1. შეიკრიბნენ ეფრემელები, გადავიდნენ ცაფონში და უთხრეს იფთახს: რატომ წახვედი ყამონიანებთან საომრად და ჩვენ არ დაგვიძახე. სახლკარიანად გადაგბუგავთ.
2. უთხრა მათ იფთახმა: მაგარი მტრობა გვქონდა ყამონიანებთან მე და ჩემს ხალხს. გიძახდით, მაგრამ არ მიხსენით მათი ხელიდან.
3. როცა ვნახე, არავინ დამიხსნიდა, თავი გამოვიმეტე, წავედი ყამონიანებზე და ღმერთმა ხელში ჩამიგდო ისინი. ახლა რისთვის მეჩხუბებით?
4. შეკრიბა იფთახმა ყველა გალაადელი და შეება ეფრემს. დაამარცხეს გალაადელებმა ეფრემი, რადგან ამბობდნენ, თქვენ ეფრემიდან ხართო გადმოხვეწილნი. გალაადი ეფრემს შორისაა და მენაშეს შორისაა.
5. გადაუჭრა გალაადმა ეფრემს იორდანეზე გადასასვლელი ფონი და როცა რომელიმე გადარჩენილი ეფრემიანი იტყოდა, გაღმა გადამიშვითო, ჰკითხავდნენ, ეფრემიანი ხომ არა ხარო? თუ მიუგებდა: არაო,
6. უბრძანებდნენ: თქვი „შიბოლეთი“ (თავთავი). ის კი იტყოდა: „სიბოლეთი“, სხვაგვარად წარმოთქმა არ შეეძლო. მაშინ შეიპყრობდნენ და კლავდნენ იორდანეს ფონთან. ორმოცდაორი ათასი ეფრემიანი დაეცა იმჟამად.
7. ექვსი წელი მსაჯულობდა იფთახი ისრაელზე. მერე მოკვდა იფთახ გალაადელი და დამარხეს გალაადის ერთერთ ქალაქში.
8. მის შემდეგ ისრაელის მსაჯული გახდა იბცან ბეთლემელი.
9. ოცდაათი ვაჟი ჰყავდა, შინიდან ოცდაათი ქალი გაისტუმრა, ოცდაათი ქალი შინ მოუყვანა თავის ვაჟებს და შვიდი წელი მსაჯულობდა ისრაელზე.
10. მერე მოკვდა იბცანი და დამარხეს ბეთლემში.
11. მის შემდეგ ისრაელის მსაჯული გახდა ელონ ზებულონელი. ათი წელი მსაჯულობდა იგი ისრაელზე.
12. მერე მოკვდა ელონ ზებულონელი და დამარხეს აიალონში, ზებულონის მხარეში.
13. მას შემდეგ ისრაელის მსაჯული გახდა ყაბდონი, ჰილელის ძე, პირყათონელი.
14. ორმოცი ვაჟი და ოცდაათი შვილიშვილი ჰყავდა, სამოცდაათ ახალგაზრდა სახედარზე ამხედრებული, და რვა წელი მსაჯულობდა ისრაელზე.
15. მერე მოკვდა ყაბდონ ჰილელის ძე, პირყათონელი, და დამარხეს პირყათონში, ეფრემის მხარეში, ყამალეკის მთაში.