ძველი აღთქმა

მსაჯულნი

თავი მეექვსე

1. უკუღმართად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის თვალში და უფალმა მიდიანის ხელში ამყოფა ისინი შვიდ წელიწადს.

2. დამძიმდა მიდიანის ხელი ისრაელზე, იხიზნებოდნენ ისრაელიანები მიდიანისგან მთებში, გამოქვაბულებში და მიუვალ ადგილებში.

3. როგორც კი მოამთავრებდა ისრაელი ხვნა-თესვას, მოვიდოდნენ მიდიანი, ყამალეკი, კედემიანები და მოედებოდნენ ისრაელს.

4. ჩამოსახლდებოდნენ მათ მიწაზე, გააჩანაგებდნენ მთელ მოსავალს ღაზამდე, აღარაფერს უტოვებდნენ ისრაელს თავის სარჩენად, არც ცხვარს, არც ძროხას, არც სახედარს.

5. მოდიოდნენ ჯოგებიან-კარვებიანად, მოდიოდნენ კალიასავით ურიცხვნი, თვლა აღარ ჰქონდათ არც მათ და არც მათ აქლემებს. შეესეოდნენ და აჩანაგებდნენ ისრაელის ქვეყანას.

6. მთლად გაღატაკდა ისრაელი მიდიანის გამო და შეჰღაღადეს ისრაელიანებმა უფალს.

7. და როცა შეჰღაღადეს ისრაელიანებმა უფალს მიდიანის გამო,

8. მოუვლინა უფალმა ისრაელიანებს წინასწარმეტყველი, რომელმაც უთხრა მათ: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან, გამოგიყვანეთ მონობის სახლიდან,

9. დაგიხსენით ეგვიპტელის ხელთაგან და ყველა თქვენი მჩაგვრელის ხელთაგან, განვდევნე ისინი თქვენგან და მათი ქვეყანა თქვენ მოგეცით.

10. თან გითხარით: მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. არ იწამოთ ღმერთები ამორეველებისა, ვის მიწაზეც ცხოვრობთ, მაგრამ არ შეისმინეთ ჩემი.

11. მოვიდა უფლის ანგელოზი და დაჯდა აბიყეზრელი იოაშის ბელეკონქვეშ, ყოფრაში. მისი ვაჟი გედეონი საწნახელში ცეხვავდა ხორბალს, მიდიანისგან ფარულად.

12. გამოეცხადა უფლის ანგელოზი და უთხრა: უფალი შენთანაა, მაგარო ვაჟკაცო!

13. უთხრა გედეონმა: ვაგლახ, ჩემო ბატონო, უფალი რომ ჩვენთან იყოს, ეს უბედურება რატომ დაგვემართებოდა. სადღაა მთელი მისი სასწაულები, ჩვენი მამები რომ გვიყვებოდნენ და გვეუბნებოდნენ: უფალი იყო, ეგვიპტიდან რომ გამოგვიყვანაო. ახლა მიგვატოვა უფალმა და მიდიანის ხელში ჩაგვაგდო.

14. მიუბრუნდა მას უფალი და უთხრა: წადი მაგ შენი ძალით და იხსენი ისრაელი მიდიანის ხელთაგან. ხომ მე გაგზავნი!

15. უთხრა გედეონმა: ვაგლახ, ბატონო, მე როგორ უნდა ვიხსნა ისრაელი! ჩემი საგვარეულო ყველაზე მცირეა მენაშეში, მე კი მამაჩემის სახლში ყველაზე უმცროსი ვარ.

16. უთხრა უფალმა: მე ვიქნები შენთან და ისე სძლევ მიდიანს, როგორც ერთ კაცს.

17. უთხრა გედეონმა: თუ მადლი ვპოვე შენს თვალში, ნიშანი რამ მომეცი, რომ შენ მელაპარაკები.

18. ნუ წახვალ აქედან ჩემს მოსვლამდე, ვიდრე ძღვენს გამოვიტანდე და მოგართმევდე. უთხრა: შენს დაბრუნებამდე აქ მოვიცდი.

19. წავიდა გედეონი, თიკანი და ერთი ეფა ფქვილის ხმიადები დაამზადა, ხორცი კალათაში ჩააწყო, წვენი ქოთანში ჩაასხა, მიიტანა ბელეკონქვეშ და მიართვა.

20. უთხრა უფლის ანგელოზმა: აიღე ხორცი და ხმიადები, მანდ, ქვაზე დააწყვე და ზედ წვენი გადაასხი. ასეც მოიქცა.

21. გაიშვირა უფლის ანგელოზმა კვერთხი, რომელიც ხელთ ეპყრა, და მისი წვერი ხორცსა და ხმიადებს შეახო, ავარდა ქვიდან ცეცხლი და შთანთქა ხორცი და ხმიადები. მერე თვალს მიეფარა უფლის ანგელოზი.

