ძველი აღთქმა

მსაჯულნი

თავი მეოცე

1. გამოვიდა მთელი ისრაელობა და შეიკრიბა საზოგადოება, როგორც ერთი კაცი, დანიდან ბეერ-შებამდე და გალაადის ქვეყანა უფლის წინაშე მიცფაში.

2. გაემზადნენ მთელი ერის თავკაცები და ისრაელის ყოველი ტომი საღვთო ერის შესაკრებელში - ოთხასი კაცი, მახვილის ამღები.

3. შეიტყვეს ბენიამინიანებმა ისრაელიანთა მისვლა მიცფაში. თქვეს ისრაელიანებმა: გვითხარით, როგორ მოხდა ეს ბოროტება?

4. უთხრა პასუხად ლევიანმა, მოკლული ქალის ქმარმა: ღამის გასათევად მივედი ბენიამინის გიბყაში ჩემს ხარჭასთან ერთად.

5. აღდგნენ გიბყელები ჩემზე, გარს შემოერტყნენ სახლს, საცა მე ვიდექი, და მოკვლას მიპირებდნენ. ხარჭა გამიუპატიურეს და მოკვდა იგი.

6. წამოვასვენე ჩემი ხარჭა, ასო-ასო დავჭერი და ისრაელის ყველა წილხვედრილ მხარეში დავგზავნე, რადგან ურჯულო და სამარცხვინო საქმე მოახდინეს ისრაელში.

7. აჰა, ყველამ, მთელმა ისრაელობამ, განიხილოს და აქვე გადაწყვიტოს ეს საქმე.

8. ერთი კაცივით აღდგა მთელი ერი და თქვა: არც ერთი ჩვენთაგანი არ წავიდეს თავის კარავში, არავინ დაბრუნდეს შინ.

9. აი, რა უნდა ვუყოთ დღეს გიბყას: წილისყრით უნდა გავილაშქროთ მასზე.

10. ისრაელის თითოეულ ტომში ასიდან ათი კაცი შევარჩიოთ, ათასიდან ასი, ათი ათასიდან ათასი და საგზალი მოვატანინოთ მათთვის, ვინც ბენიამინის გიბყაზე გაილაშქრებს, რათა დასაჯოს იგი სამარცხვინო საქმის გამო, რომელიც მოახდინა ისრაელში.

11. ერთი კაცივით ერთპირად შეიკრიბა ქალაქის წინააღმდეგ ყველა ისრაელიანი.

12. გაგზავნეს კაცები ისრაელის ტომებმა ბენიამინის მთელს ტომში და შეუთვალეს: ეს რა ბოროტება მომხდარა თქვენში.

13. ახლა მოგვეცით ის წამხდარი ხალხი, გიბყაში რომ გყოლიათ, სიკვდილით დავსჯით მათ და აღმოვფხვრით ბოროტებას ისრაელიდან. მაგრამ ბენიამინიანებმა არ შეისმინეს თავიანთ მოძმეთა, ისრაელიანთა სიტყვა.

14. გიბყაში შეიკრიბნენ ბენიამინელები თავ-თავიანთი ქალაქებიდან, რათა ომი გაემართათ ისრაელიანებისთვის.

15. აღირიცხა იმ დღეს ქალაქებიდან შემოკრებილი ბენიამინიანები - ოცდაექვსი ათასი კაცი, იარაღის ამღები. მათ გარდა გიბყელთაგან შვიდასი რჩეული ვაჟკაცი აღირიცხა.

16. მთელი აძ ხალხიდან შვიდასი რჩეული ვაჟკაცი ცაცია იყო, თითოეულ მათგანს ბეწვისთვის რომ ესროლა შურდულით ქვა, არ აუცდებოდა.

17. ისრაელიანები, ბენიამინიანთა გამოკლებით, ოთხასი ათასი კაცი აღირიცხა, მახვილის ამღები. ყოველ იმათგანი მეომარი იყო.

18. ადგნენ და მივიდნენ ღვთის სახლში. ჰკითხეს ღმერთს ისრაელიანებმა: რომელი ჩვენგანი გავიდეს პირველი ბენიამინიანებთან საომრად? უთხრა უფალმა: პირველი იუდა გავიდეს.

19. დილით ადგნენ ისრაელიანები და გიბყის მახლობლად დაბანაკდნენ.

20. გამოვიდნენ ისრაელიანები ბენიამინიანებთან საომრად. დადგნენ საბრძოლოდ წყობით გიბყის ახლოს.

21. გამოვიდნენ ბენიამინიანები გიბყიდან და გაანადგურეს ოცდაორი ათასი ისრაელიანი იმ დღეს.

22. მაგრამ მხნეობა მოიკრიბა ისრაელის ერმა და კვლავ დადგა საბრძოლოდ წყობით იმ ადგილას, სადაც წინადღით იდგა.

23. წავიდნენ ისრაელიანები, საღამომდე ტიროდნენ უფლის წინაშე და ეკითხებოდნენ უფალს: ისევ გავიდე ჩემს ძმასთან, ბენიამინთან საბრძოლველად? უფალმა უთხრა: გაილაშქრეთ მასზე.

24. კვლავ შემოადგნენ ისრაელიანები ბენიამინიანებს მეორე დღეს.

25. გამოვიდა მათ წინააღმდეგ ბენიამინი გიბყიდან მეორე დღეს და კვლავ გაანადგურა ისრაელიანები, თვრამეტი ათასი კაცი მახვილის ამღები.

