1. განაჩენი, სიტყვა უფლისა ისრაელისადმი მალაქიას პირით:
2. მე შეგიყვარეთ თქვენ, ამბობს უფალი; თქვენ კი ამბობთ, რისთვის შეგვიყვარეო? განა ესავი იაკობის ძმა არ არის? ამბობს უფალი, მაგრამ მე იაკობი შევიყვარე,
3. ესავი კი შევიძულე და გავაუკაცრიელე მისი მთები და უდაბნოს ტურებს მივეცი მისი სამკვიდრო.
4. თუმცა ამბობს ედომი: დარბეული ვართ, მაგრამ კვლავ ავაშენებთ ნაოხარსო. ცაბაოთ უფალი ასე ამბობს: ისინი ააშენებენ და მე დავანგრევ: დაარქმევენ მათ სიბოროტის მხარეს და ისეთ ხალხს, რომელსაც სამუდამოდ შემოსწყრა უფალი.
5. იხილავენ ამას თქვენი თვალები და იტყვით: იდიდა უფალმა ისრაელის საზღვრებს გარეთ.
6. შვილი პატივს სცემს მამას და ყმა - თავის ბატონს. თუ მამა ვარ, სად არის ჩემი პატივისცემა? თუ მათი ბატონი ვარ, სად არის ჩემდამი შიში? თქვენ გეუბნებათ ცაბაოთ უფალი, მღვდლებო, ჩემი სახელის შეურაცხმყოფელნო; თქვენ კი ამბობთ: რითი შეურაცხვყავით შენი სახელიო?
7. მოგაქვთ ჩემს სამსხვერპლოზე წაბილწული პური და ამბობთ: რითი წაგბილწეთო? იმით, რომ ამბობთ: სუფლო ტაბლა შესაზიზღიაო.
8. ბრმას რომ სწირავთ მსხვერპლად, ბოროტება არ არის? კოჭლი და სნეული რომ მოგყავთ, ბოროტება არ არის? აბა მიართვი იგი შენს ხელისუფალს, თუ მოგიწონოს ანთუ კეთილად შემოგხედოს? ამბობს ცაბაოთ უფალი.
9. ახლა კი შეევედრეთ ღმერთს, ვინძლო შეგვიწყაღოთ. როგორ შემოგხედოს კეთილად, როცა ეს გამოდის თქვენი ხელიდან? ამბობს ცაბაოთ უფალი.
10. რომელმა თქვენგანმა დახშა კარი, რომ ფუჭად არ ანთებდეთ ცეცხლს ჩემს სამსხვერპლოზე! არ მეთნევით, ამბობს ცაბაოთ უფალი, და არ მეამება თქვენი ხელით მორთმეული ძღვენი.
11. რადგან დიდი იქნება ჩემი სახელი ხალხებში მზის აღმოსავლეთიდან დასავლამდე; ყოველ ადგილას დაუკმევენ საკმეველს ჩემს სახელს და წმიდა ძღვენს შემომწირავენ; რადგან დიდი იქნება ჩემი სახელი ხალხებში, ამბობს ცაბაოთ უფალი.
12. თქვენ კი შელახეთ იგი თქვენი ნათქვამით: უფლის ტაბლა წაბილწულიაო და ნაყოფი მისი შესაზიზღიაო საჭმელად.
13. ამბობთ: აჰა, რა დამქანცველიაო. და გძულთ იგი, ამბობს ცაბაოთ უფალი, და მოგყავთ ნატაცები, კოჭლი და სნეული; ძღვენიც ასეთივე მოგაქვთ - როგორ მეამოს მისი მიღება თქვენი ხელიდან? ამბობს უფალი.
14. წყეულიმც იყოს ის თვალთმაქცი, ვისაც მამალი პირუტყვი ჰყავს ფარაში, მაგრამ დასაჩიხრებულს აღუთქვამს მსხვერპლად უფალს! რადგან დიდი მეფე ვარ მე, ამბობს ცაბაოთ უფალი, და საშინელია ჩემი სახელი ხალხებში.