22. მიხვდა გედეონი რომ ეს უფლის ანგელოზი იყო. თქვა გედეონმა: ვაი ჩემს თავს, უფალო, რადგან უფლის ანგელოზი პირისპირ ვიხილე!

23. უფალმა უთხრა: მშვიდობა შენდა, ნუ გეშინია, არ მოკვდები.

24. სამსხვერპლო აუგო იქ უფალს გედეონმა და უწოდა მშვიდობის უფალი. იგი დღემდე დგას აბიყეზრელის ყოფრაში.

25. უთხრა უფალმა იმ ღამით გედეონს: წამოიყვანე მამაშენის ჯოგიდან მოზვერი და მეორე მოზვერი, შვიდწლიანი. დაანგრიე ბაალის სამსხვერპლო, რომელიც მამაშენს უდგას, და მის გვერდით რომ აშერაა, აჩეხე.

26. აუგე უფალს, შენს ღმერთს, რიგიანი სამსხვერპლო ამ კვრივის თავში. მერე აიღე და დაწვი მეორე მოზვერი აღსავლენ მსხვერპლად იმ აშერას ხით, რომელსაც აჩეხავ.

27. წამოიყვანა გედეონმა ათი კაცი თავის მსახურთაგან და ისე მოიქცა, როგორც უფალმა უბრძანა, მაგრამ თავის შინაურთა და ქალაქის მკვიდრთა შიშით ვერ გაბედა დღისით გაეკეთებინა ეს საქმე და ღამით გააკეთა.

28. აღდგნენ დილით ქალაქის მკვიდრნი და რას ხედავენ: ბაალის სამსხვერპლო დანგრეულია, გვერდით რომ აშერა იყო, აჩეხილია და აღსავლენი მოზვერი იწვის ახალაგებულ სამსხვერპლოზე.

29. უთხრეს ერთმანეთს: ვინ ჩაიდინა ეს საქმე? მიმოდგნენ, გამოიკითხეს და თქვეს: გედეონს ჩაუდენია, იოაშის ძეს.

30. უთხრეს ქალაქის მკვიდრებმა იოაშს: გამოგვიყვანე შენი ვაჟი, სიკვდილით უნდა დაისაჯოს, რადგან დაუნგრევია ბაალის სამსხვერპლო და გვერდით რომ აშერა იყო, აუჩეხავს.

31. უთხრა იოაშმა ყველას, ვინც მას მიუხდა: რა თქვენი დასაცავია ბაალი, რა თქვენი საპატრონოა? მისი დამცველი ამ დილითვე სიკვდილით დაისჯება. თუ ღმერთია, თავად დაიცვას თავი, რადგან გედეონის დანგრეულია მისი სამსხვერპლო.

32. უწოდეს იმ დღიდან იერობაალი, რადგან თქვეს: თავად გაუსწორდეს ბაალი თავისი სამსხვერპლოს დანგრევისთვის.

33. შეიყარა იმჟამად მთელი მიდიანი, ყამალეკი და კედემიანები, გადმოლახეს მდინარე და იზრეყელის ველზე დაბანაკდნენ.

34. უფლის სულმა მოიცვა გედეონი, ბუკსა ჰკრა და გამოვიდნენ აბიყეზერელები მის დაძახილზე.

35. კაცები დაგზავნა მთელ მენაშეს ტომში და გამოვიდნენ ისინი მის დაძახილზე. კაცები გაუგზავნა აშერს, ზებულონსა და ნაფთალისაც და ისინიც გამოვიდნენ მათ შესახვედრად.

36. უთხრა გედეონმა ღმერთს: თუ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს, როგორც მეუბნებოდი,

37. მაშინ საწმისს გავშლი კალოზე: თუ ცვარი მხოლოდ საწმისზე იდება, მთელი მიწა კი მშრალი იქნება, ვირწმუნებ, რომ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს, როგორც მეუბნებოდი.

38. ასეც მოხდა: მეორე დღეს დილაადრიან ადგა, გაწურა საწმისი და მთელი თასი წყალი გამოადინა.

39. უთხრა გედეონმა უფალს: ნუ შემრისხავ, მინდა ამ ერთხელ კიდევ მოგმართო და ამ ერთხელ კიდევ ვსინჯო საწმისი. მხოლოდ საწმისი იყოს მშრალი, მთელ მიწაზე კი ცვარი იდოს.

40. ასეც მოახდინა იმ ღამით ღმერთმა: მხოლოდ საწმისი იყო მშრალი, მთელ მიწაზე კი ცვარი იდო.