1. ვაი ავისმზრახველთ და ბოროტისმოქმედთ, განთიადისას რომ სჩადიან თავიანთ საწოლებზე, როცა ძალა აქვთ ხელებში!
2. მოუნდებათ ყანები და იტაცებენ, სახლები - და მიაქვთ; ავიწროებენ კაცსა და მის სახლს, ადამიანს და მის სამკვიდროს.
3. ამიტომ ასე ამბობს უფალი: აჰა, ბოროტს ვიზრახავ ამ მოდგმაზე, რომლისგანაც ვერ გაითავისუფლებთ კისრებს და გამართულად ვერ ივლით, რადგან ავი დროება იქნება.
4. იმ დღეს შეთხზავენ თქვენზე იგავს, გაიმართება გლოვა და ითქმება: გაძარცულნი ვართ! ჩემი ხალხის ხვედრი სხვას შეხვდა! როგორ გამცილდა! ჩვენ დამატყვევართ დაუნაწილდა ჩვენი ყანები.
5. ამიტომ არ გეყოლება უფლის კრებულში წილისყრით მიწის გამზომელი.
6. ნუ ქადაგებთ, მოქადაგენო! არ უქადაგოთ მათ, ვინც ვერ გაექცევა სირცხვილს.
7. ნათქვამია, იაკობის სახლო: განა სულმოკლეა უფალი? ასეთია მისი საქმეები? განა კეთილი არ მოაქვს ჩემ სიტყვებს იმათთვის, ვინც წრფელად იქცევა?
8. ადრიდანვე მტრად აღდგა ჩემი ხალხი, ადრევე ხდიდით ტანისამოსს არხეინად მომავალთ, ბრძოლიდან დაბრუნებულთ.
9. ჩემი ერის ქალებს მათი სანუკვარი სახლებიდან ერეკებით; მათ ბავშვებს სამუდამოდ ართმევთ ჩემს დიდებას.
10. ადექით და წადით, არ არის აქ განსასვენებელი ადგილი; უწმიდურობის გამო გაიტანჯება და მწარე იქნება სატანჯველი.
11. ოჰ, ერთი მოიტყუებდეს ქარისა და სიცრუის მდევნელი კაცი: მე გიქადაგებთ ღვინოზე და თაფლუჭზეო. ის იქნებოდა ამ ხალხის ქადაგი.
12. მთლიანად შეგკრებ, იაკობ, თავს მოვუყრი ისრაელის ნატამალს; ერთად დავსხამ როგორც ცხვარს ფარეხში; როგორც ფარა თავის სადგომში, ისე ახმაურდება კაცთა სიმრავლისგან.
13. მათ წინ აივლის კედლის მნგრეველი, გაანგრევენ და გაივლიან და უკანვე გამოვლენ; ჩაივლის მათ წინ მათი მეფე და უფალი მათ სათავეში.