26. გაემართა მაშინ მთელი ისრაელიანობა, მთელი ერი, მივიდა ბეთლემში და შესტიროდა უფალს, იჯდა და საღამომდე მარხულობდა, აღსავლენ და სამადლობელ მსხვერპლს სწირავდა უფალს.

27. ჰკითხეს ისრაელიანებმა უფალს (იმ ხანებში ღვთის აღთქმის კიდობანი იქ ესვენა,

28. და ფინხასი, ძე ელეაზარისა, აარონის ძისა, იყო მის წინამდგომლად): ისევ გავიდე ჩემს ძმასთან, ბენიამინთან, საბრძოლველად? უთხრა უფალმა: გაილაშქრეთ, რადგან ხვალ ხელში ჩაგაგდებინებთ მას.

29. ჩასაფრდა ისრაელი გიბყის ირგვლივ.

30. გაილაშქრეს ისრაელიანებმა ბენიამინიანებზე მესამე დღეს და წინანდებურად საბრძოლო წყობით განლაგდნენ გიბყის წინ.

31. გამოვიდნენ ბენიამინიანები ერის წინააღმდეგ და შორს გასცდნენ ქალაქს; იწყეს უწინდებურად ხალხის ხოცვა გზებზე, რომელთაგანაც ერთი ბეთელში მიდის, მეორე კი - გიბყაში ყანებზე, და ოცდაათამდე ისრაელიანი დახოცეს.

32. თქვეს ბენიამინიანებმა: უწინდებურად ეცემიან ჩვენს წინაშე. ისრაელიანებმა კი თქვეს: უკუვიქცეთ მათგან და ქალაქიდან გზებზე გავიტყუოთ.

33. ადგნენ ისრაელიანები თავ-თავიანთი ადგილებიდან და ბაალ-თამარში განლაგდნენ. ჩასაფრებული ისრაელიანებიც გამოვიდნენ თავ-თავიანთ ადგილებიდან გიბყის ველზე.

34. მიადგა გიბყას მთელი ისრაელის ათი ათასი რჩეული ვაჟკაცი და სასტიკი ბრძოლა გაიმართა. მაგრამ ბენიამინიანებმა არ იცოდნენ, რომ უბედურება ელოდათ.

35. დაამარცხა უფალმა ბენიამინი ისრაელიანთა წინაშე და იმ დღეს ისრაელიანებმა ოცდახუთი ათას ასი კაცი გაანადგურეს ბენიამინიანთაგან, მახვილის ამღები.

36. დაინახეს ბენიამინიანებმა, რომ დამარცხდნენ. ისრაელიანებმა ადგილი უტიეს ბენიამინიანებს, რადგან ჩასაფრებულთა იმედი ჰქონდათ, მათი, ვინც გიბყის ახლოს ჩაასაფრეს.

37. ჩასაფრებულები გაეჩქარნენ გიბყისკენ, შეიჭრნენ და მახვილით მოსრეს მთელი ქალაქი.

38. ისრაელიანებს ნიშანი ჰქონდათ ჩასაფრებულებთან დათქმული - ქალაქზე ავარდნილი დიდი კვამლი.

39. დაიხიეს ბრძოლის ველიდან ისრაელიანებმა, ბენიამინი კი მუსრს ავლებდა ისრაელიანებს, გაწყვიტა ოცდაათამდე კაცი, თქვა: ისევ ეცემიან ჩვენს წინაშე როგორც ამასწინდელი ბრძოლების დროსო,

40. და სწორედ მაშინ აღიმართა ქალაქზე კვამლის სვეტი. მოიხედა ბენიამინმა და, აჰა, ცაში მიდის მთელი ქალაქი.

41. გამობრუნდნენ ისრაელიანები, ბენიამინი კი შედრკა, რადგან დაინახა, რომ უბედურება დაატყდა.

42. გაექცნენ ისრაელიანებს უდაბნოს გზაზე, მაგრამ ლაშქარი ბრძოლით მისდევდა მათ და ქალაქებიდან გამოსულებიც ხოცავდნენ გზადაგზა.

43. შემოეჯარნენ ბენიამინს, მანუხამდე სდიეს და ჟლიტეს გიბყამდე, აღმოსავლეთით.

44. დაეცა ბენიამინიანთაგან თვრამეტი ათასი კაცი, მაგარი ვაჟკაცები.

45. გადარჩენილნი მიუბრუნდნენ და უდაბნოსკენ, რიმონის კლდისკენ გაიქცნენ, გზადაგზა კიდევ ხუთი ათასი კაცი დახოცეს ისრაელიანებმა, გიდომამდე სდიეს და კიდევ ორი ათასი კაცი დახოცეს.

46. მთლიანად კი იმ დღეს ოცდახუთი ათასი ბენიამინიანი დაეცა, მახვილის ამღები. ყველა მათგანი მაგარი ვაჟკაცი იყო.

47. გადარჩენილი ექვსასი კაცი გაბრუნდა და უდაბნოში, რიმონის კლდისკენ გაიქცა და იყვნენ იქ, რიმონის კლდეებში, ოთხი თვე.

48. კვლავ მიუბრუნდნენ ისრაელიანები ბენიამინიანებს და მახვილით მოსრეს ქალაქში მყოფი ხალხიც და პირუტყვიც, ყველაფერი, რაც იქ დახვდათ, და ყველა ქალაქი, რაც კი იყო, ცეცხლს მისცეს.