ძველი აღთქმა

მსაჯულნი

თავი მეთოთხმეტე

1. ჩავიდა სამსონი თიმნათში და იქ ერთი ქალი ნახა, ფილისტიმელი, და მოეწონა.

2. აბრუნდა და გამოუცხადა თავის მამას და დედას: ერთი ქალი ვნახე თიმნათში, ფილისტიმელი, მომიყვანეთ იგი ცოლად.

3. უთხრეს მამამ და დედამ: ქალი დაილია შენს საგვარტომოში და მთელს შენს ერში, წინდაუცვეთელ ფილისტიმელთაგან რომ თხოულობ ცოლს? უთხრა სამსონმა მამამისს: ის უნდა მომიყვანო, რადგან ის მომეწონა.

4. რა იცოდნენ მისმა მამამ და დედამ, რომ ეს უფლისგან იყო და რომ იგი შემთხვევას ეძებდა ფილისტიმელთა წინააღმდეგ, რადგან ისრაელზე ბატონობდნენ ფილისტიმელები იმჟამად.

5. წავიდა სამსონი თიმნათში თავის მამასთან და დედასთან ერთად. როცა თიმნათის ზვრებს მიუახლოვდნენ, აჰა, ლომის ბოკვერი ბუხუნით მოდის მისკენ.

6. მოიცვა იგი უფლის სულმა და თიკანივით შუაზე გახლიჩა ლომი, ისე რომ ხელში არაფერი სჭერია. მამისთვის და დედისთვის არ უთქვამს, რაც ჩაიდინა.

7. მივიდა, ელაპარაკა ქალს და თვალში მოუვიდა იგი სამსონს.

8. რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ ჩააკითხა, რომ ცოლად მოეყვანა, მოკლული ლომის სანახავადაც შეუხვია და, აჰა, ფუტკრის გუნდი და თაფლია ლომის ჩონჩხში.

9. პეშვით გამოიღო, მიდიოდა და გზადაგზა ჭამდა. როცა მამას და დედას წამოეწია, მისცა და მათაც ჭამეს, მაგრამ არ უთქვამს, რომ ეს თაფლი ლომის ჩონჩხიდან იყო გამოღებული.

10. მივიდა მამამისი ქალთან და სამსონმა იქვე გადაიხადა ლხინი, როგორც სასიძოები იქცევიან ხოლმე.

11. როცა იგი ნახეს, ოცდაათი მაყარი ამოურჩიეს, და ისინიც იყვნენ მასთან.

12. უთხრა მათ სამსონმა: ერთ გამოცანას გეტყვით, თუ ამ შვიდ დღეში გამოიცნობთ, სანამ ლხინი გრძელდება, ოცდაათ ხელ საცვალს და ოცდაათ ხელ ტანსაცმელს მოგცემთ.

13. თუ ვერ გამოიცნობთ, მაშინ თქვენ მომეცით ოცდაათი ხელი საცვალი და ოცდაათი ხელი ტანსაცმელი. მათ უთხრეს: თქვი შენი გამოცანა და მოგისმენთ.

14. უთხრა: მჭამელიდან საჭმელი გამოვიდა, ძლიერიდან ტკბილი გამოვიდა. სამი დღის განმავლობაში ვერ გამოიცნეს გამოცანა.

15. მეოთხე დღეს უთხრეს სამსონის ცოლს დაიყოლიე შენი ქმარი, რომ გვითხრას გამოცანის ახსნა, თორემ შენც დაგწვავთ და მამაშენის სახლსაც. ნუთუ გასაძარცვავად მოგვიპატიჟეთ?

16. შესტირა ცოლმა სამსონს და უთხრა: გძულებივარ, კი არ გყვარებივარ. გამოცანა მიგიცია ჩემიანებისათვის, ახსნას კი არ მეუბნები. მან უთხრა: ჩემი მამისთვის და დედისთვისაც არ მითქვამს მისი ახსნა, შენ როგორ გეტყვი?

17. შვიდი დღე შესტიროდა ქალი სამსონს, რამდენ ხანსაც ლხინი გრძელდებოდა. ბოლოს, მეშვიდე დღეს, თავი რომ მოაბეზრა, უთხრა ახსნა.

18. მეშვიდე დღეს, მზის ჩასვლამდე, უთხრეს მას თიმნათელებმა: რა არის თაფლზე ტკბილი და ლომზე ძლიერი? უთხრა: ჩემი ფურით რომ არ გეხნათ, ვერ გამოიცნობდით ჩემს გამოცანას.

19. მოიცვა იგი უფლის სულმა, წავიდა ასკალონში, დახოცა ოცდაათი კაცი, გახადა ტანსაცმელი და ჩამოურიგა თითო-თითო ხელი გამოცანის გამომცნობლებს. მერე გაცეცხლებული მამის სახლში დაბრუნდა.

20. სამსონის ცოლი კი ერთ-ერთ მექორწინეს მისთხოვდა, ქმრის მაყარს.