ძველი აღთქმა

მსაჯულნი

თავი მეჩვიდმეტე

1. იყო კაცი ვინმე ეფრემის მთაში, სახელად მიქაიეჰუ.

2. უთხრა დედას: შენ რომ ათას ასი ვერცხლი წაგიღეს, რომლის გამოც ჩემი თანდასწრებით წყევლა წარმოთქვი, ჩემთანაა ეს ვერცხლი, ჩემი აღებულია. თქვა დედამისმა: დაილოცოს უფლისაგან ჩემი შვილი.

3. დაუბრუნა დედას ათას ასი ვერცხლი. თქვა დედამისმა: ჩემი ხელით შემიწირავს ეს ვერცხლი უფლისათვის ჩემი შვილის სახელზე ქანდაკისა და ჩამოსხმული კერპის გასაკეთებლად. აჰა, შენთვის დამიბრუნებია.

4. როცა დაუბრუნა ვერცხლი დედამისს, აიღო დედამისმა ორასი ვერცხლი, მიუტანა გადამდნობელს, ქანდაკი და ჩამოსხმული კერპი გააკეთებინა და იდგა ისინი მიქაიეჰუს სახლში.

5. ჰქონდა ამ კაცს, მიქას, ღვთის სახლი. გააკეთა მან ეფოდი და თერაფიმი, აუვსო ხელი თავის ერთ-ერთ ვაჟს და ჰყავდა იგი მღვდლად.

6. იმ დროს ისრაელს მეფე არ ჰყავდა და ვისაც რა უნდოდა, იმას სჩადიოდა.

7. ცხოვრობდა ერთი ყმაწვილი იუდას ბეთლემში, იუდას ტომში, ლევიანი იყო და იქ მდგმურობდა.

8. წავიდა ეს კაცი იუდას ბეთლემიდან, რომ სადმე მდგმურად დამდგარიყო, სადაც მოუხვდებოდა და, თავის გზით მიმავალი, ეფრემის მთაში მიქას სახლს მოადგა.

9. უთხრა მიქამ: საიდან მოდიხარ? მან მიუგო: ლევიანი ვარ, იუდას ბეთლემიდან, დავდივარ, რომ სადმე მდგმურად დავდგე, სადაც მომიხდება.

10. უთხრა მიქამ: დარჩი ჩემთან, გამიხდი მამად და მღვდლად. წლიურად ათ ვერცხლს მოგცემ, შესამოსელს და სარჩოს. მივიდა ლევიანი.

11. და გადაწყვიტა ლევიანმა, დარჩენილიყო ამ კაცთან. და გახდა ყმაწვილი მისთვის, როგორც ერთი შვილთაგანი.

12. აუვსო ხელი მიქამ ლევიანს, გახდა ყმაწვილი კაცი მისი მღვდელი და ცხოვრობდა მიქას სახლში.

13. თქვა მიქამ: ახლა კი ვიცი, სიკეთეს მომაგებს უფალი, რადგან ლევიანი მყავს მღვდლად.