ძველი აღთქმა

მსაჯულნი

თავი მეთვრამეტე

1. იმ ხანებში ისრაელს მეფე არ ჰყავდა. იმ ხანებში დანის ტომი თავის წილხვდომილს დაეძებდა, რომ იქ დასახლებულიყო, რადგან ჯერაც არ ხვდომოდა წილი ისრაელის ტომთა შორის.

2. ხუთი კაცი გაგზავნეს დანიანებმა თავიანთი ტომიდან, ცორელები და ეშთაოლელები, მაგარი ვაჟკაცები, რომ მხარე დაევლოთ და დაეზვერათ. უთხრეს, წადით და მხარე დაზვერეთო. მივიდნენ ეფრემის მთაში მიქას სახლთან და ღამე იქ გაითიეს.

3. მიქას სახლთან ყოფნისას ეცნოთ ყმაწვილი ლევიანის ხმა, შევიდნენ და ჰკითხეს: აქ ვინ მოგიყვანა, არას აკეთებ, რა გინდა აქ?

4. მიუგო: ასე და ასე მომირიგდა მიქა, დამიქირავა და მღვდლად დამიყენა.

5. უთხრეს: ჰკითხე ღმერთს, გვინდა ვიცოდეთ, იღბლიანი იქნება თუ არა ჩვენი გზა, რომელსაც ვადგავართ?

6. უთხრა მღვდელმა: მშვიდობით ივლით, უფალი გიფარავთ თქვენს გზაზე, რომელსაც ადგახართ.

7. წავიდა ეს ხუთი კაცი, მივიდა ლაიშში და ნახა: ცხოვრობს იქ ხალხი უზრუნველად, ციდონელთა წესის მიხედვით, წყნარი და უზრუნველი, ქვეყანაზე არავინ აწუხებს, არავინ ებატონება, ციდონელებისგან მოწყვეტილია და არა ხალხთან არა აქვს საქმე.

8. მობრუნდნენ მოძმეებთან, ცორასა და ეშთაოლში. ჰკითხეს მოძმეებმა: რა ამბავი მოგაქვთ?

9. მიუგეს: ავდგეთ და გავილაშქროთ მათზე, რადგან ვნახეთ მათი მხარე და ძალიან კარგი იყო, თქვენ კი არაფერს ჰღონობთ. ნუღა დაბრკოლდებით, წადით და დაიმკვიდრეთ ის მხარე.

10. მიხვალთ და უზრუნველ ხალხს წააწყდებით. გაშლილი მხარეა და ღმერთს თქვენთვის მოუცია იგი. ისეთი ადგილია, არაფერი რომ არ აკლია ქვეყანაზე.

11. გაემართა იქიდან დანისტომელთა ერთი ნაწილი, ცორელები და ეშთაოლელები, საომრად შეჭურვილი ექვსასი კაცი.

12. წავიდნენ და კირიათ-იეყარიმში, იუდაში, დაბანაკდნენ. ამიტომ ეძახიან დღემდე იმ ადგილს დანის ბანაკს. იგი კირიათ-იეყარიმის გადაღმაა.

13. იქიდან ეფრემის მთაში ავიდნენ და მიქას სახლს მიადგნენ.

14. იმ ხუთმა კაცმა, ლაიშის მხარე რომ დაზვერა, უთხრა თანამოძმეებს: თუ იცით, რომ ერთ-ერთში ამ სახლთაგან არის ეფოდი, თერაფიმი, ქანდაკი და ჩამოსხმული კერპი? ჰოდა, მოიფიქრეთ, როგორ მოვიქცეთ.

15. გაუხვიეს იქით და შევიდნენ ყმაწვილი ლევიანის სახლში, მიქას სახლში, და მშვიდობით მოიკითხეს.

16. ექვსასი კაცი დანისტომელი, საომრად შეჭურვილი, ჭიშკართან იდგა.

17. ავიდა ის ხუთი კაცი, მხარე რომ დაზვერა, შევიდა შიგნით, აიღო ქანდაკი, ეფოდი, თერაფიმი და ჩამოსხმული კერპი. მღვდელი ჭიშკართან იდგა საომრად შეჭურვილი ექვსასი კაცის გვერდით.

18. მიქას სახლში შევიდნენ ისინი და აიღეს ქანდაკი, ეფოდი, თერაფიმი და ჩამოსხმული კერპი. უთხრა მათ მღვდელმა: რას სჩადიხართ!

19. მიუგეს: გაჩუმდი, პირზე ხელი აიფარე და წამოგვყევი, გაგვიხდი მამად და მღვდლად. რა გირჩევნია, ერთი კაცის მღვდლობა თუ ისრაელის ტომისა და მოდგმის მღვდლობა?

20. გაუხარდა მღვდელს, აიღო ეფოდი, თერაფიმი, ქანდაკი და გაჰყვა იმ ხალხს.

21. გაბრუნდნენ ისინი და გზას გაუდგნენ. ქალები და ბავშვები, საქონელი და ტვართი წინ გაუშვეს.

22. გამოცილებული იყვნენ მიქას სახლს, რომ შეიყარნენ მიქას კარის მეზობლები და უკან გამოუდგნენ დანიანებს.

23. მიჰყვიროდნენ დანიანებს. მოიხედეს დანიანებმა და უთხრეს მიქას: რა მოგივიდა, რა გაყვირებს?

24. უთხრა: მომტაცეთ ჩემი გაკეთებული ღმერთები, ჩემი მღვდელი და წახვედით, სხვა რაღა უნდა მომხდარიყო? როგორღა მეუბნებით, რა მოგივიდაო?

25. დანიანებმა უთხრეს: აღარ გავიგონოთ შენი ხმა, თორემ გამწარდება ზოგიერთი ჩვენგანი, გამოგენთებათ და დაღუპავ შენს თავსაც და შენიანებსაც.

26. წავიდნენ დანიანები თავიანთი გზით. დაინახა მიქამ, რომ მასზე ძლიერები იყვნენ ისინი, გატრიალდა და შინ დაბრუნდა.

27. წაიღეს მიქას ნაკეთობანი და მისი მღვდელიც თან წაიყვანეს. დაეცნენ ლაიშში წყნარ და უზრუნველ ხალხს, მახვილით მოსრეს და ცეცხლს მისცეს ქალაქი.

28. არავინ აღმოჩნდა მისი მშველელი, რადგან ციდონისგან შორს იყო და არა ხალხთან არ ჰქონდა საქმე. ეს ქალაქი ვაკეზე მდებარეობდა ბეთ-რეხობის ახლოს. ხელახლა ააშენეს ქალაქი, დასახლდნენ მასში.

29. თავიანთი მამის, დანის, ისრაელის ძის, სახელობაზე უწოდეს დანი, მანამდე კი ქალაქს ლაიში ერქვა.

30. დაიდგეს ქანდაკი დანიანებმა. იმ მხარის გადასახლებამდე დანისტომელთა მღვდლები იყვნენ იონათანი, ძე გერშომისა, მენაშეს ძისა, თავად იგი და მისი შთამომავლები.

31. ედგათ მიქას გაკეთებული ქანდაკი მთელი ის ხანი, სანამ ღვთის სახლი სილოამში იყო.