ძველი აღთქმა

მსაჯულნი

თავი მეცხრამეტე

1. იმ ხანებში, როცა ისრაელს მეფე არ ჰყავდა, ერთი ლევიანი მდგმურობდა ეფრემის მთის კალთაზე. ხარჭა მოიყვანა ცოლად იუდას ბეთლემიდან.

2. გაშორდა მას ხარჭა, მამის სახლში წაუვიდა, იუდას ბეთლემში, და ოთხი თვე იქ იყო.

3. ადგა მისი ქმარი და ჩააკითხა, რომ შემოერიგებინა და შინ დაებრუნებინა. მსახური ბიჭი და ორი ვირი ახლდა თან. ხარჭამ იგი მამის სახლში შეიწვია. დაინახა ის ყმაწვილი ქალის მამამ და გახარებული შეეგება.

4. არ გაუშვა იგი სიმამრმა, ყმაწვილი ქალის მამამ, და დარჩა იქ კაცი სამი დღე. ჭამდნენ, სვამდნენ და იქვე ათევდნენ ღამეს.

5. მეოთხე დღეს დილაადრიანად ადგნენ. ადგა კაციც შინ წასასვლელად. უთხრა ყმაწვილი ქალის მამამ თავის სიძეს: ჯერ პური გატეხე, დანაყრდი და მერე წადი.

6. დასხდნენ ერთად ორივენი, ჭამეს და სვეს. უთხრა კაცს ყმაწვილი ქალის მამამ: დარჩი ამაღამ და მოილხინოს შენმა გულმა.

7. ადგა წასასვლელად, მაგრამ არ მოეშვა სიმამრი და იმ ღამითაც დარჩა კაცი.

8. მეხუთე დღეს დილაადრიან ადგა წასასვლელად. უთხრა ყმაწვილი ქალის მამამ: ჯერ დანაყრდით, შეიცადეთ, ვიდრე დღე გადაიხრებოდეს. ჭამეს ორთავემ და სვეს.

9. ადგა კაცი, რომ შინ წასულიყო თავის ხარჭასთან და მსახურ ბიჭთან ერთად. უთხრა სიმამრმა, ყმაწვილი ქალის მამამ: აჰა, დღე საღამოსკენ გადაიხარა, ამაღამაც დარჩით, დამდეთ ხათრი. დღე სადაცაა მიილევა. ეს ღამეც აქ გაითიე და მოილხინოს შენმა გულმა. დილით ადრიანად გაუდგებით გზას და მიხვალთ შინ.

10. მაგრამ კაცმა აღარ ისურვა ღამით დარჩენა, ადგა და წავიდა. იარა იებუსამდე, ახლა რომ იერუსალიმია. მიჰყავდა წყვილი კეხდადგმული ვირი და თავისი ხარჭა.

11. იებუსს რომ მიადგნენ, კარგა შესაღამოებული იყო. უთხრა მსახურმა ბიჭმა თავის ბატონს: შევიდეთ იებუსეველთა ქალაქში და ღამე მანდ გავათიოთ.

12. უთხრა ბატონმა: არა, ნუ შევალთ უცხო ქალაქში, სადაც ისრაელიანები არ სახლობენ. გიბყამდე მივიდეთ.

13. უთხრა თავის მსახურ ბიჭს: რომელიმე სხვა ადგილამდე მივიდეთ, გიბყაში ან რამაში გავათიოთ ღამე.

14. განაგრძეს გზა, იარეს და ბენიამინის გიბყის მახლობლად დაუღამდათ.

15. გაუხვიეს, რომ გიბყაში შესულიყვნენ და ღამე იქ გაეთიათ. მივიდა და ქალაქის მოედანზე დაჯდა, მაგრამ არავინ შეიპატიჟა შინ ღამის გასათევად.

16. აჰა, ერთი ბერიკაცი საღამოხანს ბრუნდება სამუშაოდან, ყანიდან; ეფრემის მთაში იყო დაბადებული და გიბყაში ცხოვრობდა. იმ ადგილის მკვიდრნი კი ბენიამინიანები იყვნენ.

17. გაიხედა და ქალაქის მოედანზე მგზავრი დაინახა. ჰკითხა ბერიკაცმა: საიდან მოსულხარ და სად მიდიხარ?

18. მან მიუგო: იუდას ბეთლემიდან ეფრემის მთაში მივდივართ, იქაური ვარ. სტუმრად ვიყავი იუდას ბეთლემში, ახლა კი უფლის სახლისაკენ მიდევს გზა, მაგრამ არავინ შემიპატიჟა შინ.

19. ჩალაც გვაქვს და საჭმელიც ჩვენი სახედრებისთვის. აგრეთვე პურ-ღვინო ჩემთვისაც და ამ შენი მხევლისთვისაც და ამ მსახური ბიჭისთვისაც, რომელიც შენს მორჩილთ გვახლავს. არაფერი გვჭირდება.

20. ბერიკაცმა უთხრა: მშვიდობა შენდა! ჩემზე იყოს, რაც გჭირდება, ოღონდ ქუჩაში ნუ გაათევ ღამეს.

21. შინ შეიყვანა და სახედრებს საკვები დაუყარა. მათ კი ფეხი დაიბანეს, ჭამეს და სვეს.

22. როცა გუნებაზე მოვიდნენ, აჰა, ქალაქის მცხოვრებნი, გარყვნილი ხალხი, გარს შემოერტყნენ სახლს, კარზე აბრახუნებდნენ და ეუბნებოდნენ ბერიკაცს, სახლის პატრონს: გამოგვიყვანე, შენს სახლში რომ კაცია მოსული, უნდა შევიცნოთო.

23. გავიდა მათთან სახლის პატრონი და უთხრა: არა, ძმებო, ნუ უზამთ ბოროტებას. ეს კაცი ჩემს სახლში სტუმრად შემოვიდა, ნუ ჩაიდენთ ამ უზნეობას.

24. აჰა, გასათხოვარი ქალი მყავს შინ, ამ კაცსაც ხარჭა ახლავს. გამოგიყვანთ, დაიმორჩილეთ და უყავით, რაც გენებოთ. ამ კაცთან ნუ ჩაიდენთ ამ უზნეობას.

25. მაგრამ მათ მისი გაგონებაც არ უნდოდათ. მაშინ ადგა კაცი და გამოუყვანა ქუჩაში თავისი ხარჭა. შეიცნეს იგი, მთელი ღამე დილამდე აუპატიურებდნენ მას. და ცისკარზე გაუშვეს.

26. წამოვიდა ქალი დილით, დაეცა იმ კაცის სახლის კართან, ვისთანაც მისი პატრონი იდგა, და დილამდე ეგდო.

27. ადგა დილით მისი პატრონი, გააღო სახლის კარი, გამოვიდა, რომ გზას გასდგომოდა, და, აჰა, კართან მისი ხარჭა აგდია, ზღურბლზე ხელებდაყრილი.

28. უთხრა: ადექი, წავიდეთო. მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. გადაჰკიდა სახედარს, ადგა და შინ წავიდა.

29. შინ რომ მივიდა, აიღო თავისი ხარჭა, თორმეტ ნაწილად, ასო-ასო დაჭრა და დაგზავნა ისრაელის ყველა კუთხეში.

30. ყოველი, ამის მნახველი, ამბობდა: მსგავსი არაფერი მომხდარა და არაფერი ნახულა ისრაელში იმ დღიდან მოკიდებული, რაც ისრაელიანები ეგვიპტიდან გამოვიდნენ, დღევანდელ დღემდეო. ჩაუკვირდით, ითათბირეთ და თქვით.