1. მოვიდა უფლის ანგელოზი გილგალიდან ბოქიმში და ბეთელში ისრაილის სახლთან და თქვა: ასე ამბობს უფალი: გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან და მოგიყვანეთ ამ ქვეყანაში, რომელიც თქვენს მამა-პაპას აღვუთქვი. ვუთხარი, არ დავარღვევ-მეთქი თქვენთან დადებულ აღთქმას უკუნისამდე.
2. ოღონდ ნუ შეკრავთ-მეთქი კავშირს ამ ქვეყნის ხალხთან, ნუ იწამებთ მათ ღმერთებს, დაამსხვრიეთ მათი კერპები, დაანგრიეთ-მეთქი მათი სამსხვერპლოები. თქვენ კი არ ისმინეთ ჩემი. ეს რა ჩაიდინეთ!
3. ამიტომაც გეუბნებით: მათ, ვის აყრასაც ვაპირებდი, აღარ ავყრი. აღარ ავყრი მათ თქვენგან, რომ ხუნდებად გექცნენ ისინი, მახედ გექცნენ მათი ღმერთები.
4. როცა უფლის ანგელოზები ამ სიტყვებს ეუბნებოდა ისრაელიანებს, ხმამაღლა ატირდა ხალხი.
5. ამიტომ უწოდეს იმ ადგილს სახელად ბოქიმი (მოტირალნი). მსხვერპლი შესწირეს იქ უფალს.
6. დაითხოვა იესომ ხალხი და წავიდ-წამოვიდნენ ისრაელიანები თავ-თავიანთ სახლებში, თავ-თავიანთ წილხვდომილ ქვეყნებში, რათა დაემკვიდრებინათ იგი.
7. უფალს ემსახურებოდა ერი იესოს მთელ სიცოცხლეში და უხუცესთა მთელ სიცოცხლეში, რომლებიც იესოს შემდგომ იყვნენ და ნანახი ჰქონდათ ყველა დიადი საქმე, ისრაელისათვის რომ აღასრულა უფალმა.
8. მოკვდა იესო, ნავეს ძე, უფლის მორჩილი, ას ათი წლისა,
9. და დამარხეს თავის წილხვდომილში, თიმნათ-სერახში, ეფრემის მთაზე, გაყაშის მთის ჩრდილოეთით.
10. მთელი ის თაობაც გადავიდა მამა-პაპასთან. მოვიდა სხვა თაობა რომელსაც არ გაეგონა უფალი, არც მისი საქმენი, ისრაელისთვის რომ აღასრულა.
11. უკუღმართად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის თვალში და ემსახურებოდნენ ბაალებს.
12. დაივიწყეს უფალი, თავიანთი მამა-პაპის ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა ისინი, მიიქცნენ უცხო ღმერთებისკენ, მეზობელ ხალხთა ღმერთებისაკენ და თაყვანს სცემდნენ მათ.
13. დაივიწყეს უფალი და ემსახურებოდნენ ბაალებსა და აშთორეთებს.
14. აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელიანთა მიმართ, ხელში ჩაუგდო ისინი მძარცველებს და აძარცვინა. ხელში ჩაუგდო გარშემორტყმულ მტერს და ვეღარ უმკლავდებოდნენ მათ.
15. სადაც არ უნდა წასულიყვნენ, ავბედითად წარმართავდა მათ უფლის ხელი, როგორც უთხრა მათ უფალმა და დაემუქრა მათ უფალი. დიდად შეაჭირვა ისინი.
16. დაუდგინა მათ უფალმა მსაჯულები, რომლებიც მძარცველებისაგან იფარავდნენ მათ.
17. მაგრამ არც მსაჯულებს უჯერებდნენ, უზნეობდნენ უცხო ღმერთების კვალზე, თაყვანს სცემდნენ მათ და მალევე უხვევდნენ იმ გზიდან, რომლითაც დადიოდა მათი მამა-პაპა, უფლის მცნებათა მორჩილი. ესენი იმათ მსგავსად არ იქცეოდნენ.
18. მას შემდეგ, რაც მსაჯულები დაუდგინა მათ უფალმა, უფალი იყო მსაჯულთან და მტრებისაგან იფარავდა მათ მსაჯულის სიცოცხლეში. რადგან ებრალებოდა ისინი უფალს, როცა ესმოდა, როგორ გმინავდნენ მჩაგვრელთა და შემავიწროებელთა ხელში.
19. მაგრამ მოკვდებოდა თუ არა მსაჯული, მამებზე უარესს ჩადიოდნენ, მიიქცეოდნენ უცხო ღმერთებისკენ, ემსახურებოდნენ და თაყვანს სცემდნენ მათ. არ ეშვებოდნენ თავიანთ ბოროტ საქმეს და ურჩობის გზას არ სტოვებდნენ.
20. აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელის მიმართ და თქვა მან: რაკი ამ ერმა უღალატა ჩემსა და მათ მამაპაპას შორის დადებულ აღთქმას და აღარ მიჯერებს,
21. აღარ ავყრი მათგან აღარცერთ ამ ხალხს, რომელიც აუყრელი დარჩა იესოს, როცა მოკვდა,
22. რათა გამოვცადო ისრაელი მათით, დაადგებიან თუ არა უფლის გზას და ივლიან თუ არა იმ გზით, როგორც მათი მამა-პაპა დადიოდა.
23. ამიტომ იყო, აუყრელი რომ დატოვა ეს ხალხები უფალმა, თავიდანვე რომ არ აჰყარა და არ ჩაუგდო ხელში იესოს.