ძველი აღთქმა

მსაჯულნი

თავი მეოთხე

1. აჰუდის სიკვდილის შემდეგაც უკუღმართად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის თვალში.

2. და უფალმა ხელში ჩაუგდო ისინი იაბინს, ქანაანის მეფეს, რომელიც ხაცორში მეფობდა და მხედართმთავრად ჰყავდა სისარა, რომელიც ხაროშეთ-გოიმში ცხოვრობდა.

3. შეჰღაღადეს ისრაელიანებმა უფალს, რადგან იაბინს ცხრაასი დარკინული ეტლი ჰქონდა და სასტიკად ჩაგრავდა ისრაელიანებს ოცი წელი.

4. იმჟამად ისრაელის მსაჯული იყო წინასწარმეტყველი დებორა, ლაპიდოთის ცოლი.

5. დებორას ფინიკის ქვეშ ცხოვრობდა იგი, რამასა და ბეთელს შორის, ეფრემის მთაში, და მიდიოდნენ ისრაელიანები მასთან რჯულის საქმეზე.

6. კაცები გაგზავნა და ნაფთალის კადეშიდან დაიბარა ბარაკი, აბინოყამის ძე და უთხრა ასე: გიბრძანებს უფალი, ისრაელის ღმერთი: ადექი და ადი თაბორის მთაზე, თან ათი ათასი კაცი წაიყვანე ნაფთალიანთაგან და ზებულონიანთაგან,

7. ხოლო მე კიშონის ხევთან მოგგვრი იაბინის მხედართმთავარს სისარას თავისი ეტლებითა და ურიცხვი ლაშქრითურთ და ხელში ჩაგაგდებინებ.

8. ბარაკმა უთხრა: თუ წამომყვები, წავალ, თუ არ წამომყვები, არ წავალ, რადგან არ ვიცი, რა დღეს მომივლენს უფალი თავის ანგელოზს.

9. დებორამ უთხრა: წამოყოლით წამოგყვები, ოღონდ იცოდე, შენი აღარ იქნება დიდება ამ გზაზე, რომლითაც მიდიხარ, რადგან უფალი დიაცის ხელში ჩააგდებს სისარას. ადგა დებორა და წაჰყვა ბარაკს კადეშში.

10. დაიბარა ბარაკმა კადეშში ზებულონი და ნაფთალი, წაიყვანა ათი ათასი კაცი და წაჰყვა დებორაც.

11. ქებერ კენიელი ცალკე გამოჰყოფოდა კენიელებს, მოსეს მოყვრის ქობაბის შთამომავლებს, და ცაყანამის მუხნარში გაეშალა კარვები, კადეშის მახლობლად.

12. შეატყობინეს სისარას, რომ ბარაკ აბინოყამის ძე თაბორის მთაზე იყო ასული.

13. ხაროშეთ-გოიმიდან კიშონის ხევთან იხმო სისარამ მთელი თავისი ეტლიონი, ცხრაასი დარკინული ეტლი და მთელი ხალხი, რაც კი ჰყავდა.

14. უთხრა დებორამ ბარაკს: გაემზადე, რადგან მოვიდა ის დღე, როცა უფალი ხელში ჩაგიგდებს სისარას. თვითონ გიწინამძღვრებს უფალი. ჩამოვიდა ბარაკი მთიდან და ჩამოჰყვა ათი ათასი კაცი.

15. უფალმა დააფრთხობინა მახვილის პირით ბარაკის წინაშე სისარა, მთელი მისი ეტლიონი და მთელი მისი ლაშქარი. გადმოხტა სისარა ეტლიდან და ფეხით გაიქცა.

16. ხაროშეთ-გოიმამდე სდია ბარაკმა მის ეტლიონსა და ლაშქარს. მახვილით გაიწყვიტა სისარას მთელი ლაშქარი, კაციშვილი არ გადარჩენილა.

17. თვითონ სისარა ფეხით გაიქცა იაყელის, ხებერ კენიელის ცოლის კარვისაკენ, რადგან ხაცორის მეფეს იაბინსა და ხებერ კენიელის სახლს შორის მშვიდობა სუფევდა.

18. გამოეგება იაყელი სისარას და უთხრა: მობრძანდი ბატონო, შემობრძანდი ჩემთან, შიში ნურაფრის გექნება. შეიყვანა კარავში და ხალქვეშ დამალა.

19. უთხრა სისარამ: ცოტა წყალი მომიტანე და დამალევინე, რადგან მწყურია. გაუხსნა ქალმა რძით სავსე ტიკი, დაალევინა და ისევ წააფარა ხალი.

20. უთხრა სისარამ: კარვის კართან დადექი, თუ ვინმემ ჩამოიაროს და გკითხოს, ვინმე ხომ არ არისო მანდ, მიუგე არა-თქო.

21. იაყელმა, ხებერის ცოლმა აიღო კარვის პალო, ხელში ურო დაიკავა, ფეხაკრეფით მიეპარა სისარას და ისე ჩაურჭო პალო საფეთქელში, რომ მიწას დააჭედა. მას კი დაღლილ-დაქანცულს ჩასძინებოდა, და მოკვდა.

22. აჰა, მოდის ბარაკი სისარას კვალზე. გაეგება იაყელი და უთხრა: შემობრძანდი, გიჩვენო ის კაცი, შენ რომ ეძებ. შევიდა და, აჰა, მკვდარი აგდია სისარა, პალო აქვს გარჭობილი საფეთქელში.

23. იმ დღეს დაუმორჩილა ღმერთმა ისრაელიანებს იაბინი, ქანაანის მეფე. თანდათან დამძიმდა ისრაელიანთა ხელი იაბინზე, ქანაანის მეფეზე, ვიდრე სრულად არ დაღუპეს იაბინი, ქანაანის მეფე.