1. კვლავ უკუღმართად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის თვალში და ფილისტიმელების ხელში ამყოფა ისინი უფალმა ორმოც წელს.
2. იყო იმჟამად ერთი ცორელი კაცი დანის ტომში, სახელად მანოახი. ცოლი ბერწი ჰყავდა და შვილს ვერ უჩენდა.
3. გამოეცხადა ქალს უფლის ანგელოზი და უთხრა: აჰა, ბერწი ხარ და შვილს ვერ აჩენ, მაგრამ დაორსულდები და ვაჟი შეგეძინება.
4. ოღონდ ფრთხილად იყავი, არ დალიო ღვინო და თაფლუჭი, უწმიდურიც არაფერი ჭამო.
5. რადგან, აჰა, დაორსულდები და ვაჟი შეგეძინება, სამართებელი არ უნდა მიეკაროს მის თავს, რადგან ღვთის მოწმიდარი იქნება იგი დედის მუცლიდანვე და შეუდგება ისრაელის დახსნას ფილისტიმელთა ხელიდან.
6. წამოვიდა ქალი და უთხრა თავის ქმარს: ღვთისკაცი მოვიდა ჩემთან, ღვთის ანგელოზივით იერი ჰქონდა, დიდად საკრძალველი იერი. არ მიკითხავს მისთვის სადაურობა და არც მას გაუმხელია ჩემთვის თავისი სახელი.
7. მითხრა: აჰა, დაორსულდები და ვაჟი შეგეძინება, ოღონდ არ დალიო ღვინო და თაფლუჭი, უწმიდურიც არაფერი ჭამო, რადგან ყმაწვილი დედის მუცლიდან სიკვდილამდე ღვთის მოწმიდარი იქნებაო.
8. ლოცვა აღუვლინა მანოახმა უფალს და უთხრა: უფალო, ერთხელ კიდევ გვეწვიოს შენგან მოვლენილი ღვთისკაცი და გვითხრას, რა ვუყოთ ყმაწვილს, რომელიც გაჩნდება.
9. უსმინა ღმერთმა მანოახს და ღვთის ანგელოზი ხელახლა მოვიდა ქალთან, როცა იგი ყანაში იყო, და მანოახი, მისი ქმარი, თან არ ახლდა.
10. მაშინვე გამოიქცა ქალი და შეატყობინა ქმარს: აჰა, გამომეცხადა ის კაცი, ამასწინათ რომ მოვიდა ჩემთან.
11. ადგა მანოახი, წაჰყვა თავის ცოლს, მივიდა იმ კაცთან და უთხრა: შენ ხარ ის კაცი, ამ ქალს რომ ელაპარაკა? მიუგო: მე ვარ.
12. უთხრა მანოახმა: თუ მართლა ახდა შენი სიტყვა, რა უნდა ვუყოთ ამ ყმაწვილს, როგორ უნდა მოვექცეთ?
13. უთხრა უფლის ანგელოზმა მანოახს: ერიდოს ყველაფერს, რაც ქალს ვუთხარი.
14. არაფერს გაეკაროს ვაზისაგან მოწეულს, არც რამე უწმიდური ჭამოს. შეასრულოს ყველაფერი, რაც ვუბრძანე.
15. უთხრა მანოახმა უფლის ანგელოზს: დარჩი გევედრები, თიკანს დაგიკლავ.
16. უთხრა უფლის ანგელოზმა მანოახს: რაც უნდა მევედრო, მაინც არ გავტეხ შენს პურს. თუ გინდა, რომ უფალს აღსავლენი მსხვერპლი შესწირო, შესწირე. არ იცოდა მანოახმა, რომ ეს უფლის ანგელოზი იყო.
17. უთხრა მანოახმა უფლის ანგელოზს: სახელად რა გქვია? ხომ უნდა დაგლოცოთ, როცა შენი სიტყვა ახდება.
18. უთხრა უფლის ანგელოზმა: რისთვის მეკითხები სახელს? საიდუმლოა იგი.
19. მოიტანა მანოახმა თიკანი და ძღვენი და ქვაზე დააწყო, რომ შეეწირა უფლისათვის, ხოლო მან სასწაული მოახდინა მანოახისა და მისი ცოლის თვალწინ.
20. როცა სამსხვერპლოდან ალი ცისკენ ავარდა, უფლის ანგელოზი ზეაჰყვა სამსხვერპლოს ალს. ეს რომ დაინახეს, მიწაზე დაემხვნენ მანოახი და მისი ცოლი.
21. მიეფარა უფლის ანგელოზი მანოახისა და მისი ცოლის თვალს. მაშინ კი მიხვდა მანოახი, რომ ეს უფლის ანგელოზი იყო.
22. უთხრა მანოახმა ცოლს: სიკვდილი არ აგვცდება, რადგან უფლის ანგელოზი ვიხილეთ.
23. ცოლმა უთხრა: უფალს რომ ჩვენი სიკვდილი ნდომოდა, არ მიიღებდა აღსავლენს და ძღვენს ჩვენი ხელიდან. არ დაგვანახებდა და არ მოგვასმენინებდა ყველაფერს ამას.
24. შობა ქალმა ვაჟი და უწოდა სამსონი. გაიზარდა ყმაწვილი და უფალმა აკურთხა იგი.
25. უფლის სულმა იწყო მისი აღძვრა დანის ბანაკში ცორასა და ეთშაოლს შორის.