ძველი აღთქმა

მსაჯულნი

თავი ოცდამეერთე

1. ფიცი დადეს ისრაელიანებმა მიცფაში და თქვეს: არც ერთმა ჩვენთაგანმა არ მიათხოვოს თავისი ასული ბენიამინიანს.

2. მივიდა ხალხი ბეთელში, საღამომდე ისხდნენ იქ ღვთის წინაშე, მაღალი ხმით მოთქვამდნენ და მწარედ ტიროდნენ.

3. ამბობდნენ: უფალო, ისრაელის ღმერთო, რად მოხდა ისეთი რამ ისრაელში, რომ დღეს მთელი ერთი შტო გამოაკლდა ისრაელს?

4. მეორე დღეს დილაადრიან ადგა ხალხი, ააგო იქ სამსხვერპლო, და აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი მიიტანა.

5. თქვეს ისრაელიანებმა: ვინ არ მოვიდა შესაკრებელში უფლის წინაშე ისრაელის შტოთაგან? რადგან დიდი წყევლა ჰქონდათ წარმოთქმული, სიკვდილით უნდა დასჯილიყო, ვინც არ გამოცხადდებოდა. უფლის წინაშე მიცფაში.

6. შეებრალათ ისრაელიანებს ბენიამინი, თავიანთი ძმა და თქვეს: მთელი ერთი შტო მოიკვეთა დღეს ისრაელიდან.

7. რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ დანარჩენებთან ცოლების თაობაზე, აკი უფალი დავიფიცეთ, რომ ჩვენს ასულებს არ გავათხოვებთო მათზე?

8. თქვეს: ვინმე ხომ არ დარჩა მოუსვლელი ისრაელის შტოთაგან უფლის წინაშე მიცფაში? აჰა, თურმე არავინ იყო მოსული გალაადის იაბეშიდან უფლის წინაშე ბანაკში, შესაკრებელში.

9. შეამოწმეს ხალხი, და აჰა, არავინ იყო იქ გალაადის იაბეშიდან.

10. გაგზავნა მათთან საზოგადოებამ თორმეტი ათასი კაცი, მაგარი ვაჟკაცები, უბრძანა: წადით და დედაწულიანად მახვილით მოსრეთ გალაადის იაბეშის მკვიდრნი.

11. ასე ჰქენით: ყოველი მამაკაცი და მამაკაცთან ნაწოლი ყოველი ქალი მოკალით.

12. ნახეს გალაადის მკვიდრთა შორის მამაკაცის საწოლის უნახავი ოთხასი ქალწული და მიიყვანეს ბანაკში, სილოამში, რომელიც ქანაანის მხარეშია.

13. კაცები - დაგზავნა მთელმა საზოგადოებამ, რომ მოლაპარაკებოდა რიმონის კლდეში მყოფ ბენიამინიანებს და ზავი გამოეცხადებინათ მათთვის.

14. დაბრუნდნენ მაშინ ბენიამინიანები და მისცეს ისრაელიანებმა ქალები, რომლებიც ცოცხალი დატოვეს გალაადის იაბეშის ქალთაგან, მაგრამ არ შეხვდა ყველას.

15. ნანობდა ხალხი ბენიამინის გამო, რომ დაანაკლისა უფალმა ისრაელი.

16. თქვეს საზოგადოების უხუცესებმა: როგორ მოვიქცეთ დარჩენილებთან ცოლების თაობაზე, რადგან ქალები ამოუწყდნენ ბენიამინს.

17. თქვეს: მემკვიდრეობა მიეცეს დარჩენილ ბენიამინიანებს, რომ შტო არ გაქრეს ისრაელიდან.

18. მაგრამ ჩვენს ასულებს ვერ მივათხოვებდი, რადგან ფიცი დასდეს ისრაელიანებმა და თქვეს: წყეული იყოს, ვინც ქალი მისცეს ბენიამინს.

19. თქვეს: აჰა, ყოველ წელიწადს საუფლო დღესასწაული იმართება სილოამში, რომელიც ბეთელის ჩრდილოეთით, ბეთელ-შექემის გზის აღმოსავლეთით. და ლებონის სამხრეთით მდებარეობს.

20. უბრძანეს ბენიამინიანებს: წადით და ვენახებში ჩასაფრდით.

21. თვალი გეჭიროთ და, როცა საფერხულოდ გამოვლენ სილოამელი ქალიშვილები, თქვენც გამოდით, თითოეულმა თითო საცოლე გაიტაცეთ სილოამელ ქალიშვილთაგან, და დაბრუნდით ბენიამინის მხარეში.

22. როცა მათი მამები ან ძმები საჩივლელად მოვლენ ჩვენთან, ჩვენ ვეტყვით: მიუტევეთ, რადგან ძალით წაიყვანეს ქალები, როგორც ომის დროს ხდება. ნებით რომ მოგეცათ, დამნაშავენი იქნებოდით.

23. ბენიამინიანები ასეც მოიქცნენ: თითოეულმა თითო საცოლე გაიტაცა მეფერხულეთაგან და ითხოვეს. მერე წავიდნენ და დაბრუნდნენ თავიანთ წილხვდომილში, ააშენეს ქალაქები და ცხოვრობდნენ შიგ.

24. მაშინ წავიდ-წამოვიდნენ იქიდან ისრაელიანები. თითოეული თავის შტოში და საგვარეულოში, ყველა თავის წილხვედრში დაბრუნდა იქიდან.

25. იმ დროში მეფე არა ჰყავდა ისრაელს, ვის როგორ უნდოდა, ისე იქცეოდა.