ძველი აღთქმა

ლევიანნი

თავი მეცხრე

1. მეშვიდე დღეს უხმო მოსემ აარონს, მის შვილებს და ისრაელის უხუცესებს.

2. უთხრა აარონს: აიყვანე ხბო ცოდვის გამოსასყიდად და ვერძი აღსავლენად, საღნი, და შესწირე უფლის წინაშე.

3. ასე უთხარი ისრაელიანებს: აიყვანეთ თხა ცოდვის გამოსასყიდად, ხბო და ბატკანი, ორწლიანები, საღნი, აღსავლენად.

4. ხარი და ვერძი სამადლობელად უფლის წინაშე დასაკლავად, საძღვნო შესაწირავი, ზეთში აზელილი, რადგან დღეს გამოგეცხადებათ უფალი.

5. მოიყვანეს სადღესასწაულო კარვის წინ ყოველივე, რაც მოსემ უბრძანა; ახლოს მოდგა მთელი საზოგადოება და გაჩერდა უფლის წინაშე.

6. თქვა მოსემ: ეს არის, რისი გაკეთებაც ბრძანა უფალმა, და თქვენც გამოგეცხადებათ უფლის დიდება.

7. უთხრა მოსემ აარონს: ახლოს მიდი სამსხვერპლოსთან და შესწირე შენი ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი და აღსავლენი, და გამოითხოვე შენდობა შენთვის და ერისთვის; მიიტანე ერის შესაწირავი და გამოითხოვე მისთვის შენდობა, როგორც ნაბრძანები აქვს უფალს.

8. ახლოს მივიდა აარონი სამსხვერპლოსთან და დაკლა ხბო თავისი ცოდვის გამოსასყიდად.

9. მიუტანეს სისხლი შვილებმა აარონს, მან თითი ამოაწო სისხლში და სცხო სამსხვერპლოს რქებს. დანარჩენი სისხლი კი სამსხვერპლოს ძირას დაღვარა.

10. თავისი ცოდვის გამოსასყიდის ქონი, თირკმლები და ღვიძლის ბადექონი სამსხვერპლოზე დაწვა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.

11. ხორცი და ტყავი კი ბანაკის გარეთ დაწვა ცეცხლში.

12. დაკლა აარონმა აღსავლენი და მიუტანეს მას შვილებმა სისხლი, რომელიც გარშემო მოასხურა სამსხვერპლოს.

13. აღსავლენი ნაჭრებად მიუტანეს თავთან ერთად და დაწვა იგი სამსხვერპლოზე.

14. გარეცხა შიგნეული და კიდურები და დაწვა ისინი აღსავლენთან ერთად.

15. შესწირა ერის შესაწირავი: მოიყვანა თხა ერის ცოდვის გამოსასყიდად და დაკლა. ისიც შესწირა ცოდვისათვის, როგორც პირველი.

16. შესწირა აღსავლენი და წესისამებრ გაამზადა.

17. შესწირა საძღვნო და ხელი აივსო იმით, და დაწვა სამსხვერპლოზე დილის აღსავლენის გარდა.

18. დაკლა ხარი და ვერძი სამადლობელ მსხვერპლად ხალხისგან და მიუტანეს აარონს მისმა შვილებმა სისხლი, რომელიც გარშემო მოასხურა სამსხვერპლოს.

19. მიუტანეს ხარის ქონები და ვერძის დუმა, შიგნეულის ქონი, თირკმლები და ღვიძლის ბადექონი.

22. დაადეს ქონები მკერდს და დაწვა ქონები სამსხვერპლოზე.

21. მკერდი და მარჯვენა ბეჭი შეარხია აარონმა შესარხეველად უფლის წინაშე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსეს.

22. გაიშვირა ხელი აარონმა ერისკენ და დალოცა ისინი, და ჩამოვიდა ძირს, როცა მორჩა ცოდვის გამოსასყიდს, აღსავლენს და სამადლობელ მსხვერპლს.

23. შევიდნენ მოსე და აარონი სადღესასწაულო კარავში, გამოვიდნენ და დალოცეს ერი. მაშინ გამოეცხადა მთელს ერს უფლის დიდება.

24. გამოვიდა ცეცხლი უფლისაგან და შეჭამა სამსხვერპლოზე დაწყობილი აღსავლენი და ქონები. იხილა მთელმა ერმა. აღმოხდათ სიხარულის ხმა და პირქვე დაემხნენ.