1. გამოხდა ხანი, და პურისმკის დროს წავიდა სამსონი თავისი ცოლის სანახავად და ერთი თიკანი წაიყვანა. თქვა: შევალ ჩემს ცოლთან სანთიობოშიო, მაგრამ ქალის მამამ არ შეუშვა.
2. უთხრა ქალის მამამ: მეგონა, გული აიყარე მასზე, და შენს მაყარს მივათხოვე. აი, უმცროსი და მასზე ლამაზია, ეგ წაიყვანე მის ნაცვლად.
3. უთხრა მათ სამსონმა: ხომ მართალი ვიქნები ფილისტიმელებთან, ავი საქმე რომ დავმართო?
4. წავიდა სამსონი, დაიჭირა სამასი მელა, აიღო ჩირაღდნები, ორ-ორ მელას კუდები ერთმანეთზე გადაუსკვნა და ზედ თითო ჩირაღდანი მიაბა.
5. აანთო ჩირაღდნები და შეუშვა ფილისტიმელების ყანებში. გადაუწვა ძნებიცა და სამკალიც, ვენახებიცა და ზეთისხილის ბაღებიც.
6. თქვეს ფილისტიმელებმა: ვინ ჩაიდინა ეს საქმე? მიუგეს: სამსონმა, თიმნათელის სიძემ, რადგან ამ თიმნათელმა აიღო და მის მაყარს მიათხოვა მისი ცოლი. წავიდნენ ფილისტიმელები და ცეცხლში ამობუგეს მამა-შვილი.
7. უთხრა მათ სამსონმა: რაკი ასე მომექეცით, ვერ მოვისვენებ, სანამ თქვენს ჯავრს არ ამოვიყრი.
8. მაგრად ურტყა მათ წვივებზე და თეძოებზე. მერე წავიდა და ყეტამის კლდეში ეხს შეაფარა თავი.
9. წავიდნენ ფილისტიმელები, იუდაში დაბანაკდნენ და განივრცნენ ლეხამდე.
10. უთხრეს იუდიანებმა: რატომ წამოხვედით ჩვენზე? მიუგეს: სამსონის შესაპყრობად წამოვედით, ის უნდა დავმართოთ, რაც ჩვენ დაგვმართა.
11. მივიდა სამასი კაცი იუდადან ყეტამის კლდის ეხთან და უთხრა სამსონს: ვითომ არ იცი, რომ ფილისტიმელები ბატონობენ ჩვენზე? ეს რა ჭირში ჩაგვყარე?
12. უთხრეს: მოვედით, რომ შეგიპყროთ და ხელთ მიგცეთ ფილისტიმელებს. უთხრა სამსონმა: შემომფიცეთ, რომ არ მომკლავთ.
13. უთხრეს: არა, მხოლოდ შეგიპყრობთ და ხელთ მიგცემთ ფილისტიმელებს. მოკვლით არ მოგკლავთო. ორი ახალი თოკით გაკოჭეს და წაიყვანეს ეხიდან.
14. ლეხთან რომ მივიდა, ყიჟინით შემოეხვივნენ ფილისტიმელები. უფლის სული გადმოვიდა მასზე, თოკები, რომლებითაც ხელები ჰქონდა შეკრული, დამწვარი სელივით შეიქმნა და დასცვივდა ბორკილები ხელებიდან.
15. ვირის ახალი თავყბა იპოვა, ხელით დასწვდა, აიღო და ათასი კაცი დახოცა იმით.
16. თქვა სამსონმა: ვირის თავყბით ვირთა დასიო, ვირის ყბით ვხოცე ათასიო.
17. ეს რომ თქვა, გააგდო ვირის თავყბა ხელიდან და უწოდა იმ ადგილს რამათ-ლეხი.
18. ძალიან მოსწყურდა და შეევედრა უფალს: ეს დიდი საქმე ხომ ჩაიდინე შენი მორჩილის ხელით, ნუთუ ახლა წყურვილმა უნდა მომკლას და წინდაუცვეთელებს ჩავუვარდე ხელში?
19. გააჩინა ღმერთმა ლეხში ნაპრალი და ამოხეთქა იქიდან წყალმა. დალია სამსონმა, სული მოიბრუნა და გამოცოცხლდა. ამიტომაც ეწოდა იმ ადგილს ვედრების წყარო, რომელიც დღემდეა ლეხში.
20. იგი ოცი წელი იყო ისრაელის მსაჯული ფილისტიმელების დროს.