თონეში და ყველაფერი, რაც მაყალზე ან ტაფაზე მზადდება, ეკუთვნის მღვდელს, რომელიც სწირავს მას.
10. ყოველი საძღვნო შესაწირავი, ზეთში აზელილი თუ მშრალი ყველას ეკუთვნის აარონიანთაგან, როგორც ერთს, ისე მეორეს.
11. ეს არის წესი სამადლობელი მსხვერპლისა, რომელსაც სწირავს კაცი უფალს.
12. თუ მადლობისთვის სწირავს, უნდა შესწიროს ზეთში აზელილი უსაფუარო ნამცხვრები, ზეთწაცხებული უფუარი კვერები, გამტკიცული ფქვილი და ზეთში აზელილი. ნამცხვრები.
13. საფუარიან ნამცხვრებთან ერთად შესწიროს თავისი შესაწირავი თავის სამადლობელ მსხვერპლთან ერთად.
14. ერთი ნაწილი თითოეული შესაწირავიდან უფლისადმი აღსამართავი იყოს. იგი ეკუთვნის მღვდელს, რომელიც ასხურებს სამადლობელის სისხლს.
15. სამადლობელის ხორცი შეწირვის დღეს უნდა შეიჭმოს; დილისთვის არ უნდა დარჩეს.
16. თუ მისი შესაწირავი აღთქმული ან ნებაყოფლობითი მსხვერპლია, შეწირვის დღეს შეიჭმება იგი; რაც მორჩება, მეორე დღესაც შეიძლება შეიჭამოს.
17. მსხვერპლის ხორციდან რაც მესამე დღეს მორჩება, ცეცხლში უნდა დაიწვას.
18. თუ სამადლობელი მსხვერპლის ხორციდან მესამე დღეს შეჭამს, არ იქნება სათნო: არაფრად ჩაეთვლება მის შემწირველს, სიბილწე იქნება ეს და ცოდვა დაეკისრება მის მჭამელს.
19. ხორცი, რომელიც რამე უწმიდურს მიეკარა, არ იჭმევა, ცეცხლში უნდა დაიწვას. ვინც განწმენდილია, იმას შეუძლია შეჭამოს.
20. თუ ვინმე უწმიდურობაში შეჭამს უფლის სამადლობელ მსხვერპლის ხორცს, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.
21. თუ ვინმე უწმიდურს რასმე შეეხება, იქნება ეს ადამიანის უწმიდურება, უწმიდური პირუტყვი, გინა რაიმე უწმიდური ქვემძრომი, და შეჭამს უფლის სამადლობელი მსხვერპლის ხორცს, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.
22. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
23. უთხარი ისრაელიანებს: არ ჭამოთ არც ხარის, არც ცხვრის, და არც თხის ქონი.
24. ლეშის ქონი და ნამხეცავის ქონი შეიძლება გამოიყენოთ ყველა საქმეში, ჭამით კი არ ჭამოთ.
25. რადგან ვინც შეჭამს პირუტყვის ქონს, რომელიც შეწირულია საცეცხლოდ უფლისადმი, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.
26. არსად არ ჭამოთ თქვენს საცხოვრებლებში არავითარი სისხლი, არც ფრინველისა და არც პირუტყვისა.
27. ყველა, ვინც კი შეჭამს რაიმე სისხლს, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.
28. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
29. უთხარი ისრაელიანებს: უფლისადმი სამადლობელი მსხვერპლის შემწირველმა მიუტანოს თავისი შესაწირავი უფალს სამადლობელი მსხვერპლიდან.
30. საკუთარი ხელით მიუტანოს უფალს საცეცხლო მსხვერპლი: ქონი მკერდთან ერთად მიუტანოს, რომ შეარხიოს მკერდი შესარხეველ მსხვერპლად უფლის წინაშე.
31. დაწვას მღვდელმა ქონი სამსხვერპლოზე, მკერდი კი აარონისა და მისი შვილებისაა.
32. მარჯვენა ბეჭი თქვენი სამადლობელი შესაწირავიდან მიეცი მღვდელს აღსამართავად.
33. ვინც სამადლობელი მსხვერპლის სისხლს და ქონს სწირავს აარონიანთაგან, მას ეკუთვნის წილად მარჯვენა ბეჭი.
34. რადგან შესარხეველი მკერდი და აღსამართავი ბეჭი გამოვართვი ისრაელიანებს მათი სამადლობელი მსხვერპლიდან და დავუწესე აარონს და მის შვილებს სამარადისო არჩივად ისრაელიანთაგან.
35. ეს არის წილი აარონისა და წილი მისი შვილებისა უფლისადმი შეწირული საცეცხლოდან მას შემდეგ, რაც წარდგენილ იქნენ ისინი სამღვდელოდ უფლის წინაშე;
36. რომელიც დააწესა უფალმა მათთვის მისაცემად ისრაელიანთაგან მათი ცხების დღეს. ეს არის სამარადისო წესი მათ თაობებში.
37. ეს არის რჯული აღსავლენისთვის, საძღვნოსთვის, ცოდვისთვის, დანაშაულისთვის, ხელავსებისთვის და სამადლობელი მსხვერპლისთვის,
38. რომელიც დაუწესა უფალმა მოსეს სინაის მთაზე, როდესაც უბრძანა ისრაელიანებს სინაის უდაბნოში მსხვერპლი შეეწირათ უფლისათვის.