ძველი აღთქმა

მსაჯულნი

თავი მესამე

1. აი, ის ხალხები, აუყრელი რომ დატოვა უფალმა, რათა გამოეცადა მათით ისრაელიანება, ყველანი, ვინც ვერცერთ ქანაანურ ომს ვერ შეესწრო.

2. მხოლოდ იმისთვის, რომ შესწრებოდნენ და ესწავლათ ომი ისრაელიანთა შემდგომ თაობებს, რომლებიც უწინდელ ომებს ვერ შეესწრნენ:

3. ფილისტიმელთა ხუთი სამთავრო და ყველა ქანაანელი, ციდონელი და ხივიელი, ლიბანის მთიანეთში რომ ცხოვრობენ, ბაალ-ხერმონის მთიდან ხამათამდე.

4. სურდა გამოეცადა ისრაელიანები მათით, ენახა დაიცავდნენ თუ არა უფლის მცნებებს, მოსეს პირით რომ ამცნო მათ მამა-პაპას.

5. ცხოვრობდნენ ისრაელიანები ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ფერიზელთა, ხივიელთა და იებუსეველთა შორის.

6. ირთავდნენ მათ ქალებს, ათხოვებდნენ თავიანთ ქალებს მათ ვაჟებზე და ემსახურებოდნენ მათ ღმერთებს.

7. უკუღმართად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის თვალში, დაივიწყეს უფალი, თავიანთი ღმერთი, და ემსახურებოდნენ ბაალებსა და აშერებს.

8. რისხვით აღიგზნო უფალი ისრაელის მიმართ, ხელში ჩაუგდო ისინი ქუშან-რიშთაიმს, არამის ორმდინარეთის მეფეს, და მორჩილებდნენ ისრაელიანები ქუშან-რიშთაიმს რვა წელი.

9. მაშინ შეჰღაღადეს ისრაელიანებმა უფალს და უფალმა გამოუჩინა მათ მხსნელი, რომელმაც იხსნა ისინი: ღოთენიელი, ქალების უმცროსი ძმის, კენაზის ძე.

10. უფლის სული იყო მასზე და გახდა იგი ისრაელის მსაჯული. გავიდა სალაშქროდ და ხელში ჩაუგდო უფალმა ქუშან-რიშთაიმი, არამის მეფე. სძლია მისმა ხელმა ქუშან-რიშთაიმს.

11. დაისვენა ქვეყანამ ორმოცი წელი. მერე მოკვდა ღოთენიელი, კენაზის ძე.

12. კვლავ უკუღმართად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის თვალში და ამძლავრა უფალმა ისრაელზე ყეგლონი, მოაბის მეფე, რადგან უკუღმართად იქცეოდნენ ისინი უფლის თვალში.

13. შემოიკრიბა მთელი ყამონი და ყამალეკი, დაიძრა, დაამარცხა ისრაელი და აიღო ფინიკ-ქალაქი.

14. მორჩილებდნენ ისრაელიანები ყეგლონს, მოაბის მეფეს თვრამეტი წელი.

15. მაშინ შეჰღაღადეს ისრაელიანებმა უფალს და გამოუჩინა მათ უფალმა მხსნელი აჰუდ გერას ძე, ბენიამინელი, ცაცია კაცი. ხარკი გაატანეს მას ისრაელიანებმა ყეგლონთან, მოაბის მეფესთან.

16. ორლესული ერთწყრთიანი მახვილი გააკეთებინა აჰუდმა და წამოსასხამქვეშ შეიბა მარჯვენა თეძოსთან.

17. მივიდა და მიართვა ხარკი ყეგლონს, მოაბის მეფეს. ძალზე მსუქანი კაცი იყო ყეგლონი.

18. როგორც კი ძღვენი მოართვეს, უკან გაისტუმრა ძღვენის მომტანნი.

19. თავად გილგალის საკერპოდან გამობრუნდა და უთხრა: საიდუმლო სიტყვა მაქვს შენთან, მეფეო! ბრძანა ყეგლონმა: ჩუმად! და ყველა კარისკაცი გარეთ გაიკრიფა.

20. შევიდა აჰუდი მასთან. საგრილობელ ოთახში იჯდა, ცალკე რომ ჰქონდა ზემო სართულზე. უთხრა აჰუდმა: უფლის სიტყვა მაქვს სათქმელი შენთვის! და წამოიმართა ტახტიდან ყეგლონი მის დანახვაზე.

21. და როგორც კი წამოიმართა, გაიკრა აჰუდმა მარცხენა ხელი, იძრო მარჯვენა თეძოსთან შებმული მახვილი და მუცელში აძგერა.

22. ვადიანად ჩაეფლო შიგ მახვილი და ქონმა გადაფარა ვადა, რადგან მუცელშივე ჩაატოვა მახვილი, რომელსაც მეორე მხარეს გაეწვერა.

23. მერე ტალანში გამოვიდა აჰუდი, გამოიხურა და ჩაკეტა ოთახის კარი.

24. როგორც კი გავიდა, მოვიდნენ მისი მსახურებიც და, აჰა, ჩაკეტილი დახვდათ ოთახის კარი. თქვეს: მოსასაქმებლად შეიკეტებოდაო საგრილობელ ოთახში.

25. კარგა ხანს უცადეს და, როცა ნახეს, არავინ აღებდა ოთახის კარს, კლიტე მოარგეს, გააღეს და რას ხედავენ: მკვდარი აგდია ძირს მათი ბატონი.

26. სანამ გონს მოეგებოდნენ, აჰუდმა სამშვიდობოს გამოაღწია, არავის გახსენებია იგი. გამოსცდა საკერპოს და თავი სეყირს შეაფარა.

27. მოსვლისას ბუკსა ჰკრა ეფრემის მთაში, ჩამოიყვანა მთიდან ისრაელიანები და წინ წაუძღვა.

28. უთხრა: მომყევით, რადგან ხელში ჩაგიგდოთ უფალმა მოაბელები, თქვენი მტრები! გაჰყვნენ და გადაუჭრეს მოაბელებს იორდანეზე გადასასვლელი ფონი და არავინ გაატარეს.

29. ათი ათასამდე მოაბელი დახოცეს იმჟამად, ყველანი ბრგე და ძლიერნი, თავს ვერავინ უშველა.

30. დაემორჩილა იმ დღეს მოაბი ისრაელს და დაისვენა ქვეყანამ ოთხმოცი წელი. სიკვდილამდე ისრაელის მსაჯული იყო აჰუდი.

31. მის შემდეგ იყო შამგარი, ყანათის ძე, სახრით რომ დახოცა ექვსასი ფილისტიმელი, და მანაც იხსნა ისრაელი.