1. ახლა თქვენთვის არის ეს მცნება, მღვდლებო:
2. თუ არ გაიგონებთ და გულში არ ჩაიდებთ მას, რომ პატივი მიაგოთ ჩემს სახელს, ამბობს ცაბაოთ უფალი, მოვავლენ თქვენზე წყევლას და დავწყევლი თქვენს კურთხევებს. დავწყევლე კიდეც, რადგან არ ჩაგიდევთ გულში.
3. აჰა, დაგიკავებთ თესლს და პირისახეზე დაგაყრით საკლავის განავალს, თქვენი დღესასწაულების განავალს, და თან წაიღებთ მას.
4. მიხვდებით, რომ მე გამოგიგზავნეთ ეს მცნება ლევიანებთან ჩემი აღთქმის შესანარჩუნებლად, ამბობს ცაბაოთ უფალი.
5. ჩემი აღთქმა მასთან სასიცოცხლოდ და სამშვიდობოდ იყო და მე მივეცი ეს მათ ჩემი შიშისათვის; რიდი ჰქონდათ ჩემი და ეკრძალვოდნენ ჩემს სახელს.
6. ჭეშმარიტი რჯული იყო მის პირში და უკეთურება არ იპოვებოდა მის ბაგეებში; მშვიდობით და სიმართლით დადიოდა ჩემს წინაშე და მრავალი მოაქცია ბოროტებისგან.
7. რადგან მღვდლის ბაგეები უნდა იმარხავდეს ცოდნას და მისი პირიდან უნდა მოელოდნენ რჯულს, რადგან ცაბაოთ უფლის მოციქულია იგი.
8. თქვენ კი გადაუხვიეთ გზიდან, ბევრი ააცდინეთ რჯულს და დაარღვიეთ ლევიანთა აღთქმა, ამბობს ცაბაოთ უფალი.
9. მეც საძულველად გაგხდით და დაგამცირებთ ყოველი ხალხის თვალში, რადგან არ დაიცავით ჩემი გზები და მიკერძოებას იჩენდით რჯულში.
10. განა ერთი მამა არა გვყავს ყველას? განა ერთმა ღმერთმა არ გაგვაჩინა? მაშ, რატომ ვმუხანათობთ ერთმანეთს? რომ შევლახოთ ჩვენი მამა-პაპის აღთქმა?
11. მუხანათობს იუდა და სისაძაგლე ხდება ისრაელში და იერუსალიმში, რადგან შელახა იუდამ უფლის სიწმიდე, რომელიც უყვარდა, და უცხო ღმერთის ასულს ექმრო.
12. მოიკვეთს უფალი იაკობის კარვებიდან ამის ჩამდენს - მღვიძარს და ხმისგამცემს და ძღვენის მიმტანს ცაბაოთ უფლისადმი.
13. აჰა, კიდევ რას აკეთებთ: ცრემლით აფარვინებთ სამსხვერპლოს, ტირილითა და კვნესით, ისე რომ ვეღარ ხედავს ძღვენს და კეთილგანწყობით ვეღარ იღებს თქვენი ხელიდან.
14. თქვენ ამბობთ: რისთვისო? იმისთვის, რომ მოწმე იყო უფალი შენსა და შენი სიყრმის ცოლს შორის, რომელსაც უღალატე; ის კი შენი მეგობარი და შენი აღთქმის ცოლი იყო.
15. არავინ ჩაიდენს ამას, ვისაც კი სულის ნატამალი შერჩენია. რას ითხოვს კაცი? შთამომავლობას ღვთისაგან. თქვენც გაუფრთხილდით თქვენს სულს და ნუ უღალატებთ სიყრმის ცოლს.
16. რადგან მძულს გაყრა, ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, და თავისი სამოსელის ძალადობით დამფარველი, ამბობს ცაბაოთ უფალი, გაუფრთხილდით თქვენს სულს და ნუ იქნებით ღალატიანი.
17. დაღალეთ უფალი თქვენი სიტყვებით და ამბობთ: რითი დავღალეთო? იმით, რომ ამბობთ: ყოველი ბოროტმოქმედი კეთილად უჩნსო უფალს და ისინი უყვარსო მას, ან სად არისო სამართღის ღმერთი?